Facebook Twitter

საქმე # 330100121004574470

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1259აპ-22 ქ. თბილისი

ხ–ა ბ., 1259აპ-22 20 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ხ–ს ბრალი დაედო: ადევნებაში, ე. ი. უკანონო, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებაში ტელეფონით, ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და გამოიწვია პირის ფსიქიკური ტანჯვა, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის; ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

§ 2020 წლის აპრილისა და მაისის თვეებში ბ. ხ–ა, პირადი ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, მ. ბ–სთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, კერძოდ: თ–ში, გ–ს ქ. №..-ში მდებარე სსიპ „........ში“ აკონტროლებდა მის გადაადგილებას შენობის ტერიტორიაზე, სისტემატურად ურეკავდა, აგზავნიდა შეტყობინებებს საკონტაქტო ნომერსა და სოციალურ ქსელებში, ხოლო მ. ბ–სის მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას – ამცირებდა თანამშრომლების თანდასწრებით, რის გამოც მ. ბ–სმა მიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონიტორინგის სამსახურს. ბ. ხ–ას ქმედებები იწვევდა მ. ბ–სის ფსიქიკურ ტანჯვას და იგი იძულებული გახდა, შეეცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. ბ. ხ–ას ქმედებით მ. ბ–სს მიადგა მორალური ზიანი.

§ 2020 წლის მაისში თ–ში, გ–ს ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილებისას, ბ. ხ–ამ მ. ბ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მაჯაზე ხელი ძლიერად მოუჭირა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ბ. ხ–ას ქმედებით მ. ბ–ს მიადგა ფიზიკური ტკივილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 სექტემბრის განაჩენით ბ. ხ–ა, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დავით ხვედელიძე ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ბ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა იმ მოტივით, რომ მისი ბრალეულობა სრულად დადასტურდა საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბ. ხ–ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ბ. ხ–ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ: მართალია, საქმის მასალებში არსებობს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 15 ოქტომბრის №........ დასკვნა (რომლის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა თ. კ–მ), რომლითაც დადგინდა, რომ მ. ბ–სმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, მაგრამ საქმეში ასევე წარმოდგენილია სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 1 ივნისის №.........., №.........., №........... და №.......... დასკვნები (რომელთა სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა მ. ბ–მ), რომელთა თანახმად, მ. ბ–ს მხრიდან ჩადენილი ქმედებებით ბ. ხ–ამ და მისმა ცოლ-შვილმა – თ. ზ–მ, მ. ხ–მ და ა. ხ–მ განიცადეს ფსიქოლოგიური ტანჯვა.

8. გარდა აღნიშნულისა, მოწმეებმა: ხ. თ–მ, ლ. ა–მა, ლ. ს–მ და ნ. ქ–მ სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ბ. ხ–ა და მ. ბ–სი მუშაობდნენ ერთად; თვეების განმავლობაში სწორედ მ. ბ–ი იმყოფებოდა ხოლმე სისტემატურად ბ. ხ–ას კაბინეტში. ნ. ქ–მ განმარტა, რომ მ. ბ–ი „უტიფრად“ შედიოდა ბ–ს კაბინეტში და სთხოვდა დალაპარაკებას, ხოლო უარის მიღებისას – ხდებოდა აგრესიული და ემუქრებოდა სამსახურის დაკარგვითა და ოჯახის დანგრევით; უნახავს მაკას გამოგზავნილი ვიდეოები, სადაც მას „წაშლილი“ სახე ჰქონდა და თავის მოკვლით იმუქრებოდა, ასევე ბესოსგან იცის, რომ მ–ა მის კაბინეტში ბენზინის გადასხმითა და თავის დაწვით იმუქრებოდა. მოწმეებმა: ჯ. ა–მ, ი. ლ–მა, ს. გ–მ და ზ. ს–მ სასამართლოს უჩვენეს, რომ მ. ბ–სი მანქანით ხშირად მიდიოდა ბ. ხ–ას საცხოვრებელ კორპუსთან, გაბმულად ასიგნალებდა, იძახდა ბ–ს სახელს, ითხოვდა მასთან შეხვედრასა და დალაპარაკებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობდა, რომ დარეკავდა პატრულში. მოწმე თ. ზ–მ ასევე დაადასტურა, რომ მ. ბ–ი ხშირად მიდიოდა ავტომობილით მათ სადარბაზოსთან ან ავტოფარეხთან, კარზეც აკაკუნებდა, იგონებდა სხვადასხვა ისტორიებს, ისიც კი უთხრა, რომ გაარკვევდა, თუ ვისი მეუღლე იყო ბ. ხ–ა; ამის გამო შვილებს დაეწყოთ ფსიქოლოგიური პრობლემები, ამიტომ ისინი დაჰყავს ფსიქოლოგთან.

