Facebook Twitter

საქმე # 330100120003990032

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1193აპ-22 ქ. თბილისი

მ. ჰ. 1193აპ-22 28 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ჰ. მ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ჰ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, მ. ც–ს ქუჩის .. კორპუსში, ბინა №..-ში ჰ. მ–მ, ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლეს - რ. ა–ს ორივე ხელი მოჰკიდა მკლავებზე, მოუჭირა და შეანჯღრია, რა დროსაც რ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენით ჰ. მ–უ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ჰ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა მოითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ჰ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ ჰ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. გ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, par. 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰ. მ–სუს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

9. დაზარალებულმა - რ. ა–მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის შინაარსის ამსახველი აუდიოჩანაწერის გაზიარებასთან დაკავშირებით და კვლავაც აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია აუდიოჩანაწერში გადმოცემული ინფორმაცია და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ( მათ შორის არც დაზარალებულის ჩვენებით) არ დასტურდება, რომ „ინიციატორის“ სახელით მოსაუბრე პირის ხმა ნამდვილად ეკუთვნის დაზარალებულს, შეუძლებელია, მოცემული ჩანაწერი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

11. რაც შეეხება კასატორის პოზიციას პოლიციელთა(ბ. მ-ს, ე. დ-ს) ჩვენებების შესახებ, რომლებსაც გამოძიების ეტაპზე პირდაპირი კავშირი ჰქონდათ დაზარალებულთან, რომელმაც, თავის მხრივ, დაადასტურა მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული მოწმეები უშუალოდ ძალადობის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში არ შესწრებულან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, ხოლო ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერის (მხარეების მიერ არ არის უდავოდ ცნობილი; შემაკავებელი ორდერის ოქმი ხელმოწერილია დაზარალებულის და ოქმის შემდგენელი პირის მიერ(იხ. ტ.1, ს.ფ. 17-20)) გარდა საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება. ამასთან, მოწმე ო. ა–მ არ დაადასტურა ჰ. მ–ს მიერ დაზარალებულ რ. ა–სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის მიყენება. შესაბამისად, ძალადობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს არც დაზარალებულის ჩვენება და არც სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად არ ადასტურებენ დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას (ტკივილის მიყენება არ დასტურდება არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: საქმე №746აპ-19; საქმე №674აპ-20)) - არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა.

14. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, pat. 82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

15. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ჰ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

16. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება“ (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, par.54, ECtHR, 8/07/2021). „ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009); როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის” (Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“, მაგრამ „კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს“ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება II-20); „შესაძლოა არსებობდეს რიგი საკითხებისა, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით და მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად უნდა შეამოწმოს“(იხ.: იქვე, II-22).

19. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022წლის 4 ნოემბრის განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ. აღნიშნულის მიუხედავად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლს და საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში უნდა აღინიშნოს გამართლებულის უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

19.1. მოცემულ შემთხვევაში არც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული გამართლებულის უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, რითაც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის მოთხოვნა.

19.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს გამამართლებელი განაჩენის დადგენისას საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვის მნიშვნელობას გამართლებულისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზაციის მიზნებისთვის.

19.3. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაშვებულ საპროცესო კანონმდებლობის აღნიშნულ დარღვევას არ შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის არც ამ საფუძვლით დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი (იხ. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. გამართლებულ მ. ჰ–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი