Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-86-789-03 11 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1997წ. 1 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ე. ა-ამ ქ.თბილისში ... მდებარე ოროთახიანი ბინა 2000 ლარად გაასხვისა თ. მ-ეზე.

2001წ. იანვარში ე. ა-ამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში თ. მ-ის მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ გარიგება იყო თვალთმაქცური და მოჩვენებითი ხასიათის; ნასყიდობის ნაცვლად მას სურდა დაედო სამიდღემჩიო რჩენის ხელშეკრულება.

ქ.თბილისის ისნი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ჩათვალა რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოტყუების ფაქტი. კერძოდ, ე.ა-ას სახელზე მერიის ტექ-აღრიცხვის ბიუროს მიერ გაიცა სადავო ბინის ცნობა-დახასიათება ნასყიდობის გასაფორმებლად; სანოტარო პალატიდან გაცემული ცნობის მიხედვით ბინა არ იყო დაყადაღებული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ა-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ნოემბრის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა ე. ა-ას საკასაციო საჩივარი. სააპელაციო პალატის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სათანადო შეფასება არ ქონდა მიცემული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუსის მიერ დაშვებულ დარღვევას-სანოტარო მოქმედების შესრულებას თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ა-ას სააპელაციო საჩივარი და გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. დაკმაყოფილებულ იქნა ე. ა-ას სარჩელი მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

თ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გარიგება დაიდო ორივე მხარისათვის მისაღები პირობებით. ე. ა-ას გასასტუმრებელი ჰქონდა სხვადასხვა სახის დავალიანებები იგი თანახმა იყო რომ ბინა გაესხვისებინა იაფად, თანხა მიეღო ნაწილ-ნაწილ და სიცოცხლის ბოლომდე განეგრძო ბინაში ცხოვრება; მისთვის ხელსაყრელი იყო ასეთი პირობებით ბინის შეძენა; სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული მოსარჩელის მიერ სკ-ს 79-ე და 84-ე მუხლებით გათვალისწინებული შეცილების ვადების გაშვების ფაქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1997წ. 1 ივლისს ე. ა-ასა და თ. მ-ეს შორის გაფორმდა ქ.თბილისში ... მდებარე ¹40 ოროთახიანი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.

ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია, კერძოდ, ტექ-ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა-დახასიათება და სანოტარო პალატის ცნობა სადავო ბინაზე ყადაღის არარსებობის შესახებ გაცემულია ე. ა-ას სახელზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა რომ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით ცალსახად არ არის დასაბუთებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ე. ა-ას მხრივ ნების არსებობა. მოწმეთა ჩვენებების და საქმის გარემოებების გათვალისწინებით პალატას შეექმნა რწმენა, რომ ე. ა-ას ჰქონდა სამიდღემჩიო რჩენის ხელშეკრულების დადების განზრახვა.

სსკ-ს 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არრსებობის შესახებ.

სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ მისცა მათ სათანადო შეფასება.

სასამართლომ ხელშეკრულების გაუქმებას საფუძვლად დაუდო მხოლოდ ის გარემოება, რომ სანოტარო მოქმედების შესრულების დროს თარჯიმანი არ ყოფილა მიწვეული და ხელშეკრულების ტექსტი ითარგმნა არა უფლებამოსილი პირის-ნოტარიუსის მიერ.

სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 54-ე მუხლი, რომლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს.

სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია იყო თუ არა ე. ა-ას მიერ გაშვებული კანონით გათვალისწინებული შეცილების ვადები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.