საქმე # 020100122005542397
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№908აპ-22 ქ. თბილისი
კ. ლ. 908აპ-22 24 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ლ. კ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ოთხი ეპიზოდი).
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 4 თებერვალს, დღის საათებში, წ–ს რაიონ სოფელ ნ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ლ. კ–მ - არასრულწლოვან შვილს - გ. კ–ს, მეუღლესთან არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო, ერთხელ დაარტყა მუშტი მარჯვენა მკლავში, რის შედეგადაც გ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2022 წლის 7 თებერვალს, ღამის საათებში, წ–ს რაიონ სოფელ ნ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ლ. კ–მ არასრულწლოვან შვილს - გ. კ–ს, მეუღლესთან არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო, ერთხელ დაარტყა მუშტი მარჯვენა მკლავში, რის შედეგადაც გ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. 2022 წლის 9 თებერვალს, საღამოს საათებში, წ-ს რაიონ სოფელ ნ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ. კ–მ არასრულწლოვან შვილს - გ. კ–ს, მეუღლესთან არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო ერთხელ დაარტყა მუშტები სახეში მარჯვენა და მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც გ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.4. 2022 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 11:00 საათზე, წ–ს რაიონ სოფელ ნ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. კ–მ არასრულწლოვან შვილს - გ. კ–ს, მეუღლესთან არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო სამჯერ დაარტყა მუშტი მარჯვენა მკლავში, რის შედეგადაც გ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენით:
3.1. ლ. კ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის(ოთხი ეპიზოდი) ჩადენაში და გამართლდა;
3.2. გამართლებულ ლ. კ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ლ. კ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ოთხი ეპიზოდი) ჩადენაში და მისთვის საქართველოს სსკ-ით დადგენილი წესით სასჯელის დანიშვნა.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ლ. კ–ს ინიტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. შ–მ, რომელმაც მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ მოითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ. კ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის(ოთხი ეპიზოდი) ჩადენაში.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში(ოთხი ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
9. დაზარალებულმა - გ. კ–მ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის შინაარსის ამსახველი აუდიოჩანაწერის გაზიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია აუდიოჩანაწერში გადმოცემული ინფორმაცია და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ( მათ შორის არც დაზარალებულის ჩვენებით) არ დასტურდება, რომ „ინიციატორის“ სახელით მოსაუბრე პირის ხმა ნამდვილად ეკუთვნის დაზარალებულს, შეუძლებელია, მოცემული ჩანაწერი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის 2022 წლის 10 თებერვლის ოქმში მიუთითა თავის საცხოვრებელ სახლში იმ ადგილზე(სამზარეულო ოთახი), სადაც ლ. კ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი(იხ.: ტ. 1, ს.ფ. 29-34), თუმცა საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).
12. რაც შეეხება კასატორის პოზიციას პოლიციელთა(თ. ტ., ი. ჭ., პ. კ.) ჩვენებების შესახებ, რომლებსაც გამოძიების ეტაპზე პირდაპირი კავშირი ჰქონდათ დაზარალებულთან, რომელმაც, თავის მხრივ, დაადასტურა მამის მიერ განხორციელებული ძალადობა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეები უშუალოდ ძალადობის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში არ შესწრებულან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, ხოლო ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის მიყენება. შესაბამისად, ძალადობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს არც დაზარალებულის ჩვენება და არც სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად არ ადასტურებენ დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას (ტკივილის მიყენება არ დასტურდება არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: საქმე №746აპ-19; საქმე №674აპ-20)) - არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა.
14. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, pat. 82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
15. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ლ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
16. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება“ (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, par.54, ECtHR, 8/07/2021). “ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).
16.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს სსსკ-ის 581 მუხლით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 23-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009). საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით არ ახდენს საქმის სრული მოცულობით გადასინჯვას საქმეში არსებული ყველა ფაქტების და მტკიცებულებების შეფასებას რომელსაც ემყარებოდა განაჩენი. უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს დასაბუთებას, [ევროპული] სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის” (Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე