გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-80-776-03 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.გ-ე გამოსახლებულ იქნა ქ.ბათუმში, ... მდებარე ბინიდან. ა.გ-ის მეუღლემ ნ. ც-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ იგი არის სადავო ბინის თანამესაკუთრე, მეღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს სადავო ბინაში. იგი არ იყო მიწვეული მხარედ საქმის განხილვაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 თებერვლის განჩინებით ნ. ც-ეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. ნ. ც-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინებით ნ.ც-ის განცხადება დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 თებერვლის განჩინება, ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, განახლდა მოცემულ საქმეზე წარმოება და საქმე განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. მ. ი-ე-მ-ემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო:
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმე სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინებით ნ. ც-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე წარმოება განახლდა და საქმე განხილვისათვის დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს; სააპელაციო პალატამ სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ განჩინება საჩივრდება საკასაციო წესით;
სსკ-ს 430-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებია, მაშინ სასამართლომ უნდა განსაზღვროს დრო საქმის ზეპირი განხილვისათვის, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქმის ზეპირი განხილვისას აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავის განჩინებაში უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში (საკასაციო წესით). ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავის განჩინებით. ამავე კოდექსის 431-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყოს გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ, ამ კოდექსით დადგენილი წესით.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განუმარტა მხარეებს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში გასაჩივრების წესი, ვინაიდან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გადაწყეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება;
სსკ-ს 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს, აგრეთვე საოლქო სასამართლოს კოლეგიების გადაწყვეტილებები მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში;
საკასაციო საჩივარი დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებებსა და გადაწყვეტიებებზე, რომლებითაც საქმე არსებითად გადაწყდა, განსახილველ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, განაახლა საქმის წარმოება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
სსკ-ს 401-ე მუხლის თანახმად თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს. სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
პალატას მიაჩნია, რომ სსკ-ს 430-ე მუხლით დადგენილი წესი, რომლითაც ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრებას მხოლოდ წარმოების განახლებაზე უარის თქმის განჩინება ექვემდებარება არის ის პირობა რომლის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ი-ე-მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ი-ე-მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.