საქმე # 330802223006800332
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№5I-23 ქ. თბილისი
ს–ი ჰ./ჰ., 5I-23 17 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ./ჰ. ს–სის (H. S–C) ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ხ–ს, ა. თ–სა და თ. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჰ./ჰ. ს–სის (H. S–C) მიმართ გერმანიაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2022 წლის 2 ნოემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დრეზდენის საქალაქო სასამართლომ გამოსცა ჰ./ჰ. ს–სის (H. S–C) დაპატიმრების ბრძანება, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 52-ე მუხლთან ერთობლივად 263-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2022 წლის 8 ნოემბრიდან ჰ./ჰ. ს–სი (H. S–C) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.
2. ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2022 წლის 8 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ./ჰ. ს–სი (H. S-C).
2022 წლის 9 ნოემბერს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ჰ./ჰ. ს–სს (H. S-C) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2022 წლის 30 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) ექსტრადიციის თაობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
2019-2022 წლებში ჰ./ჰ. ს–სი (H. S-C), როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და კომპანიის ტექნიკური დირექტორი, ახორციელებდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებას. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ჰ./ჰ. ს–სი (H. S-C) და მისი თანამზრახველები ამუშავებდნენ სხვადასხვა ონლაინსაინვესტიციო პლატფორმას. ამასთან, ქოლცენტრების მეშვეობით დაზარალებულებს არწმუნებდნენ, განეხორციელებინათ ინვესტიციები აღნიშნულ პლატფორმებზე და აწვდიდნენ განზრახ არასწორ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათი ინვესტიციების დაბანდება ხდებოდა. რეალურად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ფულადი თანხის ინვესტირებას არ ახდენდნენ და წინასწარი განზრახვის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდნენ აღნიშნულ ფულად თანხებს. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ჰ./ჰ. ს–სმა (H. S-C) და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებმა დაზარალებულებს მიაყენეს, ჯამურად, სულ მცირე, 17 137 000 აშშ დოლარის/ევროს ოდენობის მატერიალური ზიანი.
4. 2023 წლის 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დრეზდენის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) დაპატიმრების ბრძანებაში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 52-ე მუხლთან ერთობლივად, 263-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით - თაღლითობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დრეზდენის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) დაპატიმრების ბრძანებაში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 52-ე მუხლთან ერთობლივად 263-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით(თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) ადვოკატები - ი. ხ–ი, ა. თ–ა და თ. გ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის ჰ./ჰ. ს–ს (H. S-C) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების გაუქმებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ წარადგინა შპს „რ–ს“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ ჩივილები რომელიც აქვს ჰ./ჰ. ს–სს (H. S-C), შეიძლება მიუთითებდეს გულის თანდაყოლილ მანკზე, გულის იშემიურ დაავადებაზე, გულის კუნთის ინფარქტზე, სტენოკარდიაზე, ნერვულ დარღვევებზე, ისტერიკაზე, ქალა-ტვინის ტრავმასა და ნევრალგიაზე. ასევე საყურადღებოა ღვიძლის პათოლოგიების გამოვლენის მიზნით შესაბამისი კვლევების ჩატარება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნას თან ახლავს იმ სამედიცინო გამოკვლევათა ჩამონათვალი, რომელიც საჭიროა საბოლოო დიაგნოზისა და ჯანმრთელობის ხარისხის შესაფასებლად. მიუხედავად შესაბამისი საფუძვლების არსებობისა, სასამართლომ არ შეაფასა დაცვის მხარის პოზიცია ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს.
6.2. 2023 წლის 16 თებერვალს ადვოკატმა ი. ხ–მა დამატებით წარმოადგინა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის/ ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს/საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის - დ. გ–ს წერილი, რომლითაც დგინდება, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე N.........., ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C; დაბ.: 07.11.1993 წელს) მიერ ყალბი მართვის მოწმობის გამოყენების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ადვოკატი ასევე უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია მოთხოვნა საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, რომლის თანახმადაც, არ დაკმაყოფილდა ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) მოთხოვნა თავშესაფრის მინიჭებაზე.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ./ჰ. ს–სი (H. S-C) 2022 წლის 8 ნოემბერს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:
5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 52-ე მუხლთან ერთობლივად, 263-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე და 1- დან 10 წლამდე ვადით.
5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს - 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება ჰ./ჰ. ს–სს (H. S-C), განეკუთვნება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 6 წელი, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან და 10 წელი - მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ჰ./ჰ. ს–სისათვის (H. S-C) ბრალად შერაცხული ქმედებები ჩადენილია 2019-2022 წლებში, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ ამოწურულა.
6.2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) მიმართ სისხლის სამართალწარმოების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობით.
6.3. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ისე მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები. რაც შეეხება ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) მიმართ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარე გამოძიებას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ პირს, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, ბრალი წარედგინა საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით გათავისუფლებამდე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის გადავადებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.
8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ჰ./ჰ. ს–სი (H. S-C) არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ჰ./ჰ. ს–სი (H. S-C) არის ა–ს რესპუბლიკის მოქალაქე და მის ექსტრადიციას ითხოვს მესამე, არა წარმოშობის სახელმწიფო - გ–ა.
8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 29 დეკემბერს ჰ./ჰ. ს–სს (H. S-C) უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. დაცვის მხარემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თუმცა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში მინიჭებული საერთაშორისო დაცვა (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი) ან თავშესაფრის ძიება, არ არის ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
8.3. ამასთან, საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ექსტრადიციის სფეროში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო ფაზის დასრულება დასაშვებად მიიჩნევა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურის მიმდინარეობისას. „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე კი, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
9. კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) ჯანმრთელობის მდგომარეობა, მითითებულია დაავადებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ექსპერტისათვის წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციიდან, ექსპერტის მიერ გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები ჩასატარებელ კვლევებთან დაკავშირებით, რათა სრულად შეფასდეს ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არ არის ექსტრადიციის შეუძლებლობაზე, დაავადებაზე, რომელიც შეუძლებელს გახდიდა პირის ექსტრადიციას ან ექსტრადიციის პროცესი მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლეს შეუქმნიდა რაიმე სახის საფრთხეს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებს, რომ ექსტრადიციის განხორციელება ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აშკარად იქნებოდა შეუსაბამო ადამიანური მოპყრობის ძირითად სტანდარტებთან.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოს, რომელზეც ვრცელდება „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“.
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და მასზე ვრცელდება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დადგენილი მოთხოვნები და მონიტორინგის მექანიზმები. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, სადაც ექსტრადიცია, ზოგადად, არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. გარდა ამისა, არც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მისი ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
14. ამდენად, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ./ჰ. ს–სი (H. S-C) დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. კასატორი არ უთითებს გარემოებებზე, რაც მის მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ მის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
15. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ექსტრადიციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება ევროპული კონვენციით და აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის საფუძველი; წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული კანონის 29-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობაც. შესაბამისად, არ არსებობს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი;
15.1. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს.
16. კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ჰ./ჰ. ს–სს (H. S-C) თავისი პროფესიისა და საქმიანობის ფარგლებში სხვადასხვა კომპანიას უქმნიდა მათთვის სასურველ პროგრამებს და მონაცემთა დამუშავების სისტემებს, თუმცა ვერ იქნება პასუხისმგებელი, კონკრეტული კომპანია კანონიერად შექმნილ პროგრამას უკანონოდ გამოიყენებს თუ არა დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ. იხ. საქმე №2I-17, №2I-20, №402I-21).
17. დაუსაბუთებლობის გამო, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) პროგრამული შესაძლებლობებით დაინტერესებული არიან ალბანეთის სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოები, სპეცსამსახურები და იგი მის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა, ხოლო ალბანეთის დატოვების შემდეგ კი დიდ ინტერესს იჩენდა გერმანია. აღნიშნულ ნაწილში კასატორი საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად არ უთითებს კონკრეტულ არგუმენტაციას ან/და რელევანტურ მტკიცებულებებს. ამასთან, აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C), გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დრეზდენის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 2 ნოემბერს გამოცემულ ჰ./ჰ. ს–სის(H. S-C)დაპატიმრების ბრძანებაში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 52-ე მუხლთან ერთობლივად - 263-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით(თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ./ჰ. ს–სის (H. S-C) ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ხ–ს, ა. თ–სა და თ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე