გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-673-1329-03 25 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ბ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მასა და გ. ბ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი მარტოხელა, მეორე ჯგუფის ინვალიდი პენსიონერია. მოპასუხემ და ნოტარიუსმა შეცდომაში შეიყვანეს და ხელი მოაწერინეს ნასყიდობის ხელშეკრულებას ბინის 1500 ლარად გაყიდვის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით ხელშეკრულება დაადებინეს მოტყუებით და მისთვის თანხა არავის გადაუხდია.
გ. ბ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ბინიდან თ. ბ-ის გამოსახლება. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 აპრილის განჩინებით საქმე გ. ბ-ის შეგებებული სარჩელის ნაწილში წარმოებით შეწყდა, ვინაიდან მან უარი თქვა სარჩელზე. ამავე სასამართლომ 2002წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა თ. ბ-ის სარჩელი იმ მოტივით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაცნობის საშუალება მოსარჩელეს ჰქონდა და არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შინაარსი მისთვის ხელმოწერიდან 3 თვის შემდეგ გახდა ცნობილი. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის განცხადება, რომ ეს იყო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ის წარმომადგენელმა ლ. ბ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გ. ბ-მა ისარგებლა თ. ბ-ის მიერ მისდამი არსებული განსაკუთრებული ნდობით. მას მისცეს უფლება შეეგროვებინა გარიგების დადებისათვის საჭირო საბუთები. მაგრამ თ. ბ-ის სურვილის მიუხედავად მხარეებმა დადეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, გ. ბ-მა მოატყუა და ხელი მოაწერინა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რაც აპელანტის აზრით, გარიგების ბათილობის საფუძველია. ამასთან, აპელანტის განცხადებით ხელშეკრულებაში მითითებული ფასი _ 1500 _ ლარი არ გადაუხდიათ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გარდაიცვალა თ. ბ-ე. მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩართულ იქნა ლ. ბ-ე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თ. ბ-ესა და გ. ბ-ს შორის დადებული 2001წ. 12 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სკ-ს 327-ე და 477-ე მუხლებით და მიუთითა, რომ კანონის თანახმად არსებით პირობაზე შეთანხმების გარეშე ხელშეკრულება არ დაიდება. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინის საფასურის გადახდა მხარეებს შორის არ მომხდარა, ხოლო თანხის გადაცემის გარეშე ნასყიდობაც არ შეიძლება ჩაითვალოს შემდგარად. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მხარეებს შორის არსებობს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა და მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად გაიზიარა ლ. ბ-ის განცხადება ბინის საფასრის გადაუხდელობის თაობაზე, რისი უფლებაც არ ჰქონდა სასამართლოს. ამასთან, შედეგის მისაღწევად კასატორის განმარტებით მისი შეგნებულად ცვლის პოზიციებს.
კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატას არ გააჩნია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მან დაარღვია სკ-ს 327-ე და 477-ე მუხლიბის მოთხოვნები. სასამართლომ არ მიუთითა კანონის ნორმა, რომლითაც აუცილებელია ნოტარიუსის ან მოწმეების ხელწერილის თანახმად მოხდეს საფასურის გადახდა. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული, როგორც სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ასევე, სარეზოლუციო ნაწილში არ იქნა მითითებული, თუ რომელი ხელშეკრულება იქნა ბათილად ცნობილი ნასყიდობის თუ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია არასრული დასაბუთების გამო.
სრულიად გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მითითება სკ-ს 327-ე მუხლზე. იმ გარემოების დადგენის შემთხვევაშიც კი, თუ გ. ბ-ს არ გადაუხდია ბინის საფასური, შეუძლებელია მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის გარიგება არ შემდგარა.
სსკ-ს 244-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით დგინდება მხარეთა შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების არსებობა. აღნიშნულზე მსჯელობისას სასამართლო არ უთითებს, თუ საქმის მასალებში არსებულ რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა აღნიშნულ დასკვნამდე, ასევე, იმ შინაგან რწმენაზე რამაც განაპირობა სასამართლოს მიერ ასეთი ფაქტის დადგენა.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მხარეთა შორის არსებული სამისდღეშიო ხელშეკრულების არსებობა არ დაუდგენია სსკ-ს მითითებული ნორმების საფუძველზე, შეუძლებელია სკ-ს 56-ე მუხლის საფუძველზე მითითებული გარიგება ჩაითვალოს თვალთმაქცურ გარიგებად და ცნობილ იქნეს ბათილად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნამდვილი იყო თუ არა მხარეთა შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულება. იყო თუ არა იგი მოტყუებით დადებული გარიგება და არსებობდა თუ არა მხარეებს შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.