საქმე # 330100120003664950
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1092აპ-22 თბილისი
მ–ი მ., 1092აპ-22 23 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ–სის, მსჯავრდებულ ზ. ბ–ს, მსჯავრდებულების - ს. ბ–სა და ბ. ჩ–ს ადვოკატ ნ. ს–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენით:
· მ. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. მ–ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 12 თებერვლიდან;
· ს. ბ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 5000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. ბ–სს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 12 თებერვლიდან;
· ზ. ბ–სე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 12 თებერვლიდან;
· დ. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 12 თებერვლიდან;
· ბ. ჩ–სე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 12 თებერვლიდან.
2. განაჩენის მიხედვით, მ. მ–ს, ს. ბ–სა და ზ. ბ–ს მსჯავრი დაედოთ „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ხოლო დ. მ–სა და ბ. ჩ–ს - „ქურდული სამყაროს“ წევრისათვის მიმართვაში „ქურდული გარჩევის“ გზით თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o მ. მ–ი, ს. ბ–ს და ზ. ბ–ე აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“, სისტემატური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებსა“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, თავიანთი ქმედებებით გამოხატავენ მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე, აქტიურად მონაწილეობენ „ქურდული სამყაროს“ მიზნების შესასრულებლად;
o ბ. ჩ–სა და სხვა პირებს დ. მ–სა და ნ. შ–სთან ფინანსური პრეტენზიები ჰქონდათ საზღვარგარეთ დასაქმებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც, მათი აზრით, მიადგათ 8700 ევროს ზიანი;
o 2019 წლის ნოემბერში ბ. ჩ–მ, ფინანსური პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად, თავისი ძმის - ი. ჩ–ს მეშვეობით მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრ ს. ბ–ს, რომელიც „ქურდული წესების“ შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ჩაერთო საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდთან ნ. ფ–სთან მეტსახელად „ბ–თან“ შეთანხმებით;
o აღნიშნული დავის „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად გადაწყვეტაში ჩაერთო „ქურდული სამყაროს“ კიდევ ერთი წევრი ზ. ბ–სე;
o 2019 წლის ნოემბერში ზ. ბ–ე ს. ბ–სთან შეთანხმებით, შეხვდა დ. მ–სა და ნ. შ–ს. მან დ. მ–ს „ქურდული გარჩევის“ გზით მოსთხოვა, რომ 2019 წლის 15 დეკემბერს ს. ბ–სათვის მიეტანა 8700 ევრო;
o ამავე პერიოდში ნ. შ–მ და დ. მ–მა ფინანსური დავის თავიანთ სასარგებლოდ გადასაწყვეტად მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრს - მ. მ–ს;
o 2019 წლის 4 დეკემბერს არსებულ ვითარებაში გარკვევისა და „ქურდული წესების“ შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მ. მ–სი ტელეფონზე დაუკავშირდა ს. ბ–ს, რომელმაც, თავის მხრივ, საუბარში ჩართო ზ. ბ–ე. სატელეფონო კონფერენციის მეშვეობით შემდგარი „ქურდული გარჩევის“ შედეგად ძალაში დარჩა „ქურდული სამყაროს“ მიზნების შესასრულებლად დ. მ–სისათვის დაკისრებული 8700 ევროს გადახდა. ამის შემდეგ მ. მ–სი ნ. შ–სასა და დ. მ–სისგან ფარულად, კვლავ დაუკავშირდა ს. ბ–ს და დახმარება შესთავაზა „ქურდული გარჩევით“ დაკისრებული თანხის ამოღებაში. ისინი შეთანხმდნენ, რომ დ. მ–ს მიერ გადახდილი თანხის ერთი ნაწილი გაიგზავნებოდა „კანონიერ ქურდთან“ - ნ. ფ–სთან, მეორე ნაწილს გაინაწილებდნენ „ქურდული სამყაროს“ წევრები - ს. ბ–ს, ზ. ბ–ე და მ. მ–ი, ხოლო დარჩენილი ნაწილი განაწილდებოდა ბ. ჩ–სესა და სხვა პირებზე;
o ს. ბ–ს, ზ. ბ–ე და მ. მ–სი სისტემატურად ახდენდნენ ზეწოლას ნ. შ–სა და დ. მ–ზე, თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, აქტიურად მოქმედებდნენ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, თავიანთსა და სხვათა მატერიალური სარგებლის მიღებისა და „ქურდული სამყაროს“ მიზნების შესრულებისათვის, რის შედეგადაც 2019 წლის 23 დეკემბერს ნ. შ–სამ მ. მ–ს გადასცა 9500 აშშ დოლარი, საიდანაც მ. მ–მა 1750 აშშ დოლარი დაიტოვა თავისთვის, ხოლო 7750 აშშ დოლარი ნ. შ–ს სს „..... ბანკის“ მეშვეობით ჩაარიცხვინა ი. ჩ–ის ანგარიშზე. ბ. ჩ–მ 7750 აშშ დოლარიდან 700 აშშ დოლარი გადასცა „ქურდული სამყაროს“ წევრ ზ. ბ–სეს, გ. ქ–სა და რ. ც–სთვის გადასაცემი 800 აშშ დოლარი ჩაურიცხა რ. ც–ს მეუღლეს - ნ. გ–ს, ხოლო ა. ქ–ს, რ. ბ–სა და გ. ბ–ს - 400-400 აშშ დოლარი გადასცა ხელზე. დარჩენილი თანხა - 5050 აშშ დოლარი გაინაწილეს ბ. ჩ–მ და „ქურდული სამყაროს“ წევრმა ს. ბ–მ;
o გარდა ამისა, მ. მ–მა, თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, დ. მ–სსა და ნ. შ–ს თავისთვის დამატებით მოსთხოვა და გადაახდევინა 420 აშშ დოლარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ მ. მ–სის ადვოკატ ი. ლ–ს, მსჯავრდებულ ზ. ბ–სის ადვოკატ ნ. ა–ს, მსჯავრდებულების - ს. ბ–სა და ბ. ჩ–ს ადვოკატ ნ. ს–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ბ. ჩ–ს მიმართ შეიცვალა, კერძოდ: ბ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 12 თებერვლიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
Ш მსჯავრდებულმა მ. მ–სმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას ან ალტერნატივის სახით - ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის შემსუბუქებას;
Ш მსჯავრდებულების - ს. ბ–სა და ბ. ჩ–ს ადვოკატმა ნ. ს–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულთა გამართლებას;
Ш მსჯავრდებულმა ზ. ბ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მ. მ–ი, ს. ბ–ს და ზ. ბ–ე დამნაშავეებად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო დ. მ–სი და ბ. ჩ–ე სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
9. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
10. გარდა ამისა, სასჯელის შემსუბუქების შესახებ მსჯავრდებულ მ. მ–სის ალტერნატიულ მოთხოვნასთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო პალატამ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ მ. მ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
11. რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას საქმეზე დამატებით წარმოდგენილი მასალების დართვისა და შეფასების შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში მტკიცებულებათა წარმოდგენასა და გამოკვლევას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. მ–ს, მსჯავრდებულ ზ. ბ–ს, მსჯავრდებულების - ს. ბ–სსა და ბ. ჩ–ს ადვოკატ ნ. ს–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე