Facebook Twitter

საქმე # 330100120003899422

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1349აპ-22 ქ. თბილისი

გ–ი ზ., 1349აპ-22 2 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. გ–ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ასევე – გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 16 ივლისს ქ. თ–ში, ა–ს დასახლებაში, ზ. გ–მა, რომელსაც მიაჩნდა, რომ ნ. შ–ე, როგორც ქალი და მისი მეუღლე, ვალდებული იყო ქმრის მითითებები უსიტყვოდ შეესრულებინა, მის ძირითად მოვალეობად ბავშვებზე ზრუნვასა და საოჯახო საქმიანობას განიხილავდა, უკონტროლებდა ჩაცმულობას, ნათესავებსა და ნაცნობებთან კომუნიკაციას, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, ხოლო მას შემდეგ, რაც მეუღლე რეგიონში დარჩენასთან დაკავშირებით მის მითითებას არ დაემორჩილა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახური ძალადობა ჩაიდინა მის მიმართ, კერძოდ: 2020 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 18:00-დან 20:00 საათამდე, ქ. თ–ი, ა–ს დასახლებაში, მ–სა და წ–ს ქუჩების მიმდებარედ არსებულ ნაკვეთთან მიკროავტობუსით გადაადგილებისას, ზ. გ–მა ხელი გაარტყა სახეში და ყელში ხელი ძლიერად მოუჭირა ნ. შ–ს, რომელსაც 20:00-დან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, უკვე ქ. თ–ში, ა–ს დასახლებაში, წ–ს ქ. №..-ში არსებულ სასტუმრო „ბ–ში“ მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხელი ძლიერად მოუჭირა მკვლავზე. ნ. შ–მ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის თითოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 18:00-დან 20:00 საათამდე, ქ. თ–ში, ა–ს დასახლებაში, მ–სა და წ–ს ქუჩების მიმდებარედ არსებულ ნაკვეთთან მიკროავტობუსით გადაადგილებისას, ზ. გ–ი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ნ. შ–ე, როგორც ქალი და მისი მეუღლე, ვალდებული იყო ქმრის მითითებები უსიტყვოდ შეესრულებინა, მის ძირითად მოვალეობად ბავშვებზე ზრუნვასა და საოჯახო საქმიანობას განიხილავდა, უკონტროლებდა ჩაცმულობას, ნათესავებსა და ნაცნობებთან კომუნიკაციას, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, ხოლო მას შემდეგ, რაც მეუღლე რეგიონში დარჩენასთან დაკავშირებით მის მითითებას არ დაემორჩილა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განაჩენით ზ. გ–ი, – დაბადებული 1... წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დავით ხვედელიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას, ზ. გ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენასა და კანონიერი, სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ დავით ხვედელიძის შუამდგომლობა და აღდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20).

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ზ. გ–ს ბრალეულობას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დაასკვნა, რომ ზ. გ–ს მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.

10. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, თუ ვინ მიაყენა მას ეს დაზიანებები ან საერთოდ მიაყენა თუ არა ნ. შ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა ზ. გ–მა და დაემუქრა თუ არა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულ ნ. შ–ს ჩვენებით, მას მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ავტომანქანაში (რასაც შეესწრო მ. ჭ–ა), სადაც მის გვერდით იჯდა, სახლში მისვლისას ზ–სი ისეთი აგრესიული იყო, ეშინოდა, არ მოეკლა, თუმცა არაფერი თქვა მეუღლის მხრიდან სახლში ფიზიკურ ძალადობაზე. დაზარალებულის ჩვენებას ეწინააღმდეგება მოწმე მ. ჭ–ს ჩვენება, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ დაგვიანების შესახებ კითხვებს ყოველ ჯერზე ნ. შ–ე სხვადასხვანაირად პასუხობდა; ზ. გ–ი იჯდა საჭესთან, თვითონ – შუაში, ხოლო დაზარალებული – ნაპირზე; ზ–ს მეუღლეზე არ უძალადია, ფიზიკურად შეუძლებელი იყო, იგი მეუღლეს ხელით შეხებოდა და თვითონაც არ მისცემდა ამის საშუალებას; სახლში მისვლისას ზ–მა დაურეკა ნ. შ–ს უფროს ძმას და თბილისში აუცილებლად ჩამოსვლა სთხოვა; რადგან კონფლიქტის გამწვავების საშიშროება არ არსებობდა, ზ–ი და მისი მეუღლე დატოვა სახლში.

11. საყურადღებოა, რომ დაზარალებულ ნ. შ–ს ჩვენება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ მ. ჭ–ს ჩვენებას, არამედ – სისხლისსამართალწარმოების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე მის მიერვე მიცემულ ჩვენებებს.

12. მოწმე დ. შ–მ არ დაადასტურა ფიზიკური ძალადობის ფაქტი და აღნიშნა, რომ ზ–სი და მისი მეუღლე იყვნენ ანერვიულებულები და თვითონ ცდილობდა მათ დაწყნარებას; ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, იყო მხოლოდ კამათი.

13. არასრულწლოვანი მოწმის – ა. გ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ბებია-ბაბუასთან; დედა ბოლოს რამდენიმე წლის წინ ნახა; მამა ხშირად ჩადის მათთან; დედამ თ–ში ვიღაც კაცი გაიცნო, რომელიც სახლში მიჰყავდა; ამის გამო მას სცემდა, რომ არავისთვის ეთქვა და ეს საიდუმლო შეენახა; მამას ამ დროს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი და სახლში ვერ მიდიოდა; სახლიდან წასვლის შემდეგ დედა ისე დაბრუნდა; ის კაცი ურეკავდა; ერთხელ დედამ შეახვედრა იმ კაცს, რომელმაც უთხრა, რომ „დედაშენი მე უნდა წავიყვანო, მამაშენს არ უყვარსო“; ამის მერე დედა ისევ წავიდა სახლიდან; თვითონაც და მამაც ეუბნებოდნენ, რომ დედა დარჩენილიყო და იმ კაცისთვის თავი დაენებებინა; დედა სად ცხოვრობს, არ იცის.

14. ბრალდებულმა ზ. გ–მა საბოლოო სიტყვაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს განუცხადა, რომ მის მეუღლეს შვილები არ აინტერესებს, ბავშვებს აშინებდა, რომ „მამისთვის არაფერი ეთქვათ, თორემ საწამლავს ჩაუყრიდა და მოკლავდა“.

15. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია თუ არა ტკივილი, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

16. სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ზ. გ–ს მხრიდან ნ. შ–ზე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები. თავად დაზარალებულმა სასამართლოს განუმარტა, რომ ქალი კაცის მორჩილი რომ უნდა ყოფილიყო, მისთვის ეს ზ–ს არ უთქვამს. დაზარალებულის სასამართლოში მიცემული ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ასევე – მოწმეთა ჩვენებებს. როგორც მტკიცებულებების გამოკვლევით გახდა ცნობილი, ზ. გ–ს ეჭვიანობის საბაბი რეალურად ჰქონდა, მაგრამ პატიობდა; ნ. შ–ე წლების განმავლობაში კარგად იცნობდა მეუღლის ხასიათს და მისი მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების შიში არ ჰქონია, რასაც ისიც ადასტურებს, რომ სახლში დაბრუნებულმა, მიუხედავად მანქანაში ფიზიკური ძალადობისა (როგორც ამას დაზარალებული აღნიშნავდა), დაიწყო სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულის არადამაჯერებელი ჩვენებისა, ირიბადაც კი არ მიუთითებს ზ. გ–ს მიერ ნ. შ–ს მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაზე, შესაბამისად, ვერ ქმნის აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას ზ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ბრალეულობის დასადასტურებლად.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

19. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე