საქმე # 330802223006859728
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№121-23 ქ. თბილისი
ჩ–ი ე., 12I-23 2 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. კ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. ჩ–სის მიმართ თ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2013 წლის 20 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-4 სასამართლოს განაჩენით ე. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით, სამუშაო ადგილზე; 3 დაზარალებულის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით (3-ჯერ).
2018 წლის 23 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-6 პალატის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.
2018 წლის 18 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-4 სასამართლოს გადაწყვეტილებით ე. ჩ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა და მას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 36 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის N5275 კანონის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში ე. ჩ–სი მოიხდის 18 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, რის შემდეგაც პირობით ვადამდე გათავისუფლდება.
2018 წლის 10 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ე. ჩ–ს დაკავების შესახებ ბრძანება.
2022 წლის 7 თებერვალს ე. ჩ–ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ე. ჩ–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2022 წლის 7 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ე. ჩ–ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2022 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განაჩენით ე. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და 178-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძარცვა) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
2022 წლის 6 სექტემბერს ე. ჩ–სი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2022 წლის 7 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ე. ჩ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2022 წლის 16 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ე. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინების შეცვლის თაობაზე.
2022 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ე. ჩ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2023 წლის 6 მარტამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 7 აპრილს ე–ს დაზარალებული მოქალაქეები - ა.ა. მ–ი, ჰ.ი. თ–ა და ნ. ა. მ–ი, მკურნალობის მიზნით, ჩავიდნენ თ–ს რესპუბლიკის ქ. ს–ში. ქუჩაში ფეხით გადაადგილებისას მათ მიუახლოვდა უცნობი პირი, რომელმაც ისინი ჩაის დასალევად ე. ჩ–ს კუთვნილ ბარში მიიყვანა. ბარში დაზარალებულებს ე. ჩ–ის თანამონაწილემ, რ. უ–მა ჩაი მიუტანა, მოგვიანებით კი ჩაის სანაცვლოდ 1 300 თურქული ლირის გადახდა მოსთხოვა. დაზარალებულებმა უარი განაცხადეს ზედმეტი თანხის გადახდაზე და გააპროტესტეს მისი ოდენობა, რის შემდეგაც ე. ჩ–მა და მისმა თანამონაწილეებმა სამივე დაზარალებულს დანის მუქარითა და ძალადობის გამოყენებით წაართვეს ჯამურად 8 900 აშშ დოლარი და 3 100 თურქული ლირა.
4. 2023 წლის 13 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ე. ჩ–ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-4 სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით, სამუშაო ადგილზე; 3 დაზარალებულის მიმართ).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ჩ–ს თუ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-4 სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით, სამუშაო ადგილზე; 3 დაზარალებულის მიმართ).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ჩ–ს ადვოკატი ი. კ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ე. ჩ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. დაცვის მხარის შეფასებით, ე. ჩ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება. ე. ჩ–ს ოჯახი საქართველოში ითხოვს თავშესაფარს, მათ ჩამორთმეული აქვთ სამგზავრო დოკუმენტები, დაირღვევა მათი უფლებები, როდესაც ვერ მოხდება ბავშვებისა და მეუღლეების თანაცხოვრება.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ე. ჩ–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ჩ–ი 2022 წლის 6 სექტემბერს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:
5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით, სამუშაო ადგილზე), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე. ამასთან, ე. ჩ–ს გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა(3 ჯერ). 2018 წლის 18 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-4 სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ე. ჩ–სის მიმართ განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა და მას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 36 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, სულ მცირე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია - 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც მსჯავრდებულია ე. ჩ–ი, განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო. ე. ჩ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მიღებულია 2013 წლის 20 დეკემბერს, ხოლო 2018 წლის 10 დეკემბერს გამოიცა ე. ჩ–სის დაკავების შესახებ ბრძანება. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ ამოწურულა.
6.2. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ე. ჩ–ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად(20 წელი).
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ე. ჩ–ს ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ე. ჩ–ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.
8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.
8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ე. ჩ–ი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ე. ჩ–ი არის თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე.
8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 6 აპრილს, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის (სამინისტროსთან თანამშრომლობაზე უარი) თანახმად, ე. ჩ–სის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა შეწყდა. 2022 წლის 29 სექტემბერს ე. ჩ–ს უარი ეთქვა განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე. ამავე სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ე. ჩ–ი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში. შესაბამისად, ე. ჩ–ი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და მას საქართველოში თავშესაფარი არ გააჩნია. შესაბამისად, არ არსებობს ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
9. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ე. ჩ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხიდან გამომდინარე.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR). მოცემულ შემთხვევაში, საექსტრადიციო მასალების თანახმად, საქართველო არ წარმოადგენს ე. ჩ–ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოში მყოფი ე. ჩ–სის მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და არ გააჩნიათ საქართველოში ცხოვრების კანონიერი საფუძველი, საქართველოში ხანგრძლივი პერიოდით არ უცხოვრიათ. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფო და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი, საქართველოში დარჩენის შემთხვევაშიც კი ე. ჩ–ს მეუღლესა და შვილებს შესაძლებლობა ექნებათ, ბიუროკრატიული და შორი მგზავრობით გამოწვეული დაბრკოლებების გარეშე, იმოგზაურონ თურქეთის რესპუბლიკაში ე. ჩ–ს მოსანახულებლად. შესაბამისად, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ე. ჩ–სის მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი.
11. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
12. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა ე. ჩ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის რისკი.
13. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. კასატორს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც ე. ჩ–ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
13.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, საკასაციო საჩივარში არსებულ მრავალრიცხოვან ტექნიკურ ხარვეზებს.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ჩ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-4 სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ერთზე მეტი პირის მონაწილეობით, სამუშაო ადგილზე; 3 დაზარალებულის მიმართ) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. კ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე