გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-69-768-03 26 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. რ-ი 1995 წლიდან მუშაობდა სააქციო საზოგადოება ბანკ “ა-ში” მოლარის თანამდებობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001წ. 23 მარტის ¹77 ბრძანებით სს “ა. ბ-ის” მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შეუსრულებლობისა და დარღვევის გამო, ასევე ბანკში შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობის ნორმალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის “ორგანული კანონის” 59-ე მუხლის და “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 31-34-ე მუხლების შესაბამისად, სს “ა. ბ-ის” ადმინისტრაციული მართვა 2001წ. 23 მარტიდან გადაეცა დროებით ადმინისტრაიას და დაინიშნა დროებითი ადმინისტრატორი.
2001წ. 17 აპრილს სს ბანკ “ა-ს” და სს ბანკ “ქ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება უფლებებისა და მოთხოვნების დათმობის შესახებ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2001წ. 21 მაისს სს ბანკ “ა-ს” და სს ბანკ “ქ-ს” შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, სს ბანკმა “ა-მა” გადასცა ბანკ “ქ-ს” ყველა უფლება და მოთხოვნა, რომელიც ასახულია ბანკ “ა-ის” საბალანსო ანგარიშებზე 2001წ. 20 აპრილის მდგომარეობით. აღნიშნულის გამო სს ბანკ “ქ-ს” გადაეცა სს ბანკ “ა-ის” დოკუმენტაცია.
2002წ. 30 იანვარს ლ. რ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ბანკი “ქ-ს” მიმართ, მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის 2970 აშშ დოლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: 2001წ. 5 მაისიდან იგი არ დაუშვეს სამსახურში. ამასთან, მოპასუხემ – ბანკმა “ქ-მ” მისი მოთხოვნის მიუხედავად არ ჩააბარა ბრძანება სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით – დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამუშაოდან დაითხოვეს 2001წ. 5 მაისს და ამის შემდეგ მას არ უმუშავია არც “ა. ბ-ში” და არც “ქ-ში”. სარჩელი სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით მან აღძრა 2002წ. 30 იანვარს ე.ი. მისი შრომითი უფლების დარღვევიდან რვა თვის შემდეგ, რითაც დაარღვია შკკ-ს 204-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მარტის განჩინებით ლ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის ვაკ-ესაბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ-მა, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მართალია, რომ იგი სამუშაოზე არ დაუშვეს 2001წ. 5 მაისიდან და მხოლოდ 8 თვის შემდეგ შეიტანა სარჩელი სასამართლოში სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით, მაგრამ იგი აღმოჩნდა იმ არაორდინალური სიტუაციის მსხვერპლი, რაც წარმოიშვა “ა. ბ-ისა” და ბანკი “ქ-ს” შერყწმის შედეგად, რა დროსაც “ა. ბ-ის” თითქმის ყველა თანამშრომელი გახდა ბანკი “ქ-ს” თანამშრომელი არ დააკმაყოფილა რა მისი სააპელაციო საჩივარი. სასამართლომ, დაარღვია სსკ-ს 383-ე მუხლი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მან დავის გადაწყვეტის დროს გამოიყენა შკკ-ს 204-ე მუხლი და არ გამოიყენა სკ-ს 84-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი სამუშაოდან დაითხოვეს 2001წ. 5 მაისს, ხოლო სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით მიმართა 2002წ. 30 იანვარს. სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესახებ კასატორს პრეტენზიები არ წამოუყენებია. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კი სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა შკკ-ს 204-ე მუხლი და სწორად ჩათვალა რ-ის სარჩელი ხანდაზმულად. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა შკკ-ს 204-ე მუხლი, არამედ სკ-ს 84-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების საცილოდ ცნობის ვადაა ერთი წელი. პალატა თვლის, რომ მოცემული დავა წარმოადგენს შრომით დავას და იგი მოწესრიგებული უნდა იყოს ამ კატეგორიის დავების მომწესრიგებელი სპეციალური კანონის შკკ-ით. აღნიშნული კანონის I მუხლის თანახმად, ეს კოდექსი აწესრიგებს საქართველოში მცხოვრებ მუშაკთა შრომით ურთიერთობებს საწარმოსთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.