Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ას-77-774-03 25 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: 1. ბინიდან ფართის გამოყოფა (ძირითადი სარჩელი); 2. ბინის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა (შეგებებული სარჩელი).

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. გ-ი და აწ გ-ი თ. ც-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1979 წლიდან. ქორწინების პერიოდში ცხოვრობდნენ ქ.თბილისში, ... მდებარე მამამთილის ბ. ც-ის სახელზე რიცხულ ბინაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი. 1980 წელს მხარეები განქორწინდნენ. ლენინის რაიონის სასამართლოს 1982წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ი შვილთან ერთად შესახლებულ იქნა ზემოაღნიშნულ ბინაში. იმ მოტივით, რომ ც-ებმა არ მისცეს ნ. გ-ს სადავო ბინაში ნორმალური ცხოვრების საშუალება, ნ.გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შვილთან ერთად ორ სულზე სარგებლობის უფლებით იზოლირებული ბინის ფართის გამოყოფა. 1983წ. 5 აპრილს ნ.გ-ის განცხადების საფუძველზე ნ.გ-ის სარჩელი დარჩა განუხილველად. 1997წ. 20 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმმა გააუქმა ზემოაღნიშნული განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნა ნაძალადევის რაიონის სასამართლოს.

ქ.თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელს, სადავო ბინაში სარგებლობის უფლებით ფართის გამოყოფის შესახებ, ეთქვა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998წ. 12 დეკემბრის დადგენილებით გაუქმდა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქმის განხილვამდე მოპასუხეებმა _ მ. და რ. ც-ებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ნ.გ-ის საცხოვრებელ ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა.

ქ.თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999წ. 15 მარტის გადაწყვეტილებით ნ.გ-ს სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, შეგებებული კი სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. გ-ი ცნობილ იქნა სადავო ბინის ფართზე უფლებადაკარგულად, ხოლო შვილი _ ბ. ც-ი _ უფლების არ მქონედ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 20 აპრილის განჩინებით გაუქმდა ნაძალადევის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოს.

გლდანი ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მას და მის შვილს, ბ. ც-ს, სადავო ფართიდან იზოლირებულად გამოეყოთ ერთი ოთახი და დამხმარე ფართი პირველ სართულზე. თ., რ. და მ. ც-ების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. და რ. ც-ებმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საააპელაციო პალატის 2003წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და ნ. გ-ი ცნობილ იქნა ფართზე უფლებადაკარგულად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. გ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას; არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამდენად, გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რის გამოც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად, ექვემდებარება გაუქმებას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გემოეყენებინა ახალი კანონი სარჩელზე უარის თქმისათვის; იგი სადავო სახლიდან მოითხოვდა ბინის იზოლირებულად გამოყოფას სარგებლობისა და არა საკუთრების უფლებით, რაც არ გაურკვევია სააპელაციო სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ, უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო სახლი საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის მამამთილის, ბ. ც-ის სახელზე. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე სარგებლობის უფლებით სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვთან ერთად შესახლდა სადავო ბინაში. 1982 წელს, მაგრამ მოპასუხეებთან კონფლიქტური სიტუაციის გამო იძულებული იყო დაეტოვებინა ბინა და ამ ხნის მანძილზე მას სადავო ბინაში არ უცხოვრია. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო სამართლის კოდექსი. სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სკ-ს ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსის მოაწესრიგონ ან, თუ სკ უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. პალატა თვლის, რომ მართალია, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა საბინაო კოდექსის მოქმედების პერიოდში წარმოიშვა, მაგრამ დავა სკ-ს ნორმებით უნდა გადაწყდეს, ვინაიდან იგი უძრავი ნივთების მიმართ სხვა სანივთო სამართლებრივ წესებს ადგენს _ კერძოდ, მფლობელობის შეწყვეტა, მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე, კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობა, მფლობელობის შეწყვეტა მესაკუთრის პრეტენზიის გამო და ა.შ.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო სახლის მესაკუთრეა მოსარჩელის ყოფილი მამამთილი ბ. ც-ი მოსარჩელე ბინაში სასამართლოს გადაწყვეტილებით შესახლებულ იყო სარგებლობის უფლებით. სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მამამთილის კუთვნილი სახლიდან ფართის გამოყოფის შესახებ, რადგან მოქმედი სკ არ ითვალისწინებს მფლობელისათვის ფართის იზოლირებულად გამოყოფის შესაძლებლობას.

პალატა თვლის, რომ ასევე სწორად დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი ნ. გ-ის მიმართ სადავო სახლზე – უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ, რადგან ნ. გ-ი როგორც ზემოთ აღინიშნა სადავო სახლში შესახლებული იყო სარგებლობის (მფლობელობის) უფლებით. სკ-ს 156-ე მუხლის მიხედვით მფლობელობა ითვლება შეწყეტილად თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ნ. გ-მა 1982 წელს მიატოვა სადავო ბინა და შეწყვიტა ბინაზე ფაქტობრივი ბატონობა, რის გამოც მისი მფლობელობა შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების დროს არასწორად გამოიყენა საბინაო კოდექსის 69-ე მუხლი, დავა უნდა გადაწყვეტილიყო ახალი სკ-ს ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად. გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, როცა სარჩელზე უარის თქმის დროს დავის გადაწყვეტისას იყენებს ახალ სკ-ს, ხოლო შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის დროს ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტს – საბინაო კოდექსს. აღნიშნული ვითარება – როცა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, რის გამოც პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა დაკმაყოფილდეს რ. და მ. ც-ების შეგებებული სარჩელი და ნ. გ-ი ცნობილ უნდა იქნეს სადავო ბინაზე უფლებადაკარგულად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საააპელაციო პალატის 2003წ. 1 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ნ. გ-ის სარჩელი, ქ.თბილისში ... მდებარე ბ. ც-ის სახელზე რიცხული ბინიდან ფართის გამოყოფის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

დაკმაყოფილდეს რ. და მ. ც-ების შეგებებული სარჩელი. ნ. გ-ი ცნობილ იქნეს, თბილისში ... მდებარე ბინის ფართზე უფლებადაკარგულად.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.