Facebook Twitter

საქმე # 010100121004956774

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1234აპ-22 ქ. თბილისი

ო–ი რ., 1234აპ-22 21 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ო–სა და ს. ჩ–ს ბრალად ედებოდათ გამოძალვა, ესე იგი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ბ–ში, .....ის ქ. №..-ში მდებარე ღამის კლუბ „ბ–ში“, რ. ო–მა და ს. ჩ–მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თ–ს რესპუბლიკის მოქალაქეებს – მ. ჰ. ა–ს, ა. ჩ–სა და ჰ. დ–ს მოსთხოვეს 5700 ლარის გადახდა, მათი უარის შემდეგ კი, ასევე ძალადობის გამოყენებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მათი ნების საწინააღმდეგოდ წაართვეს და გადაახდევინეს ფულადი თანხა – 11 173 თურქული ლირა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენით რ. ო–სა და ს. ჩ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე; რ. ო–ი, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, და ს. ჩ–ი, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯათ 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოთ 2021 წლის 23 ივლისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ რ. ო–მა და ს. ჩ–მა ჩაიდინეს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნებასურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ბ–ში, .........ის ქ. №..-ში მდებარე ღამის კლუბ „ბ–ში“, რ. ო–მა და ს. ჩ–მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – მ. ჰ. ა–ი, ა. ჩ–ი და ჰ. დ–ი აიძულეს, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გადაეხადათ მენიუს არარსებული საზღაური.

5. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. ო–სა და ს. ჩ–ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მათთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.

6. მსჯავრდებულების ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ჯ–ე შესაგებლით ითხოვს პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გასაჩივრებულ განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლოში წარმოდგენილი, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა, რომ რ. ო–ა და ს. ჩ–ს ქმედებებში ცალსახად გამოკვეთილი იყო ბრალად წარდგენილი დანაშაულის – გამოძალვის – შემადგენლობა და მათი ქმედებები მართებულად შეფასდა, როგორც ჯგუფურად ჩადენილი იძულება. მსჯავრდებულთა ქმედებები პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სამართლებრივად სწორად შეაფასეს და, შესაბამისად, მათი მსჯავრდება არის კანონიერი, კერძოდ: საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მსჯავრდებულთა და დაზარალებულთა შორის დავის საფუძველს წარმოადგენდა ღამის კლუბში მათთვის გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მხარეთა პრეტენზიები. მსჯავრდებულები კატეგორიულად მოითხოვდნენ დაზარალებულებისგან გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, რომლის ოდენობას დაზარალებულები არ ეთანხმებოდნენ, რა დროსაც მსჯავრდებულების – რ. ო–სა და ს. ჩ–ს ქმედებები, მიმართული დაზარალებულთა მიმართ კლუბის მიერ გაწეული დანახარჯის ამოღებისკენ, გადაიზარდა ძალადობის გამოყენების მუქარაში იმ მიზნით, რომ დაზარალებულები ეიძულებინათ, გადაეხადათ მომსახურების ღირებულება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია არა გამოძალვის, არამედ იძულების დანაშაულის შემადგენლობა.

9. გარდა ამისა, მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (№852აპ-19, №764აპ-19, №732აპ-20), რომელსაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება. ამასთან, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება სხვა გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

11. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ რ. ო–მა და ს. ჩ–მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული – იძულება ჯგუფურად, ე. ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე. ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე