საქმე # 010100121004803789
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1085აპ-22 ქ. თბილისი
ბ. თ. 1085აპ-22 21 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 20 მაისს, დილის საათებში, ქ. ბ–ში, .....–ს ქუჩის №...–ში, ურთიერთშელაპარაკებისას თ. ბ–მ, ცომის გასაბრტყელებელი ჯოხის სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს ა. ხ–ს, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.2. 2021 წლის 7 ივნისს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, თ. ბ–ე ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს ა. ხ–ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განაჩენით:
3.1. თ. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. თ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2021 წლის 8 ივნისიდან 2021 წლის 10 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით შეუმსუბუქდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 საათით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა და მსჯავრდებულ თ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ა–მ.
4.1. პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა მოითხოვა განაჩენის გაუქმება, თ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4.2. მსჯავრდებულ თ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ა–მ მოითხოვა თ. ბ–ს სრულად გამართლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, თ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს თ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი თ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების - მის მიერ 2020 წლის 20 მაისს ა. ხ–სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია: მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. თ. ბ–მ განმარტა, რომ არასოდეს მიუყენებია მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა, დაზარალებულის განმარტებას მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ არის ცილისწამება. ბრალდების მხარის მოწმის ვ. ვ–ს განმარტებით, ა. ხ–ა მისი მეგობარია, კარგად იცნობს თ. ბ–საც, არასოდეს შეუნიშნავს აგრესია ან/და ხმამაღალი ნათქვამი თ. ბ–სგან. ბრალდების მხარის მოწმეები (ვ. ვ–ი, მ. ბ–ე, ნ. ბ–ე) არ არიან შემთხვევის(2020 წლის 20 მაისს ფაქტის) თვითმხილველნი, უშუალოდ ძალადობის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ხოლო ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, ბრალდების მხარეს, დაზარალებულის ჩვენების გარდა, 2020 წლის 20 მაისის ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი მტკიცებულებები (არ არის წარმოდგენილი არც ფიზიკური დაზიანების არსებობის დამადასტურებელი რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება - მაგ., სამედიცინო შემოწმების ოქმი, სამედიცინო ისტორიიდან ამონაწერი და ა.შ.). შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას თ. ბ–ის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
10. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას თ. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ ა. ხ–ს და მოწმეთა: ვ. ვა–ს, მ. ბ–ს, ნ. ბ–ს ჩვენებებით, N..... შეტყობინებით, 2021 წლის 8 ივნისის შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ. ბ–მ ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული ქმედება - ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ყოფილი მეუღლის ა. ხ-ს მიმართ.
11. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ამასთან, უნდა იგულისხმებოდეს არა მხოლოდ მოსამართლის მიერ მისი ასეთი მიდგომით გამოყენება, არამედ კანონის დონეზეც ამა თუ იმ ქმედებისთვის სასჯელის სახით პატიმრობის მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინება, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96).
13. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ თ. ბ–სეს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა თ. ბ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით თ. ბ–სათვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და მისი დამძიმების საფუძველი წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება.
14. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი