გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-67-766-03 16 დეკემბერი, 2003 წ. ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ალიმენტის ოდენობის გაზრდის, ალიმენტის დავალიანების დაფარვისა და ბავშვის მკურნალობის ხარჯების დაკისრება (სარჩელში); შვილის სასარგებლოდ ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ნ-ი და ო. ც-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1994წ. 1 აგვისტოდან. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1993წ. 18 ივლისს შეეძინათ შვილი _ გ. ც-ი. მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა 1996 წელს. ლ. ნ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ო. ც-ის მიმართ ალიმენტის დანიშვნის მოთხოვნით.
ო. ც-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა შვილის გ. ც-ის სასარგებლოდ ალიმენტის ოდენობის შემცირება.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ, ბოლოს ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ნ-ის სარჩელი ო. ც-ისათვის, შვილის გ. ც-ის აღსაზრდელად ალიმენტის დავალიანების _ 33000 აშშ დოლარის, ყოველთვიურად ალიმენტის _ 1000 აშშ დოლარის ოდენობის გაზრდის და ბავშვის მკურნალობის ხარჯების 844 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ო. ც-ის შეგებებული სარჩელი ლ. ნ-ის მიმართ შვილის გ. ც-ის აღსაზრდელად ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ნ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მარტის განჩინებით ლ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ლ.ნ-ის სარჩელი ალიმენტის ოდენობის გაზრდის შესახებ და ო.ც-ს შვილის – გ. ც-ის აღსაზრდელად მის სრულწლოვანებამდე ლ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველგვარი შემოსავლის 1/3-ი არანაკლებ 20 ლარისა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ალიმენტის გაზრდის თაობაზე საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოპასუხე ო.ც-ის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, კერძოდ კი ის, რომ სარჩელის აღძვრის პერიოდში მას საკუთრებაში ჰქონდა ავტომანქანა “ფორდი” სახ. ¹000334, რომელიც როგორც ინდივიდუალური მეწარმე ჩართული იყო 1999წ. 23 მარტიდან ¹85 სამარშრუტო ხაზზე.
ლ.ნაზარეტიანმა 2001 წელს კვლავ მიმართა სარჩელით სასამართლოს მოპასუხე ო.ც-ის მიმართ და იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს პირად საკუთრებაში ჰყავდა იგივე ავტომანქანა “ფორდი” სახ. ¹000334 და მისივე ვარაუდით ასევე სხვა ავტომანქანები, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას ¹... სამარშრუტო ხაზზე “ო. – თ.”, მოითხოვა ალიმენტის გაზრდა შვილის სარჩოდ თვეში 1000 აშშ დოლარამდე. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ლ.ნ-მა სკ-ს 1122-ე მუხლის საფუძველზე ვერ წარმოუდგინა სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებანი იმის თაობაზე, რომ ალიმენტის ოდენობის გაზრდის შესახებ სასამართლოს 1999წ. 8 ივლისის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, შეიცვალა ო.ც-ის მატერიალური მდგომარეობა და გაიზარდა მისი შემოსავლები, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ალიმენტის ოდენობის გაზრდის საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2001წ. 3 ოქტომბრის ცნობით დასტურდება, რომ ო.ც-ს 2000წ. 30 მარტიდან შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა. ასევე, თბილისის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების საქალაქო სამსახურის 2001წ. 3 ოქტომბრის ცნობით დადგენილია, რომ ა/მანქანა “ფორდი” სახ. ¹000-334 აღარ ირიცხება თბილისის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების საქალაქო სამსახურის რეესტრში არც ერთ სამარშუტო ხაზზე და არც ო. ც-ის გვარი ფიგურირებს ჟურნალებში, რითაც დასტურდება ო.ც-ის განმარტება, რომ მას აღარ ყავს ზემოაღნიშნული ავტომანქანა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა აპელანტი ლ.ნაზარეტიანის მოთხოვნა როგორც ალიმენტის ოდენობის გადიდების, ასევე შესაძლო დავალიანების გადახდის და მკურნალობის ხარჯების დაკისრების თაობაზე. რადგან ნ-მა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სამკურნალო დაწესებულებიდან შესაბამისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი გ. ც-ი მძიმედ არის დაავადებული და საჭიროებს აუცილებელ მკურნალობას, ხოლო ლ.ნ-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა გამოკვლევათა ღირებულების პრეისკურანტის შესახებ, ვერ გამოდგება იმის მტკიცებულებად, რომ არასრულწლოვანი ო.ც-ი დაავადებულია და აუცილებელ მკურნალობას საჭიროებს.
ლ. ნ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს. კასატორმა მოითხოვა არა ალიმენტის ოდენობის გაზრდა, არამედ მოწინააღმდეგე მხარის შემოსავლებიდან 1/3-ის გადახდა ალიმენტის სახით და გადასახდელი ალიმენტის დავალიანების დაფარვა, ვინაიდან გაიზარდა ო.ც-ის შემოსავლები. ლ.ნ-მა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ გამოთხოვილიყო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ თითოეულ სამარშუტო ტაქსს ყოველთვიურად რა შემოსავალი ჰქონდა ¹.... სამარშუტო ხაზზე და დანიშნულიყო ქრონომეტრაჟი. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა, შესაბამისმა უწყებამ კი ინფორმაცია არ გასცა. ტრანსპორტის და კომუნიკაციების სამინისტროს ავტოტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამარშუტო ხაზი “კ. მ. – ო.” თუ ვის ეკუთვნის, ეს ქალაქის მმართველობის კომპეტენციაა; ამ უწყებიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე სასამართლომ უარი განუცხადა.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ თუ რა სახის მკურნალობა ესაჭიროება მის შვილს, ეს გამოკვლევებით უნდა გაირკვეს, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ.ნ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ. ნ-მა მოითხოვა თავისი არასრულწლოვანი შვილის გ. ც-ის სარჩენად ო. ც-ს დაეკისროს ალიმენტის გადახდა 1/3-ის ოდენობით იმ შემოსავლებიდან, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე ღებულობს მიკროავტობუსების ¹... სამარშუტო ხაზზე მუშაობის შედეგად.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ლ.ნ-მა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებანი ო.ც-ის შემოსავლების გაზრდის შესახებ, ან მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მან მიმართა მტკიცებულებების მისაღებად ვინმეს, მაგრამ ვერ შეძლო მისი მიღება.
სააპელაციო პალატამ 2002წ. 4 დეკემბრის სხდომის ოქმით დაადგინა, რომ ლ.ნ-ის წარმომადგენლის მიერ დაყენებული საკითხების გამოსაკვლევად აუცილებელია სპეციალისტის მოწვევა თბილისის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების იურიდიული განყოფილებიდან; სააპელაციო პალატის 2002წ. 26 დეკემბრის სხდომაზე კი საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსმა ვ.ბ-მა განმარტა, რომ სასამართლოს რა საკითხებიც აინტერესებს, ამ საკითხებზე პასუხს გასცემს ქ.თბილისის მერიის საქალაქო ტრანსპორტის რეგულირებისა და მართვის საქალაქო სამსახურის უფროსი ო.ჭ-ი; იმავე სხდომაზე პალატამ დაადგინა, რომ გამოძახებულ იქნეს ქ.თბილისის მერიის საქალაქო ტრანსპორტის რეგულირებისა და მართვის საქალაქო სამსახურიდან სპეციალისტები. სააპელაციო პალატის 2003წ. 28 აგვისტოს სხდომაზე ლ.ნ-ის წარმომადგენელმა კვლავ დააყენა შუამდგომლობა ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის პროცესზე მოწვევის შესახებ, მაგრამ ამჯერად სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა, რადგან საქმეში არის ცნობები, რომ ო.ც-ს არ ჰყავს სამარშუტო ტაქსები, ხოლო ლ.ნ-ს კი არ აქვს იმის მტკიცება, რომ ვინმეს მიმართა ო.ც-ის ავტომანქანათა საკუთრებაში არსებობის დასადასტურებლად და უარი უთხრეს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მითითებას, რადგან საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი მოსაკრებლების საქალაქო სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მიერ გაცემული ცნობა ვ.ნ-ის წარმომადგენლისათვის იმის შესახებ, რომ თუ ვისზეა გაცემული ¹....-ე სამარშუტო ხაზზე ნებართვები, პასუხს ვერ გასცემენ, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად ზემოაღნიშნული მოთხოვნა ითვალისწინებს პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ ნაწილში არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
პალატა ვერ გაიზიარებს ლ.ნ-ის საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა შვილის – გ. ც-ის მკურნალობის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ლ.ნ-მა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სამკურნალო დაწესებულებიდან შესაბამისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი გ. ც-ი მძიმედ არის დაავადებული და საჭიროებს აუცილებელ მკურნალობას, ხოლო ლ.ნაზარეტიანის მიერ წარმოდგენილი ცნობა გამოკვლევათა ღირებულების პრეისკურანტის შესახებ, ვერ გამოდგება იმის მტკიცებულებად, რომ არასრულწლოვანი ო.ც-ი დაავადებულია და აუცილებელ მკურნალობას საჭიროებს სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ.ნ-ს ზემოაღნიშნული მოთხოვნის თაობაზე დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია; ამიტომ სააპელაციო პალატის განჩინება ო.ც-ისათვის შვილის გ. ც-ის მკურნალობის ხარჯების დაკისრების უარის თქმის ნაწილში სწორია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მარტის განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება ლ. ნ-ის სარჩელის ო. ც-ისათვის ალიმენტის ოდენობის გაზრდის და ალიმენტის დავალიანების დაფარვის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და მოცემული საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას. სააპელაციო პალატის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.