გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-732-1370-03 11 დეკემბერი, 2003 წ. , ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ბინის გამოთხოვა (ძირითადი სარჩელი); ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მისი იპოთეკის ხელშეკრულებად ცნობა (შეგებებული სარჩელი).
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 20 მარტს მ. დ-ესა და გ. მ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.თბილისში, ..., რომელიც გატარდა საჯარო რეესტრში და აღირიცხა გ. მ-ის სახელზე.
იმ მოტივით, რომ მ. დ-ე არ ათავისუფლებს ბინას, გ. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სადავო ბინიდან მ. დ-ის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლება.
მ. დ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მასსა და გ.მ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გარიგების მიმართ დაფარული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების წესების გამოყენება და სესხის დაბრუნებისთვის ვადის დანიშვნა.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი გ. მ-ესა და მ. დ-ეს შორის სადავო ბინაზე 2000წ. 20 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. როგორც თვალთმაქცური და მხარეთა შორის დადებული გარიგება ჩაითვალა სესხის უზრუნველყოფის მიზნით დადებული იპოთეკის ხელშეკრულებად. მ.დ-ეს პროცენტიანი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისრა გ.მ-ის სასარგებლოდ თვეში 3%-იანი განაკვეთის შესაბამისად, 3380 ლარის გადახდა. სადავო ბინა აღირიცხა მ.დ-ის სახელზე და იგი დაიტვირთა იპოთეკის ხელშეკრულებით, შესაბამისად, შევიდა სათანადო ცვლილებები საჯარო რეესტრში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მ. დ-ე მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდა ქ.თბილისში, ... მ. დ-ის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. დ-ემ, რომლითაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ სსკ-ს 401-ე მუხლის საფუძველზე, მ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, დანიშნა სასამართლო სხდომა და კასატორს დაავალა 2003წ. 20 ნოემბრამდე საკასაციო პალატას ფოსტიდან წარმოუდგინოს კასატორისთვის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. დათქმულ ვადაში მ. დ-ეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა საჩივრის შემოტანამდე ერთი თვით ადრე.
2003წ. 24 ნოემბერს მოწინააღმდეგე მხარე გ. მ-ემ საკასაციო პალატას წარმოუდგინა “თბილისის ფოსტამტის” უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ჯ.მ-ის, წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ მ. დ-ის (მცხოვრები ქ.თბილისში) სახელზე 2002წ. 18 დეკემბერს მიღებული წერილი ადრესატს ჩაბარდა იმავე დღეს.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
სსკ-ს 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისთვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გადაგზავნის დრო, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი აღნიშნულია: თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
საქმის მასალების შემოწმებამ ცხადყო, რომ სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო მ. დ-ეს სააპელაციო პალატის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2002წ. 11 ნოემბერს. მ. დ-ემ კი საკასაციო საჩივარი შეიტანა 2003წ. 2 ივლისს. სსკ-ს 60-ე მუხლით განსაზღვრულია საპროცესო ვადის გამოთვლის წესი. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულია, რომ წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილით, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამდენად, მ. დ-ემ დაარღვია საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა, ე.ი. საკასაციო საჩივარი შეიტანა 6 თვისა და 14 დღის შემდეგ.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, არ არსებობს სსკ-ს 391-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის შეტანის წანამძღვრები და იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 391-ე მუხლის პირველი ნაწილით, 397-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 401-ე მუხლის I ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. დ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.