Facebook Twitter

საქმე # 190100120003804552

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1178აპ-22 თბილისი

მ–ი ზ., 1178აპ-22 30 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. მ–ს ბრალი დაედო:

ü სხვაგვარ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);

ü სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2019 წლის დეკემბერში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, თავის საცხოვრებელ სახლში, ზ. მ–სმა იძალადა თავისი ძმის მეუღლეზე - ჩ. მ–ზე, კერძოდ: იმის გამო, რომ ეზოში შესასვლელი ჭიშკარი დაკეტილი დახვდა და მისთვის მისაღები არ აღმოჩნდა სახლში მყოფი სტუმარი - ჩ. მ–ს დისშვილი - ნ. მ–ა, ჩ. მ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუშტი დაარტყა მარცხენა მხარზე და თმა მოქაჩა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o 2020 წლის 4 ივლისს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ზ. მ–მა იძალადა თავისი ძმის მეუღლეზე - ჩ. მ–საზე, კერძოდ: იმის გამო, რომ მისთვის მიუღებელი იყო ჩ. მ–სას მუშაობა მიწის ნაკვეთში, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თმა მოქაჩა, ძირს დააგდო და გააგრძელა თმის მოქაჩვა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o 2020 წლის 4 ივლისს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ზ. მ–სმა იძალადა თავისი ძმის მეუღლეზე - ჩ. მ–ზე იმის გამო, რომ მისთვის მიუღებელი იყო ჩ. მ–ს მუშაობა მიწის ნაკვეთში, რის შემდეგაც დანის გამოყენებით დაემუქრა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით:

· ზ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 4 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

· ზ. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 4 ივლისის ეპიზოდში) და დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი, რაც ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

4. განაჩენის მიხედვით, ზ. მ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 4 ივლისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ზ. მ–სმა იძალადა თავისი ძმის მეუღლეზე - ჩ. მ–ზე, კერძოდ: იმის გამო, რომ მისთვის მიუღებელი იყო ჩ. მ–სას მუშაობა მიწის ნაკვეთში, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თმა მოქაჩა, ძირს დააგდო და გააგრძელა თმის მოქაჩვა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ზ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 4 ივლისის ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით; ამასთან, ზ. მ–ს ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 4 ივლისის ეპიზოდი) მსჯავრდებასთან მიმართებით - ასევე მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ზ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 4 ივლისის ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით; ამასთან, ზ. მ–ს ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 4 ივლისის ეპიზოდი) მსჯავრდებასთან მიმართებით - ასევე მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ზ. მ–ს ბრალეულობას მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 4 ივლისის ეპიზოდი) ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

11. საკასაციო პალატა, ასევე, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას ზ. მ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 4 ივლისის ეპიზოდი) მსჯავრდების შესახებ. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ზ. მ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

12. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე