გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-74-771-03 28 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 6 სექტემბერს ჯ. ი-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 2002წ. 9 აგვისტოს გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. კასპში, ... მდებარე პრივატიზებული არასაცხოვრებელი ფართობის ნახევარი 64 კვ.მ. ოდენობით, 2002წ. 9 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით 1600 აშშ დოლარად მიყიდა ლ. ბ-ს. ამ ხელშეკრულების შესაბამისად ლ. ბ-მა იმავე დღეს მოსარჩელეს გადაუხადა 700 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 900 აშშ დოლარი 2002წ. 1 სექტემბრამდე უნდა გადაეხადა, რის შემდეგაც მოპასუხეს გადაეცემოდა 64 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თუ მყიდველი არ შეასრულებდა პირობას, ორივე მხარე ვალდებული იყო დაებრუნებინა ერთმანეთისათვის ის, რაც ხელშეკრულების შესაბამისად მიიღეს. მოცემულ შემთხვევაში ლ. ბ-მა არ გადაიხადა დარჩენილი 900 ლარი, რის გამოც მოსარჩელემ აღძრა სარჩელი სასამართლოში და მოითხოვა 2002წ. 9 აგვისტოს ხელშეკრულების გაუქმება იმ პირობით, რომ მოპასუხეს დაუბრუნებდა მისთვის “ბეს” სახით გადახდილ 700 აშშ დოლარი.
მოპასუხე ლ. ბ-მა არ ცნო სარჩელი და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს. მან შეგებებული სარჩელით მოითხოვა სარჩელით მოთხოვნილი თანხის გაქვითვა, რადგან ობიექტის პრივატიზაციის თანხა – 2112 აშშ დოლარი თვითონ გადაიხადა. ლ. ბ-მა აღნიშნა, რომ მოსარჩელესთან ერთად მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილების მიერ 2002წ. 25 ივნისს ჩატარებულ აუქციონში, სადაც მათ თანაბარ წილად შეიძინეს სადავო ფართი. ჯ.ი-მა გადაიხადა მხოლოდ ორივე მათგანის აუქციონში მონაწილეობისათვის “ბეს” სახით გადასახდელი 195 აშშ დოლარის ეკვივალენტი 431 ლარი, ლ. ბ-მა კი გადაიხადა აუქციონის ბარათების საფასური 45,5 აშშ დოლარი, რაც 100 ლარს შეადგენს. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელესთან ერთად ფართი შეიძინა თანაბარწილად, მაგრამ, რადგან ჯ. ი-ს საპრივატიზაციო თანხა არ გააჩნდა, ძირითადი თანხა – 2112 აშშ დოლარი გადაიხადა ლ. ბ-მა.
მოსარჩელემ უარყო ლ. ბ-ის შეგებებულ სარჩელში აღნიშნული გარემოებები.
კასპის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. 2002წ. 9 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა. ლ. ბ-ს ჯ. ი-ისაგან დაუბრუნდა 700 აშშ დოლარი, ხოლო ჯ. ი-ს ლ. ბ-ისაგან _ 1/2½ წილი მთელი არასაცხოვრებელი ფართისა, მდებარე ... ქ. კასპში. ლ. ბ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ჯ. ი-ის სარჩელზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის _ დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილების მიერ 2002წ. 24 ივნისს ორგანიზებულ აუქციონზე ლ. ბ-მა და ჯ. ი-მა თანაბარწილად შეიძინეს ქ. კასპში, ... მდებარე 128 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, რაზეც ქონების მართვის კასპის რაიონული განყოფილებასა და მყიდველებს შორის 2002წ. 9 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხელშეკრულება, რომელიც სანოტარო წესით დამოწმდა. ამ ხელშეკრულების თანახმად აუქციონში (50%-ის ფასდაკლებით) გამარჯვებულმა მყიდველებმა ლ. ბ-მა და ჯ. ი-მა თანაბარ წილად, 2112 აშშ დოლარად, შეისყიდეს ქ. კასპში, ... მდებარე 128 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. ნასყიდობის საგანთან ერთად მათ გადაეცათ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 67 კვ.მ. მიწის ფართი, რომელიც მათ მიერ გამოსყიდული იქნა 94 ლარად.
2002წ. 9 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით, რომლის თანახმად ჯ. ი-მა მის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის წილი, მიწის ნაკვეთის შესაბამის წილთან ერთად, 1600 აშშ დოლარად მიჰყიდა ლ. ბ-ს. აქედან, 700 აშშ დოლარი მყიდველმა გადაუხადა გამყიდველს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას _ 2002წ. 9 აგვისტოს, ხოლო დანარჩენი 900 აშშ დოლარი ლ. ბ-ს უნდა გადაეხადა 2002წ. 1 სექტემბრამდე, წლიური პროცენტის გადახდის გარეშე. ამავე ხელშეკრულებით გამყიდველმა მყიდველს გადასცა ნასყიდობის საგანი და საბუთების ასლები. ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუ მყიდველი ლ.ბ-ი არ შეასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას, უარის თქმისას ორივე მხარე ვალდებული იყო დაებრუნებინათ ერთმანეთისათვის ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამრიგად, ჯ.ი-სა და ლ.ბ-ს შორის 2002წ. 9 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო სკ-ს 506-508-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
ის ფაქტი, რომ ლ. ბ-მა ჯ.ი-ს 2002წ. 1 სექტემბრამდე არ გადაუხადა დარჩენილი 900 აშშ დოლარი და ამით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, დადასტურებულია როგორც საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით, ასევე თვით ლ.ბ-ის ახსნა-განმარტებით. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლობის გამო არ გაიზიარა მოპასუხის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ საპრივატიზაციო ობიექტი ძირითადად მისი თანხით იქნა შესყიდული და ამიტომ ჯ.ი-ს ჰქონდა მისი ვალი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საპრივატიზაციო თანხები გადახდილია როგორც ლ. ბ-ის, ისე ჯ. ი-ის მიერ. საპრივატიზაციო ობიექტი მხარეებს თანაბარწილად ჰქონდათ შეძენილი. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისას და შემდეგაც ლ.ბ-ს არ განუცხადებია, რომ ჯ.ი-ს მისი ვალი ჰქოდა.
სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა 505-508-ე მუხლებით, რომელიც არეგულირებს მხარეთა უფლება-მოვალეობებს გარიგებისას ნასყიდობის გადახდის განვადების დროს, რაც მას არ გაუხდია სადავოდ, სამაგიეროდ შეფასება არ ეძლევა იმას, რაც წინ უძღვოდა ამ გარიგებას, კერძოდ, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა გადახდილი ღირებულება იმ ქონებისა, რასაც ლ.ბ-ზე ასხვისებდა.
კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სკ-ს 442-ე მუხლის პირველი პუნქტი ვალდებულებათა გაქვითვის შესაძლებლობის შესახებ, რომლის შესაბამისად ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ შეადგენს 900 აშშ დოლარს, ხოლო მოპასუხის მოთხოვნა მოსარჩელის მიმართ – 915 აშშ დოლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ბ-მა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ჯ.ი-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და მოსარჩელის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული 128 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაენო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო ნასყიდობის ხელშეკრულება არაა ნამდვილი, და, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა ამ გარიგების დადებას წინ რა გარემოებები უძღოდა. პალატა მიუთითებს, რომ სკ-ს 327-ე მუხლით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 506-ე მუხლის პირველი ნაწილით, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უდავო ფაქტია, რომ ლ. ბ-სა და ჯ. ი-ს შორის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმითაა დადებული და იგი შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს (506-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ასევე უდავოა, რომ ხელშეკრულების მხარეებს აღნიშნული გარიგება საცილო არ გაუხდიათ რესტიტუციული (ძველი უფლებრივი მდგომარეობის აღდგენა) სარჩელის აღძვრამდე. მოსარჩელის მოთხოვნა კი ეფუძნება ხელშეკრულების მე-8 პუნქტს და სკ-ს 508-ე მუხლით დადგენილ წესს – გამყიდველმა უფლება დაიტოვა უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ მყიდველი არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება კი კანონით ბათილია. უდავოა, რომ მყიდველმა არ გადაიხადა ნივთის ფასი. ამდენად, როგორც მოთხოვნა (სარჩელი), ისე სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დასაბუთებულია ფაქტობრივი და იურიდიული თვალსაზრისით.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ობიექტის საპრივატიზაციო თანხა მყიდველებმა – ლ. ბ-მა და ჯ. ი-მა _ გადაიხადეს, რის გამოც შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არასწორად დაადგინა, რაც უსაფუძვლოა. კასატორი მიუთითებს გადახდის ქვითრებზე, სადაც ზოგან გადამხდელად ლ. ბ-ია მითითებული. სსკ-ს 105-ე მუხლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მას ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამასთან, გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ განჩინებაში მიუთითა დადგენილ გარემოებებზე, მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ კასატორის საკასაციო პრეტენზია საპრივატიზაციო თანხის გადახდის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. კასატორი ვერ მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ საბუთზე, რომელთა განხილვის შემთხვევაშიც საქმეზე სხვა ფაქტობრივი გარემოებანი დამტკიცდებოდა. კასატორი ასევე ვერ მიუთითებსსასამართლოში წარდგენილ ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც სასამართლომ არ მიიღო და ამ მტკიცებულებას საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა (დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია).
დადგენილია, რომ ლ. ბ-მა 1600 აშშ დოლარად, გადახდის განვადებით, ჯ. ი-ისაგან შეიძინა პრივატიზებული ობიექტის ½1/2 წილი. პალატა მიუთითებს, რომ 2000წ. 9 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების მე-10 მუხლით ნასყიდობის საგანი უფლებრივად უნაკლოა. ე.ი. არავის, მათ შორის თვით ლ. ბ-ს, არ შეეძლო ამ ნივთზე თავისი უფლებების გამო პრეტენზია განეცხადებინა.
პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სსკ-ს 105-ე მუხლის საფუძველზე სწორად შეაფასა და კანონდარღვევის გარეშე გამოიტანა განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.