საქმე # 330802223006760022
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№4I-23 ქ. თბილისი
ბ. ვ. 4I-23 13 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ვ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. კ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრსი განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ. ბ–სის მიმართ უკრაინაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2012 წლის 12 ივლისის ვ. ბ–სის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად, მას ბრალი დაედო უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) 8 ეპიზოდის ჩადენაში.
2012 წლის 4 ოქტომბერს ქ. ხარკოვის კიევის რაიონული სასამართლოს განაჩენით ვ. ბ–სი დამნაშავედ იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, თუმცა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, იგი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან და განესაზღვრა გამოსაცდელი ვადა - 3 წელი.
2013 წლის 28 მარტს ხარკოვის ოლქის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენი გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს.
2013 წლის 29 მაისს ქ. ხარკოვის კიევის რაიონული სასამართლოს განჩინებით ვ. ბ–სის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
2014 წლის 12 დეკემბერს ქ. ხარკოვის კიევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე დამატებითი გამოძიების ჩატარებისათვის დაუბრუნდა საგამოძიებო ორგანოს.
2020 წლის 22 ივნისის ეჭვის შესახებ შეტყობინების თანახმად, ვ. ბ–ს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) 6 ეპიზოდის და იმავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (შუამავლობა გარყვნილ ქმედებაში, ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით) 2 ეპიზოდის ჩადენაში.
იმავე დღეს ზემოაღნიშნული დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით ვ. ბ–ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.
2021 წლის 16 ივნისს ქ. ხარკოვის კიევის რაიონული სასამართლოს განჩინებით ვ. ბ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
2022 წლის 12 იანვრიდან ვ. ბ–სი უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
უკრაინის გენერალური პროკურატურის 2022 წლის 16 ივნისის ვ. ბ–ს ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობის თანახმად, ვინაიდან უკრაინის კანონმდებლობით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 302-ე მუხლის მე - 2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორივე ეპიზოდთან მიმართებით გასულია, ვ. ბ–ის ექსტრადიცია მოთხოვნილია მხოლოდ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების 6 ეპიზოდისათვის.
2. ვ. ბ–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2022 წლის 28 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვ. ბ–ი.
2022 წლის 31 მაისს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებით ვ. ბ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა, 3 თვით.
2022 წლის 4 ივნისს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის წინაშე ვ. ბ–მა უარი განაცხადა მისი გამარტივებული პროცედურით უკრაინაში ექსტრადიციაზე.
2022 წლის 17 ივნისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ვ. ბ–ს ექსტრადიციის თაობაზე უკრაინის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
2022 წლის 17 აგვისტოს და 2022 წლის 9 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურმა უკრაინის გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ვ. ბ–სის უკრაინაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
2022 წლის 19 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ვ. ბ–ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით - 6 თვემდე, 2022 წლის 28 ნოემბრამდე.
2022 წლის 23 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ვ. ბ–სა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.
2022 წლის 24 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ვ. ბ–ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით - 9 თვემდე, 2023 წლის 28 თებერვლამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მაისამდე პერიოდში, ვ. ბ–მა სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, თავისი დანაშაულებრივი საქმიანობის - სამოდელო სააგენტო „..“ ფიქციური საქმიანობით, შენიღბვის გზით, უ–ს ტერიტორიაზე შეარჩია სამოდელო გარეგნობის გოგონები, მათ შორის - ერთი არასრულწლოვანი და სხვადასხვა სახელმწიფოში, კერძოდ, რ..........აში, ა–ა გაერთიანებულ საამიროებში და ს–ს კუნძულებზე მაღალანაზღაურებად სამსახურში მოწყობაზე მათთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით და მოტყუებით, უზრუნველყო მათი გაგზავნა აღნიშნულ სახელმწიფოებში, მათი შემდგომი სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით.
დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ ვ. ბ–ს თანამონაწილეები იღებდნენ დაზარალებულ პირებს და რთავენ მათ სექსუალურ ექსპლუატაციაში, კერძოდ, დაზარალებული პირების მოწყვლადი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატებოდა უცხო სახელმწიფოში შესაბამისი ფინანსური სახსრების გარეშე ყოფნით, მათ არწმუნებდნენ გაეწიათ სექსუალური მომსახურება ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მიერ მოძიებული დაინტერესებული პირებისათვის. ამასთან, აღნიშნული ექსპლუატაციის შედეგად მიღებული თანხა ნაწილდებოდა ვ. ბ–ს, სხვა თანამონაწილეების და დაზარალებულ პირებს შორის.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2011 წლის ნოემბერში ვ. ბ–მა, თანამონაწილეებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შესთავაზა ი. ხ-ს მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ გაეწია სექსუალური მომსახურება დაინტერესებული პირისათვის, რაზედაც მიიღო თანხმობა და უზრუნველყო ხ. ი-ს გაგზავნა რ–ს ფედერაციაში სექსუალური მომსახურების გაწევის მიზნით.
ასევე, დროის იმავე პერიოდში, ვ. ბ–მა შესთავაზა კ. გ-ს რ–ს ფედერაციაში გამგზავრება ფინანსურად უზრუნველყოფილი მამაკაცის გაცნობის და შესაძლო შემდგომი ურთიერთობის მიზნით, თუმცა არ შეატყობინა, რომ მას უნდა გაეწია სექსუალური მომსახურება. თანხმობის მიღების შემდგომ, ვ. ბ–სმა უზრუნველყო კ. გ-ს გაგზავნა რ–ს ფედერაციაში, თუმცა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა პირმა შეიტყო, რომ მას უნდა გაეწია სექსუალური მომსახურება, აღნიშნულზე განაცხადა კატეგორიული უარი და დაბრუნდა უ–ში.
4. 2023 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ვ. ბ–ს უკრაინაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. ბ–ს მიმართ გამოტანილ ეჭვის შესახებ 2020 წლის 22 ივნისის შეტყობინებაში და დასჯადია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში - 6 ეპიზოდი).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნას ცნობილი ვ. ბ–ს (ვ. (V.) ბ–ი (B–N), უ–ში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. ბ–ს მიმართ გამოტანილ ეჭვის შესახებ 2020 წლის 22 ივნისის შეტყობინებაში და რომელიც დასჯადია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში - 6 ეპიზოდი).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ვ. ბ–ს ადვოკატი გ. კ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ვ. ბ–ს უკრაინაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. დაახლოებით 10 - წლიანი პაუზის შემდეგ უკრაინის სამართალდამცავი მუშაკების მიერ ვ. ბ–ი/ბ–ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის განახლება და მისი ექსტრადიციის მოთხოვნა, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განმარტებით, ემსახურება კორუფციულ ინტერესსა და მისგან თანხის გამოძალვის უკანონო მცდელობას;
6.2. იმ პირობებში, როდესაც უკრაინა იმყოფება საომარ მდგომარეობაში - ინტენსიურად იბომბება რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამოქალაქო და სხვა ობიექტები და შესაბამისად, არის ყოველდღიური მსხვერპლი, მათ შორის - სამოქალაქო სექტორში, კითხვის ნიშანს აჩენს ვ. ბ–ი/ბ–ს მიმართ საომარი მდგომარეობის მქონე ქვეყანაში ექსტრადიციის შემთხვევაში იქნება თუ არა დაცული კონვენციის მე-2 მუხლი.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ვ. ბ–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვ. ბ–ი 2022 წლის 28 მაისს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:
5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, დასჯადია მოცემული შუამდგომლობის მე-16 პარაგრაფში მითითებული მუხლებით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას 5-დან 12 წლამდე და 5 წლამდე ვადით.
5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, სულ მცირე, 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია - თავისუფლების აღკვეთა 12-დან 15 წლამდე ვადით და იმავე კოდექსის 1432-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნით ვაჭრობა, ჩადენილი მოტყუებით, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია - თავისუფლების აღკვეთა 14-დან 17 წლამდე ვადით.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება ვ. ბ–ს, განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ვ. ბ–სათვის ბრალად შერაცხული ქმედებები განხორციელდა 2011-2012 წლებში, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ ამოწურულა.
6.2. უკრაინის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ვ. ბ–სის მიმართ სისხლის სამართალწარმოების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის (6 ეპიზოდი). რაც შეხება იმავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს, ვინაიდან მათთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა, ვ. ბ–ს ექსტრადიცია მოითხოვება მხოლოდ იმავე კოდექსის 149-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ვ. ბ–ს ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ვ. ბ–ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.
8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.
8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ვ. ბ–ი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ვ. ბ–ი არის ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქე და მის ექსტრადიციას ითხოვს მესამე არა წარმოშობის სახელმწიფო - უკრაინა;
8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ვ. ბ–ს არ მიუმართავს საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტისთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით და შესაბამისად, იგი არ სარგებლობს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში. შესაბამისად, არ არსებობს არც ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ვ. ბ–ს არ აქვს მიცემული პოლიტიკური თავშესაფარი და იგი არ არის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირი.
9. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გუქმებას და ვ. ბ–ს უკრაინაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხიდან გამომდინარე.
10. სასამართლო ითვალისწინებს უკრაინის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში უკრაინის მონაწილეობის შესახებ, იმავდროულად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქართული მხარის თხოვნაზე უკრაინიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვ. ბ–ს უ–ში ექსტრადიციის შემთხვევაში წინასწარი გამოძიება და საქმის განხილვა მის წინააღმდეგ წარიმართება ქ. ხ–ს ტერიტორიაზე, თუმცა მისი უ–ში ექსტრადიციის შემთხვევაში, წინასწარი გამოძიების ორგანო, პროკურორთან შეთანხმებით, სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, დააყენებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო დაწესებულება „ლ–ს №.. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“ ვ. ბ–ის პატიმრობაში ყოფნის საკითხს, სადაც ამჟამად არ მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები.
11. უკრაინის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიების გათვალისწინებით „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ უკრაინაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ვ. ბ–ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი დევნის საფრთხე. ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების მხედველობაში მიღებით, განხორციელებულია ყველა შესაძლო გონივრული ძალისხმევა ვ. ბ–ს ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უსაფრთხოების მიმართ რისკების მინიმუმამდე შემცირებისათვის.
12. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ექსტრადიციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება ევროპული კონვენციით და აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის საფუძველი; წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობაც. შესაბამისად, არ არსებობს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი;
12.1. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს; ამავე კანონის 34-ე მუხლს, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას; გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად ასევე ითვალისწინებს, მათ შორის, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 41-ე პუნქტის მოთხოვნებთან ექსტრადიციის შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს; საქართველოს იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილებას ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება; ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
13. კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ვ. ბ–სის მიმართ მომთხოვნ სახელმწიფოში მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა „აბსურდულია“ და ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ. იხ. საქმე №2I-17, №2I-20, №402I-21).
14. დაუსაბუთებლობის გამო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვ. ბ–ს მიმართ ექსტრადიციის მოთხოვნა ემსახურება კორუფციულ ინტერესსა და მისგან თანხის გამოძალვის უკანონო მცდელობას. აღნიშნულ ნაწილში კასატორი საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად არ უთითებს კონკრეტულ არგუმენტაციას ან/და რელევანტურ მტკიცებულებებს. ამასთან, აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. ბ–ს (ვ. (V.) ბ–ი (B–N), უკრაინაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ვ. ბ–ს მიმართ გამოტანილ ეჭვის შესახებ 2020 წლის 22 ივნისის შეტყობინებაში და რომელიც დასჯადია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში - 6 ეპიზოდი), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ვ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. კ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე