Facebook Twitter

საქმე # 200100120003687045

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1190აპ-22 ქ. თბილისი

გ. გ. 1190აპ-22 30 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. ჩ–სა და მ. პ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 4 მარტს შსს თ–ს რაიონული სამმართველოს გამომძიებლების მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N........., რომლის მიხედვით, გ. გ–ს (პ/ნ ..........) 30 დღის ვადით აეკრძალება იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ა. ი–ი (პ/ნ ........., დაბ. .......... წელს) ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კონტაქტი და ყოველგვარი კონფლიქტი.

2020 წლის 4 და 5 მარტს, გ. გ–მ განახორციელა სატელეფონო კომუნიკაცია ა. ი–სთან, კერძოდ, ა. ი–ს მის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე 5.......მისწერა მოკლეტექსტური შეტყობინებები, მობილური ტელეფონის ნომრებიდან 5....... და 5........., ასევე, დაურეკა მობილური ტელეფონის ნომრიდან 5......... ასევე, 2020 წლის 15 მარტს და 16 მარტს, გ. გ–სემ განახორციელა სატელეფონო კომუნიკაცია ა. ი–სთან, კერძოდ, ა. ი–ს მის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე 5.......... მისწერა მოკლეტექსტური შეტყობინებები მობილური ტელეფონის ნომრიდან 5.......... აღნიშნული ქმედებებით გ. გ–მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, დაამყარა ა. ი–სთან აკრძალული სატელეფონო კომუნიკაცია.

2.2. 2020 წლის 4 მარტს შსს თ-ს რაიონული სამმართველოს გამომძიებლების მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N........., რომლის მიხედვით, გ. გ–სეს (პ/ნ ...........) 30 დღის ვადით აეკრძალება იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - მ. ი–სი (პ/ნ .........., დაბ. 15. 11. 1983 წელს) ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კონტაქტი და ყოველგვარი კონფლიქტი.

2020 წლის 10 მარტს, ასევე 24, 25 და 26 მარტს, გ. გ–მ განახორციელა სატელეფონო კომუნიკაცია მ. ი–თან, კერძოდ, მ. ი–ს მის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე 5....... მისწერა მოკლეტექსტური შეტყობინებები მობილური ტელეფონის ნომრებიდან 5..... და 5............ აღნიშნული ქმედებებით გ. გ–მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, დაამყარა მ. ი–სთან აკრძალული სატელეფონო კომუნიკაცია.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 აპრილის განაჩენით:

3.1. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა. ი–ს ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათი;

3.2. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ. ი–ს ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათი;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა. ი–ს ეპიზოდში) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ. ი–ს ეპიზოდში) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ–ს დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა გ. გ–სის მიმართ კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს მსჯავრდებულ გ. გ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. პ–ა და ლ. ჩ–მა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:

5.1. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა. ი–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათი;

5.2. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ. ი–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათი;

5.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა. ი–ს ეპიზოდში) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ–ს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათი;

5.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ. გ–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათი.

5.5. გ. გ–ს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო აღნიშნული განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ლ. ჩ–მა და მ. პ–მა, რომლებიც ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას გ. გ–ის 2018 წლის 15 ივნისს შეფარდებული პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მისთვის სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების ნაწილში.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე მიუთითებს, რომ დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან საქმეზე განაჩენის დადგენამდე საკმაოდ ადრე გ. გ–ს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე კი გ. გ–ე ერთი დანაშაულის გამო იხდის ორ სხვადასხვა სასჯელს.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ გ. გ–ს საქართველოს სსკ-ს 3811-ე მუხლის პირველი ნაწილში(ორი ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. გ–ს აღიარებასთან ერთად საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, (დაზარალებულების: ა. ი–ს, მ. ი–ს ჩვენებებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეების: შ. შ–ს, ზ. დ–ს, ქ. ი–ს, ა. კ–ს, გ. ფ–ს, ნ. ბ–ს, ნ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით და თანდართული ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ამოღების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. გ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.

10. რაც შეეხება გ. გ–სათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გ. გ–ს წინა განაჩენით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა გასული იყო, მის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.

11. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას და კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს პირობით მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის და არა ამ დანაშაულისათვის სასამართლოს განაჩენის დადგენის დროს - გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისთვის სასჯელის განსაზღვრისათვის ირელევანტურია განაჩენის დადგენა მოხდება აღნიშნული გამოსაცდელი ვადის ფარგლებში თუ მისი დასრულების შემდეგ (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015წლის 24 დეკემბრის განაჩენი საქმეზე N 401აპ-15; 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენი საქმეზე 727აპ-22).

12. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ გ. გ–მ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში (გამოსაცდელი ვადა დაასრულა 2020 წლის 14 ივნისს (იხ.: კ-ს პრობაციის ბიუროს ცნობა - ტ.2, ს.ფ. 67)).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი იმპერატიული ხასიათის ნორმაა, რომელიც ადგენს სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის გაუქმების და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით სასჯელის განსაზღვრის ვალდებულებას მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

14. შესაბამისად, გ. გ–ს ახალი დანაშაულის ჩადენისას თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით შეფარდებული სასჯელი არ ჰქონია მოხდილი, იგი პირობითად ჰქონდა ჩათვლილი, რომელიც დაარღვია გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენით, რის გამოც გაუქმდა პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი შეეფარდა განაჩენთა ერთობლიობით, რაც იმთავითვე და უპირობოდ გამორიცხავს კასატორის მტკიცებას ერთი და იმავე დანაშაულის ჩადენისათვის გ. გ–ს ორჯერ შესაძლო მსჯავრდების თაობაზე.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. ჩ–სა და მ. პ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი