საქმე # 330100120003433101
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1145აპ-22 თბილისი
ქ–ა ლ., 1145აპ-22 23 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ქ–ს ადვოკატ გ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 27 ივლისის განაჩენით:
1.1.
· ლ. ქ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო 333-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ. ქ–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ქ–ს განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2014 წლის 13 მარტიდან.
1.2. დამტკიცდა პროკურორსა და დ. ქ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:
· დ. ქ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
· დ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ქ–ს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. დ. ქ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 12 ნოემბრიდან.
1.3. დამტკიცდა პროკურორსა და ი. გ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:
· ი. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
· ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. გ–ს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ი. გ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 12 ნოემბრიდან.
2. განაჩენის მიხედვით, ლ. ქ–ს მსჯავრი დაედო:
ü მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია;
ü განზრახ უკანონო დაკავების ორგანიზებაში, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2006 წლის 10 მაისის ბრძანებით ლ. ქ–სა დაინიშნა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ........ მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს;
o საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის 2006 წლის 10 მაისის ბრძანებით ი. გ–ი დაინიშნა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ..... მთავარი სამმართველოს, .... სამსახურის ....... განყოფილების უფროს ოპერატიულ თანამშრომლად (გამომძიებლად) და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს;
o საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის 2006 წლის 10 მაისის ბრძანებით დ. ქ–ი დაინიშნა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის .... მთავარი სამმართველოს, ...... სამსახურის ...... განყოფილების უფროს გამომძიებლად და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს;
o 2006 წლის ივნისიდან იმავე წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მიიღეს გადაწყვეტილება, ბიზნესმენ ა. (ბ.) პ–ს მიმართ გააქტიურებულიყო მეთვალყურეობა, გაძლიერებულიყო კონტროლი მის საცხოვრებელ სახლებზე, დაცვასა და მასთან დაახლოებულ პირებზე. აღნიშნული ქმედებები უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტივობას, რაც მიუღებელი იყო იმჟამინდელი ხელისუფლებისათვის და აღიქმებოდა მაღალი რისკის საფრთხედ;
o 2006 წლის ივლისიდან იმავე წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ........... დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაგეგმეს ო–ს მუნიციპალიტეტის დაბა უ–ში მდებარე ა. (ბ.) პ–ს საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა, კერძოდ: სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან უნდა გაესროლათ, რაც იქნებოდა გაფრთხილება და მიზნად ისახავდა ა. პ–ს პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას;
o ............ დეპარტამენტის თანამშრომლებმა თავდასხმამდე უ–ს პოლიციის იმჟამინდელ უფროს - ჯ. შ–ს დაავალეს, რომ ბ. პ–ს სახლიდან პოლიციის თანამშრომლების მორიგე ჯგუფები მოეხსნა. ჯ. შ–მ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ა. პ–ს კომენდანტს - ზ. ი–ს და გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე. ეს ფაქტი ცნობილი გახდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისათვის, რის გამოც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ...... მთავარი სამმართველოს უფროსმა გ. დ–მ, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილემ ლ. ქ–მ, ამავე სამმართველოს ........ სამსახურის ....... განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა დ. ქ–მა და ამავე განყოფილების უფროსმა ოპერატიულმა თანამშრომელმა ი. გ–მა, ჯ. შ–ს დასჯის მიზნით, შეიმუშავეს მისი განზრახ უკანონოდ დაკავების გეგმა;
o გეგმის შესრულების მიზნით, გ. დ–ე შეხვდა ბ. ბ–ს, რომელიც თანამშრომლობდა სამართალდამცავ ორგანოებთან. საუბრისას დ–მ უთხრა, რომ სახელმწიფოს სჭირდებოდა მისი დახმარება, კერძოდ: საჭირო იყო უ–ს პოლიციის უფროსის ჯ. შ–ს დაკავება, რაც უნდა შეესრულებინა ბ. ბ–სა და თ. წ–ს, რომელიც ასევე თანამშრომლობდა სამართალდამცავ ორგანოებთან. თ. წ–თან კომუნიკაცია დაამყარეს და გეგმის შესრულებისათვის იგი სათანადოდ მოამზადეს დ. ქ–მა და ი. გ–მა;
o 2006 წლის 15 აგვისტოს, დაბა უ–ში, გეგმის მიხედვით, ბ. ბ–მა მოაწყო თ. წ–ს მობილური ტელეფონისა და ძვირფასეულობის ქურდობის ინსცენირება. ქურდობის შესახებ თ. წ–მა განაცხადა უ–ს პოლიციაში, რის საფუძველზეც პოლიციამ დაიწყო გამოძიება. თ. წ–ს მითითებით, იმავე დღეს, დააკავეს ბ. ბ–მი, რომელიც მიიყვანეს უ–ს პოლიციის შენობაში, სადაც მან თვითდაზიანება მიიყენა, ასევე სხეულზე მიიწვა სიგარეტი. ბ. ბ–მა ძალადობაში დასდო ბრალი უ–ს პოლიციის უფროსს - ჯ. შ–ს, რომელსაც ასევე დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ: სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში დასდო ბრალი თ. წ–მა;
o აღნიშნული ქმედებებით, გ. დ–ს, ლ. ქ–ს, დ. ქ–სისა და ი. გ–ს ორგანიზებით, ხელოვნურად შეიქმნა მტკიცებულებები, რაც მიმართული იყო ჯ. შ–მას უკანონოდ დასაკავებლად;
o 2006 წლის 22 აგვისტოს ჯ. შ–მა დაიბარეს ფ–ს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ლ. ქ–სა ორ პირთან ერთად მივიდა და ჯ. შ–მა იძულებით წაიყვანეს ....... საქართველოს საოლქო პროკურატურაში. პროკურატურაში მითითებული პირების ორგანიზებით შესრულებული ქმედებებისა და ამ ქმედებების შედეგად ხელოვნურად შექმნილი გარემოებების საფუძველზე ჯ. შ–მა იმავე დღეს დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. გეგმის შესრულება არ შეწყვეტილა ჯ. შ–ს ბრალდების საქმის სასამართლოში განხილვის დასრულებამდე, რა დროსაც თ. წ–ი და ბ. ბ–ი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისაგან, კერძოდ: დ. ქ–სა და ი. გ–საგან იღებდნენ ინსტრუქციას, თუ რა შინაარსის ჩვენება უნდა მიეცათ სასამართლოში;
o ყოველივე ზემოაღნიშნულს მოჰყვა მძიმე შედეგი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ჯ. შ–ს უკანონოდ დაედო მსჯავრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც ფიზიკური პირისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 27 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ქ–ს ადვოკატმა გ. გ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ. ქ–სას გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ქ–ს ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 27 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ქ–ს ადვოკატმა გ. გ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ლ. ქ–ს გამართლებას.
7. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორი ნათია თათიაშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ არ დაუშვას მსჯავრდებულ ლ. ქ–ს ადვოკატ გ. გ–ს საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ლ. ქ–სა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ქ–ს ადვოკატ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ნ. სანდოძე