Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-68-767-03 26 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ა-ემ სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს შპს “... 2000-ის” სამეთვალყურეო საბჭოსა და მესამე პირის საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, იგი 1983 წლიდან დაინიშნა მე-... სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ...ად, ხოლო 2000წ. 12 მარტიდან შპს “... 2000-ის” დირექტორად. საზოგადოების დამფუძნებელს წარმოადგენს საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო, რომლის წილი საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეადგენს 100 პროცენტს. საზოგადოებაში შექმნილია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება სამი წევრისაგან. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 8 აგვისტოს სხდომის დადგენილებით ნ. ა-ე გათავისუფლდა შპს “... 2000-ის” დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად არჩეულ იქნა ე. ჯ-ა.

სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, თ. ჭ-ემ, წერილობით განაცხადა უარი სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლაზე, რის გამოც საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ” 55.1 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, 2002წ. 8 აგვისტოს მოწვეული სამეთვალყურეო საბჭო არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ნ. ა-ემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 მარტის განჩინებით ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის განჩინება ემყარება შემდეგ საფუძვლებს: სადავო ურთიერთობაზე არ შეიძლება გავრცელდეს შკკ-ს მოთხოვნები, რადგან იგი აწესრიგებს საწარმოს დირექტორსა და დაქირავებულ მუშაკს შორის ურთიერთობას, რომელიც შრომითი სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის საქმიანობა არის სამეწარმეო და მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან რეგულირდება კანონით “მეწარმეთა შესახებ”. ამავე კანონით საზოგადოების დირექტორს მინიჭებული აქვს საწარმოს მართვის, ქონების განკარგვის უფლება, რის საკომპენსაციოდ პარტნიორებს ყოველთვის აქვს უფლება ნებისმიერ დროს გაათავისუფლონ დირექტორი.

ნ. ა-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება იმავე პალატისათვის, რადგან სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არც კი იმსჯელა განთავისუფლების საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს “... 2000-ის” დამფუძნებელია საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო. საზოგადოებაში შექმნილია სამეთვალყურეო საბჭო სამი წევრის შემადგენლობით. საზოგადოების დირექტორად დანიშნული იყო ნ. ა-ე. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 8 აგვისტოს სხდომის დადგენილებით ნ. ა-ე გათავისუფლდა შპს “... 2000-ის” დირექტორის თანამდებობიდან. დირექტორად არჩეულ იქნა ე. ჯ-ა;

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “... 2000-ის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თ. ჭ-ის გადარჩევა კანონით დადგენილი წესის დაცვით არ განხორციელებულა. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება;

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 55.8 მუხლის შესაბამისად, დირექტორების დანიშვნას, მათ გამოწვევას, მათთან სასამსახურო ხელშეკრულების დადებას და შეწყვეტას, ასევე კონტროლს მათ საქმიანობაზე ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო. სადავო ურთიერთობაზე არ შეიძლება გავრცელდეს შკკ-ს მოთხოვნები, რადგან იგი აწესრიგებს საწარმოს დირექტორსა და დაქირავებულ მუშაკს შორის ურთიერთობას, რომელიც შრომითი სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის საქმიანობა და მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან რეგულირდება კანონით “მეწარმეთა შესახებ”. საწარმოს მართვის, ქონების განკარგვის უფლების საკონპენსაციოდ პარტნიორებს ყოველთვის აქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაანთავისუფლონ დირექტორი;

პალატა ეთანხმება კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება არ იმსჯელა განთავისუფლების საფუძველზე, არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რაც გახდა დირექტორის თანამდებობიდან დათხოვნის საფუძველი.

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიაა წამოყენებული.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებულ მოტივაციას და თვლის, რომ დირექტორების (გამოწვევის) გათავისუფლების ექსკლუზიური უფლება აქვს სამეთვალყურეო საბჭოს. დავა საწარმოს დირექტორის გამოწვევასთან, გათავისუფლებასთან დაკავშირებით დირექტორის სამართლებრივი მდგომარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს საქართველოს კანონით “მეწარმეთა შესახებ” და არა შკკ-ს საფუძველზე. საწარმოს მართვისა და ქონების განკარგვის უფლებით აღჭურვა სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციაა, რომელსაც ამ რისკის საკომპენსაციოდ უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ანგარიში დირექტორს და მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას იგი გაათავისუფლოს სამუშაოდან.

სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ფაქტობრივი გარემოებები, რაც გახდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დირექტორის თანამდებობიდან დათხოვნის საფუძველი. პალატა განმარტავს, რომ დირექტორის გამოწვევის საფუძვლებს კანონი არ განსაზღვრავს. აღიარებული შეხედულების მიხედვით, დირექტორის გასათავისუფლებად უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი საფუძველი. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია (და არა მხოლოდ უფლებამოსილია) მიიღოს გადაწყვეტილება დირექტორის გათავისუფლების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს არსებობდა თუ არა მნიშვნელოვანი საფუძველი, რის გამოც სამეთვალყურეო საბჭო ვალდებული იყო გაეთავისუფლებინა დირექტორი თანამდებობიდან და ისე მიიღოს სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.