გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-79-777-03 26 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე მიღების ბრძანების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ფ. ვ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე შპს “.. ..-ს” დირექტორის 2002წ. 2 სექტემბრის ¹19 ბრძანების გაუქმება, რომლითაც მედდა ქ-ე 2002წ. 1 სექტემბრიდან დაინიშნა საავადმყოფოს ბებიაქალად. ფ.ვ-ის აზრით, ბებაიაქალად ქ-ე არ უნდა დანიშნულიყო, რადგან მოპასუხე 9 წელია მუშაობს ორგანიზაციაში ექთნად, თუმცა სპეციალობით არის ბებიაქალი. მიუხედავად დაპირებისა, საავადმყოფოს დირექტორმა იგი არ დანიშნა გამოთავისუფლებულ ბებიაქალის თანამდებობაზე და ამ თანამდებობაზე დანიშნა ქ-ე, რომელიც ბებიაქალი არ არის სპეციალობით და იგი მიავლინა ბებიაქალის კვალიფიკაციის კურსებზე. აღნიშნულის უფლება კი საავადმყოფოს ადმინისტრაციას არ ჰქონდა, რადგან იგი, როგორც უფრო მეტი სტაჟისა და გამოცდილების მქონე, უნდა დანიშნულიყო ბებიაქალის ვაკანტურ ადგილზე.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “.. ..-ს” დირექტორს დაევალა ბრძანების გაუქმება, რომლითაც მედდა ქ-ე დაინიშნა საავადმყოფოს ბებიაქალის ვაკანტურ ადგილზე. ასევე დაევალა ახალი ბრძანების გამოცემა საავადმყოფოს ბებიაქალის ვაკანტურ ადგილზე ფ. ვ-ის დანიშვნის შესახებ. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შკკ-ს მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, “საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, შრომა თავისუფალია. თითოეულ მუშაკს აქვს იმ შრომითი საქმიანობის უფლება, რომელსაც თავისუფლად ირჩევს, აქვს უფლება აირჩიოს საქმიანობა სფერო და პროფესია”. მოსარჩელეს არჩეული აქვს ბებიაქალის პროფესია და იგი წლების მანძილზე ელოდებოდა არჩეული პროფესიით მუშაობას. ხელმძღვანელობამ კი სხვა პირი დანიშნა, რომელიც პროფესიით არ არის ბებიაქალი.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “.. ..-ს” დირექციამ. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “.. ..-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. ვ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ 2002წ. 2 სექტემბრის ბრძანება, რომლითაც მოპასუხე პოგანიზაციაში 1 სექტემბრიდან ბებიაქალად დაინიშნა ნ. ქ-ე, წარმოადგენს შრომით კონტრაქტს ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის. მოპასუხეს უფლება არ ჰქონდა, შკკ-ს მე-19 მუხლის თანახმად, თავისი შეხედულებისამებრ დაედო შრომის ხელშეკრულება ნებისმიერ პირთან. ფ. ვ-ეს განცხადება არ შეუტანია საავადმყოფოს ადმინისტრაციაში ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. მას უფლება არა აქვს მოითხოვოს გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ფ. ვ-ემ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს შკკ-ს მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად უფლება ჰქონდა თავისი შეხედულებით დაედო შრომის ხელშეკრულება ნებისმიერ პირთან, სასამართლომ არ გამოიყენა ამ კოდექსის მე-17 მუხლი, რომლის თანახმად, დაუსაბუთებელი უარი სამუშაოზე მიღებაზე აკრძალულია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორ ფ. ვ-ეს არ მიუმართავს ოფიციალურად წერილობითი ფორმით მოპასუხე ორგანიზაციისათვის ბებიაქალად მიღების შესახებ. სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში ფ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არც დამატებითია და არც დასაბუთებული. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კი სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხე შპს “.. ..-სა” და ქ-ეს შორის დადებული შრომითი გარიგების შეწყვეტას, რისი სამართლებრივი საფუძველიც მას არ გააჩნია.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა შკკ-ს მე-17 მუხლით, რომლის I ნაწილის თანახმად, დაუსაბუთებელი უარი სამუშაოზე აკრძალულია.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ ასაჩივრებს მოპასუხე ორგანიზაციის მიერ სამუშაოზე მიღებაზე უარს, არამედ ის ითხოვს შპს “.. ..-სა” და ქ-ეს შორის შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას, ხოლო ის გარემოება, რომ მან მიმართა სამუშაოზე მიღების მოთხოვნით მოპასუხე ორგანიზაციას და დაუსაბუთებელი უარი მიიღო საქმის მასალებით, არ დასტურდება.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.