9. ბრალდებულმა ბ. ხ–ა–მ მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ მ. ბ–სთან ერთად მუშაობდა ......... სააგენტოში, სადაც ისინი დაახლოვდნენ და ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა, თუმცა შემდეგ დაეწყოთ კონფლიქტები; მისი ნებართვის გარეშე მ. შედიოდა მის დაკეტილ სამუშაო კაბინეტში, იღებდა ფოტოებს, ურეკავდა ვიდეოთვალით, საკანცელარიო დანას იდებდა მაჯაზე და ემუქრებოდა თვითმკვლელობით, თუ მასთან არ მივიდოდა; ერთხელ ბენზინით სავსე ბოთლითაც შევიდა და უთხრა, რომ, თუ მასთან არ იქნებოდა, სამსახურის წინ თავზე ბენზინს გადაისხამდა და იტყოდა, რომ ეს მის გამო გააკეთა; ამის შემდეგ მ. ბ–მა მის საცხოვრებელ კორპუსთან დაიწყო ვიზიტები, ყვირილი, სიგნალები, ტელეფონზე რეკვა და კარზე კაკუნი, ფოტოებს უღებდა მის ცოლ-შვილს და აშანტაჟებდა, ემუქრებოდა, რომ პოლიციას დააჭერინებდა; მას შემდეგ, რაც დაბლოკა მ–ს და მისი შვილის ტელეფონის ნომრები, ურეკავდა გამვლელების ნომრებიდან; ერთხელ მ–მ მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ერთი ბოთლი ბენზინი თავზე დაიცალა და მთელი ღამის განმავლობაში ეზოში იყო.

10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „......... სააგენტოს“ 2020 წლის 29 სექტემბრის წერილის თანახმად, მათი თანამშრომლების – ბ. ხ–სა და მ. ბ–ს მიმართ მიმდინარეობდა სამსახურებრივი მოკვლევა, რადგან მათი ქმედებებით დაირღვა სატყეო სააგენტოს უფროსის 2020 წლის 29 მაისის №..... ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-2 თავის მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი („დაიცვას სამსახურებრივი ეთიკა“), მე-9 თავის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი („ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სააგენტოს დისკრედიტაციისაკენ“), ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები („დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სააგენტოს რეპუტაციას“ და „დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სააგენტოში საჯარო ინტერესს“). აღნიშნულის გამო, პირადი განცხადების საფუძველზე, ბ. ხ–ა 2020 წლის 10 აგვისტოდან, ხოლო მ. ბ–ი – იმავე წლის 7 სექტემბრიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

11. ბ. ხ–ას უდანაშაულობას ადასტურებს ასევე მ. ბ–სა და ბ. ხ–ს მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი მასალები მიმოწერების, ხმოვანი შეტყობინებების, ვიდეოფაილებისა და სურათების სახით, აგრეთვე – შპს „.....–დან“ დეტალური ამონაწერით დგინდება, რომ სწორედ მ. ბ–სი ახორციელებდა არასასურველ კომუნიკაციას – სისტემატურად ურეკავდა და უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ბ. ხ–ას და არა – პირიქით.

12. რაც შეეხება მოწმეებს – თ. კ–ს, მ. ვ–ს, ს. მ–სა და ნ. პ–ს, სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად მიუთითა განაჩენში, რომ ისინი არ არიან ბ. ხ–ს მხრიდან შესაძლო დანაშაულების შემსწრე პირები და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისაგან, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს. ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე