Facebook Twitter

საქმე # 150100122006096232

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1347აპ-22 ქ. თბილისი

ხ–ი თ., 1347აპ-22 7 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით თ. ხ–ი, – დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ხ–მა ჩაიდინა ადევნება, ე.ი. პირადად პირთან და მისი ოჯახის წევრთან არასასურველი კომუნიკაციის სისტემატური დამყარება შეხვედრებით, ტელეფონითა და ელექტრონული საშუალებით, რამაც გამოიწვია პირის ფსიქიკური ტანჯვა და რამაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება შეუქმნა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით დროის პერიოდში ა–ს რაიონის სოფელ ა–ში მცხოვრები თ. ხ–ი, ეჭვიანობის ნიადაგზე, როგორც მობილური ტელეფონითა და სოციალური ქსელების საშუალებით, ასევე შეხვედრების დროსაც სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას თანასოფლელ ლ. ბ–სა და მის არასრულწლოვან ქალიშვილ მ. გ–სთან. აღნიშნული კომუნიკაციების დროს თ. ხ–ი ლ. ბ–სა და მ. გ–ს მიმართავდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტით, ლ. ბ–ს უწოდებდა „მსუბუქი ყოფაქცევის ქალს“, ხოლო მ. გ–ს ეუბნებოდა, რომ „დედასავით ისიც მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გაიზრდებოდა“, ემუქრებოდა სოფლიდან გასახლებითა და საზოგადოებაში სახელის გატეხვით. თ. ხ–ს ზემოხსენებული ქმედებების გამო არასრულწლოვანმა მ. გ–მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა და იძულებული გახდა, საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი გიორგი ორჯონიკიძე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულ თ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას პირობითი მსჯავრის გამოუყენებლად.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. განსახილველ შემთხვევაში კასატორი განაჩენს ასაჩივრებს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში, ასევე – ითხოვს მსჯავრდებულისათვის გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის შერაცხვას. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ თ. ხ–ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არქონა, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და ამით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ასევე ის ფაქტი, რომ ჰყავს ოჯახი და არასრულწლოვანი შვილების დედაა) გარემოებების, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც, თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.

8. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. ხ–სათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

9. რაც შეეხება გენდერული შეუწყნარებლობის მოტივს, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის დებულებების განხორციელებისას, მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის მსხვერპლ ქალებს. კონვეცია შეიცავს ცნებათა განმარტებას, კერძოდ: „გენდერული“ გულისხმობს სოციალურად დაკავშირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას და მახასიათებლებს, რომლებსაც მოცემული საზოგადოება ქალისა და მამაკაცისთვის შესაფერისად მიიჩნევს.

10. მოცემულ შემთხვევაში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არაფერია მითითებული იმ აღწერილობის შესახებ, რაშიც გამოიხატებოდა ბრალდებულის მიერ გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ქმედებების ჩადენა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს დანაშაულის გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილად მიჩნევის თაობაზე.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე