საქმე # 330100121005232488
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№30აპ-23 ქ. თბილისი
ი–ა მ., 30აპ-23 28 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ი–ს ბრალად დაედო: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი); ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით, თანაცხოვრების განმავლობაში, მ. ი–სა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლე – ი. ლ–ს, როგორც ქალი და მეუღლე, ვალდებული იყო, დამორჩილებოდა მას, უკრძალავდა მეზობლებთან სრულფასოვან კომუნიკაციას, უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას და უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა, გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ქ. თ–ში, გ–ს ..-ლი მიკრორაიონის მე-.. კორპუსის .. სართულზე მიშენებულ საცხოვრებელ ფართში მყოფ ი. ლ–ს, არასრულწლოვანი შვილის – ლ. ი–ს (დაბ. 19..) თანდასწრებით, ყოველდღიურად, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა და მოიხსენიებდა უშვერი სიტყვებით. მ. ი–ს მიერ ჩადენილი შეურაცხყოფის სისტემატური ხასიათის მხედველობაში მიღებით, ი. ლ–მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
· 2021 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ. ი–სა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლე – ი. ლ–ა, როგორც ქალი და მეუღლე, ვალდებული იყო, დამორჩილებოდა მას, უკრძალავდა მეზობლებთან სრულფასოვან კომუნიკაციას, უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას და უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე, გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სატელეფონო კომუნიკაციის დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ქ. თ–ში, გ–ს ..-ლი მიკრორაიონის მე-.. კორპუსის .. სართულზე მიშენებულ საცხოვრებელ ფართში მყოფ ი. ლ–სას, კერძოდ, მ. ი–სამ თავისი მობილური ტელეფონის ნომრიდან ...... დან დაურეკა ი. ლ–ს მობილური ტელეფონის ნომერზე – ......... და უთხრა, რომ მოკლავდა. ამის შემდეგ იგი მივიდა ზემოაღნიშნულ მისამართზე და არასრულწლოვანი შვილის – ლ. ი–ს (დაბ. 19..) თანდასწრებით, დანის დემონსტრირებით კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი. ლ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ „ყელს გამოჭრიდა“.
· 2021 წლის 15 აგვისტოს, შუადღის საათებში, ქ. თ–ში, გ–ს ..-ლი მიკრორაიონის მე-.. კორპუსის .. სართულზე მიშენებულ საცხოვრებელ ფართში, მ. ი–სა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლე – ი. ლ–სა, როგორც ქალი და მეუღლე, ვალდებული იყო, დამორჩილებოდა მას, უკრძალავდა მეზობლებთან სრულფასოვან კომუნიკაციას, უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას და უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე, გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი. ლ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. მ. ი–ს მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2021 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ. ი–სა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლე – ი. ლ–სა, როგორც ქალი და მეუღლე, ვალდებული იყო, დამორჩილებოდა მას, უკრძალავდა მეზობლებთან სრულფასოვან კომუნიკაციას, უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას და უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე, გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტისას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ი. ლ–სას კუთვნილ, 200 ლარად ღირებულ „ouktel-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შემდეგაც მიიმალა. მ. ი–სას მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ი. ლ–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით მ. ი–ა, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; მ. ი–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათით, ხოლო 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით; მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. ი–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, 2021 წლის 17 აგვისტოდან იმავე წლის 29 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 საათით; მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის შესაბამისად, 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· მ. ი–მ 2021 წლის 17 აგვისტოს ქ. თ–ში, გ–ს ..-ლი მიკრორაიონის მე-.. კორპუსის .. სართულზე მიშენებულ საცხოვრებელ ფართში მყოფ ი. ლ–სას, არასრულწლოვანი შვილის – ლ. ი–ს (დაბ. .....წ.) თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა მას და მოიხსენიებდა უშვერი სიტყვებით. ამგვარ ქმედებებს ჰქონდა სისტემატური ხასიათი. მ. ი–სას მიერ ჩადენილი შეურაცხყოფის სისტემატური ხასიათის მხედველობაში მიღებით, ი. ლ–სამ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
· 2021 წლის 17 აგვისტოს მ. ი–მ ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ი. ლ–ს, ამასთან, ხელში აიღო დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ი. ლ–ს შეეშინდა და დარეკა 112-ში. მ. ი–სას ქმედებით ი. ლ–ს დაერღვა სიმშვიდე და საფუძვლიანად გაუჩნდა მოკვლის შიში.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ დავით ხვედელიძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, მ. ი–ს მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენასა და მისთვის კანონიერი, სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნის გათვალისწინებით.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ. სუსგ №140აპ-21, №65აპ-20, №669აპ-21).
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძარცვისა და 2021 წლის 15 აგვისტოს მუქარის ეპიზოდში მ. ი–ს გამართლების თაობაზე უკანონოა და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ბრალდების ამ ეპიზოდებში მ. ი–ს ბრალეულობა.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულმა ი. ლ–მ სასამართლოს განუმარტა, რომ მ. ი–ს მისთვის მობილური ტელეფონი არ წაურთმევია. მოწმეებმა: გ. ა–მა, ნ. წ–მ და ლ. ი–მ დაადასტურეს აღნიშნული და სასამართლოს უჩვენეს, რომ ი. ლ–ს მობილური ტელეფონი მ. ი–ს გაუტანა გ. ა–მა. გარდა ამისა, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება ირიბადაც კი არ მიანიშნებს ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის კუთვნილი ტელეფონის აშკარა დაუფლებაზე.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ 2021 წლის 15 აგვისტოს მუქარის ეპიზოდში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ ი. ლ–სას ჩვენების სახით, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ირიბადაც კი არ ადასტურებს ზემოთ მითითებულ დროს მ. ი–ს მიერ მუქარის ჩადენას.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მ. ი–ს ბრალეულობას მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენაში (2021 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი), საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) მ. ი–ს დამნაშავედ ცნობის საფუძველი. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმ ნაწილშიც, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მ. ი–ს მხრიდან დანაშაულთა ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით.
12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
13. მ. ი–სათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები (ნასამართლობის არმქონეა; ხასიათდება დადებითად; კმაყოფაზე ჰყავს ორი შვილი, რომელთაგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, საჭიროებს სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ძვირადღირებულ მედიკამენტებს; დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია) და მ. ი–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია. რაც შეეხება კასატორის მითითებას მსჯავრდებულის პოზიტიურ დამოკიდებულებაზე ალკოჰოლის მიმართ და რომ მის მიმართ იხილება სხვა სისხლის სამართლის საქმე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს არგუმენტები განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია და ვერ გახდება განაჩენის გამამართლებელი ნაწილის გაუქმებისა და მ. ი–ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) მსჯავრდების საფუძველი.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე