გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-718-1358-03 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და ფულადი მოთხოვნის.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. კ-ა მუშაობდა შპს გაზეთ “ს. გ.” .... თანამდებობაზე. გაზეთის ადმინისტრაციამ იგი ყველა თანამშრომელთან ერთად გაუშვა უხელფასო შვებულებაში 2000წ. 4 მაისის ¹13/01-07 ბრძანებით.
შპს გაზეთ “ს. გ.” მთავარი რედაქტორის 2002წ. 25 ივლისის ¹9/01-07 ბრძანებით შეწყვეტილ იქნა მ. კ-ას და გაზეთს შორის შრომითი ურთიერთობა 2002წ. 1 ოქტომბრიდან იმ საფუძვლით, რომ მან გაზეთის ადმინისტრაციის მიერ დათქმულ ვადაში არ მოაწერა ხელი ახალ შრომით ხელშეკრულებაზე. მ. კ-ამ 2002წ. აგვისტოში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს გაზეთ “ს. გ.” მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან მისი დათხოვნის შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობა, სამუშაოზე აღდგენა შკკ-ს 206-ე, 208-ე მუხლების საფუძველზე. მან მოითხოვა ასევე გაზეთის ადმინისტრაციის 2000წ. 4 მაისის უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობა; უხელფასო შვებულებაში უკანონოდ ყოფნის მთელი პერიოდის 2000წ. 15 მაისიდან 2002წ. 20 ივლისამდე – ყოველთვიური ანგარიშსწორების დაკისრება მოპასუხისათვის შკკ-ს 76-ე და 214-ე მუხლების საფუძველზე; ასევე მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრება.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. უკანონოდ იქნა ცნობილი შპს გაზეთ “ს. გ.” მთავარი რედატორის 2002წ. 25 ივლისის ¹9/01-07 ბრძანება მ. კ-ას სამუშაოდან დათხოვნის შესახებ და იგი აღდგენილ იქნა .... თანამდებობაზე. შპს გაზეთ “ს. გ.” დაეკისრა მ. კ-ას სასარგებლოდ იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის – 180 ლარის გადახდა. უხელფასო შვებულების ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ. კ-ას წარმომადგენელმა ნაწილობრივ გაასაჩივრა და მოითხოვა უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ შპს გაზეთ “ს. გ.” 2000წ. 4 მაისის ¹13/01-07 ბრძანების ბათილად ცნობა; შპს გაზეთ “ს. გ.” მ. კ-ას სასარგებლოდ 2000წ. 15 მაისიდან 2002წ. 20 ივლისამდე ყოველთვიური ანაზღაურების დაკისრება შკკ-ს 76-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 4 ივნისის ¹351 ბრძანებულებით დადგენილი მინიმალური 20 ლარის ოდენობით, სულ 520 ლარის ოდენობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აგვისტოს განჩინებით მ. კ-ას წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ აპელანტმა არ უარყო ის ფაქტი, რომ უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ ადმინისტრაციის 2000წ. 4 მაისის ¹13/01-07 ბრძანება მ. კ-ასთვის იმთავითვე იყო ცნობილი.
შკკ-ს 204-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მუშა-მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ შრომის დავის კომისიას სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მათ გაიგეს ან უნდა გაეგოთ თავიანთი უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო დათხოვნის საქმეთა გამო რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
მ. კ-ამ ადმინისტრაციის 2000წ. 4 მაისის განჩინება მხოლოდ 2002წ. 29 აგვისტოს გაასაჩივრა, მან გაუშვა შრომის დავის გასაჩივრების ხანდაზმულობის სამთვიანი ვადა.
სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სკ-ს 129-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, რადგანაც შკკ-ს 204-ე მუხლი სპეციალური ნორმაა, რომლითაც განსაზღვრულია შრომის დავის გადასაწყვეტად მიმართვის ვადები.
მ. კ-ას წარმომადგენელმა პ. კ-ემ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აგვისტოს განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, შპს გაზეთ “ს. გ.” მთავარი რედაქტორის 2000წ. 4 მაისის ¹13/01-07 ბრძანების მ. კ-ას უხელფასო შვებულებაში გაშვების ნაწილში ბათილად ცნობა და შპს გაზეთ “ს. გ.” მ. კ-ას სასარგებლოდ 2000წ. 15 მაისიდან 2002წ. 20 ივლისამდე ყოველთვიური ანაზღაურების დაკისრება შკკ-ს 76-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. კ-ას სადავო ბრძანების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოსათვის შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამთვიანი ვადის განმავლობაში უნდა მიემართა, ემყარება კანონის არასწორ განმარტებას. მითითებული ნორმა სამთვიან ვადას ადგენს შრომითი დავის კომისიაში მიმართვისათვის. რაც შეეხება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას, შრომის კანონთა კოდექსი ასეთს ითვალისწინებს მხოლოდ სამუშაოდან დათხოვნის საქმეებზე, ხოლო სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით რაიმე სპეციალურ ვადას არ ადგენს. ვინაიდან მ. კ-ას მოთხოვნა წარმოშობილია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის სკ-ს 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სამწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გაზეთ “ს. გ.” მთავარი რედაქტორის 2000წ. 4 მაისის ¹13/01-07 ბრძანებით ყველა თანამშრომელი და მათ შორის მ. კორსანტია გაშვებული იქნა უხელფასო შვებულებაში იმწ. 15 მაისიდან ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე მ. კ-ამ ამ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა 2002წ. აგვისტოში. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. კ-ას მოთხოვნა _ უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ 2000წ. 4 მაისის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ – სწორად მიიჩნია ხანდაზმულად შკკ-ს 204-ე მუხლის საფუძველზე. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ შრომითი დავის კომისიას სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მათ გაიგეს ან უნდა გაეგოთ თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ, ხოლო დათხოვნის საქმეთა გამო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მ. კ-ას სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი უნდა გადაეწყვიტა არა შკკ-ს, არამედ სკ-ს 129-ე მუხლის შესაბამისად, რადგან მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა. დადგენილია, რომ მ. კ-ა მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობდა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა შორის შრომის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს, ამიტომ მათ შორის წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად სწორად იქნა გამოყენებული სპეციალური კანონი, შრომის კანონთა კოდექსი.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატას მოცემული დავის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. კ-ას წარმომადგენელი პ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აგვისტოს განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.