¹ ას-76-773-03 25 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
აღწერილობითი ნაწილი:
ს. კ.-მ 2002წ. ნოემბერში სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს რ. ბ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა თბილისში, ... მდებარე მის საკუთრებაში არსებული პავილიონისა და 103 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის რ. ბ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომელიც გამოტანილ იქნა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, ს. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. თბილისში, ... მდებარე 103 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე პავილიონი გამოთავისუფლებულ იქნა რ. ბ.-ის უკანონო მფლობელობიდან. მიწის ნაკვეთი განთავისუფლდა მოპასუხის ნივთებისაგან და თავისუფალი სახით ჩაბარდა მესაკუთრე ს. კ.-ს.
რ. ბ.-ის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ მოცემული დავა ხელახლა განიხილა და 2002წ. 23 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
რ. ბ.-მ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს 2002წ. 23 დეკემბრის განჩინების გაუქმება. აპელანტმა განმარტა, რომ ავადმყოფობის გამო არ ჩაიბარა კურიერისაგან სასამართლოში გამოძახების უწყება, ხოლო თავისი ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ვერ წარმოადგინა. სასამართლომ კი არასწორად არ გაიზიარა მისი მდგომარეობა და არ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 7 აპრილის განჩინებით რ. ბ.-ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალების და რ. ბ.-ის განმარტების საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ სასამართლოს დამტარებელმა 2002წ. 8 ნოემბერს მოპასუხეს საცხოვრებელ ბინაში მიუტანა უწყება 2002წ. 5 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოწვევის შესახებ. მოპასუხე გაეცნო უწყების შინაარსს, მაგრამ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე და მის მიღებაზე. უწყების მიმტანმა სათანადო აღნიშვნა გააკეთა უწყებაზე, ასევე შეადგინა აქტი უწყების მიღებაზე უარის თქმის შესახებ და დაუბრუნა სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა სსკ-ს 75-ე მუხლი და მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება, შესაბამისად ჩათვალა, რომ მოპასუხეს უწყება გაეგზავნა 70-78-ე მუხლების დაცვით.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თბილისში ... მდებარე ნაკვეთი 103 კვ.მ. ფართობით და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრის ჩანაწერებით ირიცხება მოსარჩელის საკუთრებაში, რომელსაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
ეს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის მოსაზრებით, მას უწყება სსკ-ს 70-78-ე მუხლების დაცვით არ ჩაბარებია. მისთვის არ იყო ცნობილი თუ რა შედეგი მოყვებოდა გამოუცხადებლობას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ რ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სასამართლოს დამტარებელმა 2002წ. 28 ნოემბერს მოპასუხეს, მის საცხოვრებელ ბინაში მიუტანა სასამართლო უწყება, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოწვევის შესახებ. სასამართლო უწყება დამტარებელმა გადასცა მოპასუხეს, რომელიც გაეცნო მას, მაგრამ ხელი არ მოაწერა და უარი განაცხადა უწყების მიღებაზე. უწყების მიმტანმა სათანადო აღნიშვნა გააკეთა უწყებაზე, ასევე შეადგინა აქტი იმის თაობაზე, რომ რ. ბ.-მ უარი განაცხადა უწყების მიღებაზე და ხელის მოწერაზე.
სსკ-ს 75-ე მუხლის თანახმად, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან მოპასუხემ უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხილა საქმე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მას უწყება არ ჩაბარებია 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 7 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.