Facebook Twitter

საქმე # 020100120003967914

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1066აპ-22 ქ. თბილისი

თ. ე. 1066აპ-22 20 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. თ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. ზ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. თ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. თ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ე. თ–სე 2018 წლიდან თ. ფ–სთან ერთად ცხოვრობს ქ. ფ–ში, გ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ნაქირავებ ბინაში და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წელს მათ შეეძინათ შვილი - ზ. თ–ე. თ. ფ–სა იმყოფებოდა მეორე შვილზე ორსულობის 37-ე კვირაში, როცა 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. ფ–ში, გ–ს ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ე. თ–მ საყოფაცხოვრებო კამათის ნიადაგზე იძალადა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლე თ. ფ–ზე, კერძოდ: სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ. ფ–ს, მიმართავდა უცენზურო და უწმაწური სიტყვებით, რის შემდგომაც მარცხენა ფეხი ჩაარტყა მარცხენა ხელზე. დარტყმის შედეგად თ. ფ–მ ვერ შეიკავა თავი და დაეცა მუხლებზე. ე. თ–ს მიერ ჩადენილმა ძალადობამ თ. ფ–სას ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117, 118 ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენით:

3.1. ე. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 10 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. ე. თ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 30 აგვისტოდან იმავე წლის 5 სექტემბრის ჩათვლით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე. თ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ზ–მ, რომლებმაც მოითხოვეს მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე. თ–სემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ზ–მ. კასატორები ითხოვენ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას. სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილია დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, რომლითაც დგინდება, რომ თ. ფ–ს პრეტენზია არ აქვს მეუღლის მიმართ; არის შერიგებული მსჯავრდებულთან; ოჯახი არის ე. თ–ს კმაყოფაზე; ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი; ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას. მსჯავრდებულმა ბრალდების მხარის მტკიცებულებები სცნო უდავოდ.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, , no.36755/06, §31, ECtHR 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადვოკატმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ე. თ–ის მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ე. თ–ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ( „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით, 10 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

11. კასატორის განმარტება, რომ დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია მეუღლის მიმართ და შერიგებულია, ვერ გახდება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ორსული ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობის შედეგებს, მის გავლენას მსხვერპლზე და საფრთხეს ნაყოფისთვის.

12. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

13. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. თ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. ზ–ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე