¹ ას-7-709-03 25 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. გ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: 1998 წლიდან მუშაობდა ვაზიანის საექიმო ამბულატორიაში, არის თერაპევტი და ამბულატორის მთავარი ექიმი ყოველმხრივ ავიწროებდა. 2001წ. 1 იანვრიდან შეიქმნა სოფლის მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების ბრიგადული სისტემა. ბრიგადის ექიმად უნდა დანიშნულიყო თერაპევტი, მაგრამ დანიშნეს პედიატრი. 2001წ. 3 სექტემბერს იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან იმ მოტივით, რომ გამოცდა არ ჰქონია ჩაბარებული. 2002წ. 2 აპრილს დაინიშნა შიდა სტანდარტზე თერაპევტად ვაზიანის საექიმო ამბულატორიაში, მაგრამ 2002წ. 28 ივნისს გაათავისუფლეს ამ თანამდებობიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მ. გ.-მ მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა ბრიგადის ექიმად, რადგან პედიატრი უკანონოდ იყო ჩასმული ბრიგადაში. აგრეთვე მოითხოვა იძულებითი განაცდურის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა საექიმო ამბულატორიის ექიმ-თერაპევტის თანამდებობიდან საქართველოს კანონის ჯანმრთელობის დაცვის შესახებ 154-ე მუხლის შესაბამისად, საექიმო ლიცენზიის უქონლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი გათავისულფლება მოხდა კანონის შესაბამისად. ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ გარდაბნის რაისაავადმყოფოს დირექტორის, წერედიანის ბრძანებით 2001წ. 1 მარტიდან სოფლის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის მიხედვით დაინიშნა მ. ა.-ე. გ.-ი ბრიგადის ექიმად დანიშნული არ ყოფილა, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. გ.-მ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ.-ი ვაზიანის საექიმო ამბულატორიის ექიმის თანამდებობიდან შიდა სტანდარტით გათავისუფლებული იყო 2002წ. 28 ივნისს, რის შესახებაც მან შეიტყო შპს გარდბნის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმისგან იმავე დღეს – 28 ივნისს, ხოლო ბრძანება მას სექტემბრის თვეში ჩაბარდა. გ.-მა სარჩელი სასამართლოში სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით შეიტანა 2002წ. 26 სექტემბერს. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ.-მ გაუშვა სასამართლოსთვის მიმართვის ერთთვიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. გ.-მ, რომლითაც ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: 2003წ. 27 ივნისს წერედიანმა მას კამათის დროს უთხრა გათავისუფლებო, მეორე დღეს ბრძანება თუ დაწერა გათავისუფლებაზე არ იცოდა, რადგან ადრეც უთქვამს გაგათავისუფლებო. გარდა ამისა, განცხადება შეიტანა ჯანდაცვის სამინისტროში და იქიდან რეაგირებას ელოდა, იმის გამო, რომ გარდაბანში ასასვლელი თანხა არ ჰქონდა ელოდებოდა ფოსტით ბრძანების გამოგზავნას თუ მართლაც გათავისუფლებული იქნებოდა. ბრძანების მიღება მისთვის საჭირო იყო იმისთვის, რომ გაეგო რა მოტივით გაათავისუფლეს. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლოს სსკ-ს 384-ე მუხლის თანახმად, უფლება არ ჰქონდა გაეუქმებინა გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შკკ-ს 204 მუხლზე მითითებით, ვინაიდან მოპასუხე არ აყენებდა ხანდაზმულობის საკითხს. ბრძანება გათავისუფლების შესახებ ჩაბარდა 4 სექტემბერს, განცხადება კი სასამართლოში შეიტანა 26 სექტემბერს. აქედან გამომდინარე, მას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ დაურღვევია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. გ.-ი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს 2002წ. 28 ივნისს და ამ დროიდან მოყოლებული მისთვის ცნობილი იყო სამუშაოდან დათხოვნის შესახებ; ასევე დადგენილია, რომ მან სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის მოტივით მიმართა 2002წ. 26 სექტემბერს; სსკ-ს 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის შესახებ წამოყენებული საკასაციო პრეტენზია არც დამატებითია და არც დასაბუთებული, უფრო მეტიც, კასატორი თვითონვე განმარტავს საკასაციო საჩივარში, რომ მას განცხადება ჰქონდა შეტანილი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში და ელოდებოდა რეაგირებას; ამით იგი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილი იყო გათავისუფლების შესახებ. გარდა ამისა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ბრძანებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაბარდა მისი გამოცემის დღესვე – 28 ივნისს, 2002 წელს.
პალატა თვლის, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა შკკ-ს 204-ე მუხლი და უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან აღნიშნული მუხლით სასამართლოსათვის მიმართვის ვადა არის 1 თვე.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.