გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-655-1305-03 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. ბ-ა და ე. ნ-ე შპს “ე. დ.” დირექტორის 2002წ. 19 ივნისის ¹6 ბრძანების საფუძველზე მიიღეს უმცროს ექიმებად 2002წ. 19 ივნისიდან დროებით ხელფასის ანაზღაურების გარეშე.
შპს “ე. დ.” დირექტორი კ. ტ-ის 2003წ. 16 იანვრის ¹2/კ ბრძანების საფუძველზე ე. ნ-ე და ც. ბ-ა გათავისუფლდნენ უმცროსი ექიმის თანამდებობიდან 2003წ. 16 იანვრიდან შტატების არარსებობის გამო.
ც. ბ-ამ და ე. ნ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე შპს “ე. დ.” დირექტორი კ. ტ-ის მიმართ და მოითხოვეს სამუშაოზე აღდგენა იმ საფუძვლით, რომ 2003წ. 16 იანვრის ¹2/კ ბრძანება არის უკანონო, უსაფუძვლო და ეწინააღმდეგება კანონის ნორმებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა შპს “ე. დ.” დირექტორის 2003წ. 16 იანვრის ¹2/კ ბრძანება. შესაბამისად ც. ბ-ა და ე. ნ-ე აღდგენილ იქნენ უმცროსი ექიმების თანამდებობებზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე ორგანიზაციამ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 აგვისტოს განჩინებით შპს “ე. დ.” წარმომადგენელი ბ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა შკკ-ს მე-19 მუხლი და ჩათვალა, რომ მოსარჩელეები ფაქტიურად დაშვებული იყვნენ სამუშაოზე, ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. მათი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების მიღების დროისათვის მოქმედებდა “საექიმო საქმიანობის შესახებ” კანონის მე-17 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უმცროსი ექიმების დანიშვნას. მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების საფუძველია შკკ-ს 34-ე მუხლი, შტატების არარსებობა. მაგრამ აღნიშნული მუხლის “ა” პუნქტი ითვალისწინებს მხოლოდ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას შტატების შემცირების გამო და არა შტატის არარსებობის გამო, რაც, სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევად მიიჩნია.
შპს “ე. დ.” წარმომადგენელმა ბ. ბ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 აგვისტოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
უმცროსი ექიმის საშტატო ერთეული დისპანსერის ყოფილ დირექტორს შ. ჩ-ს 2002წ. 19 ივნისს მოსარჩელეების დანიშვნისას არ დაუშვია, ხელმძღვანელი პირი არ დაუნიშნავს, მათთვის არც შრომითი კონტრაქტი გაუფორმებია და არც ხელფასის მინიმუმი განუსაზღვრავს. ზემოაღნიშნულ ბრძანებაში არ არის მითითებული თუ რა სპეციალობით იმუშავებდნენ ნ-ე და ბოდოკია. სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა შკკ-ს მე-19 მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს “ე. დ.” დირექტორმა შ. ჩ-მა 2002წ. 19 ივნისის ¹6 ბრძანებით სამუშაოდ მიიღო უმცროს ექიმებად დროებით, ხელფასის ანაზღაურების გარეშე ც. ბ-ა და ე. ნ-ე. აღნიშნული ორგანიზაციის ახალმა დირექტორმა კ. ტ-მა 2003წ. 16 იანვრის ბრძანებით კი გააუქმა ყოფილი დირექტორის შ. ჩ-ის ზემოაღნიშნული ბრძანება და ე. ნ-ე და ც. ბ-ა გაათავისუფლა უმცროსი ექიმის თანამდებობიდან იმავე წლის 16 იანვრიდან შტატების არარსებობის გამო. მათი სამუშაოდან გათავისუფლების იურიდიულ საფუძვლად მითითებულია შკკ-ს მე-18 და 34-ე მუხლები. “საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-14, მე-17 და 98-ე მუხლები. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან შკკ-ს 34-ე მუხლი არ ითვალისწინებს შტატის არარსებობის გამო მუშაკის სამუშაოდან დათხოვნას, ამიტომ გასაჩივრებული ბრძანება უკანონოა. სააპელაციო პალატის განჩინებაში არ არის მითითებული, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში საშტატო განრიგით გათვალისწინებული იყო თუ არა უმცროსი ექიმის ორი საშტატო ერთეული შესაბამისი ანაზღაურებით.
სასამართლომ არ გაარკვია, მოცემულ შემთხვევაში დაცული იყო თუ არა შკკ-ს მე-16 მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) არის შეთანხმება საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის, რომლითაც ერთი მხარე _ საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს მუშაკი შრომის სათანადო პირობებით, გადაუხადოს ხელფასი იმ ოდენობით, რაც შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) არის გათვალისწინებული, ხოლო მეორე მხარე _ მუშაკი ვალდებულებას იღებს შეასრულოს გარკვეული სამუშაო სპეციალობის, კვალიფიკაციისა და თანამდებობის გათვალისწინებით, დაიცვას შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობები, დაემორჩილოს შრომის შინაგანაწესს.
“საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “ნ” პუნქტში მითითებულია, რომ უმცროსი ექიმი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის არმქონე პირის თანამდებობაა, რომლის დაკავების უფლება აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს; ექიმის ფუნქციას უმცროსი ექიმი ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით.
სააპელაციო სასამართლომ ერთი მხრივ, ჩათვალა რომ მოსარჩელეები ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს, მაგრამ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა და არ გაარკვია, რომ მოსარჩელეები უმცროსი ექიმის ფუნქციას მათი სამუშაოზე მიღების ბრძანების დღიდან ე.ი. 2002წ. 19 ივნისიდან კონკრეტული ექიმი სპეციალისტის მითითებითა და პასუხისმგებლობით თუ ასრულებდნენ. ამდენად, ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის გამოც, იგი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ე. დ.” წარმომადგენელი ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 აგვისტოს განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.