¹ ას-8-711-03 12 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გაზეთ “...-ის” 2000წ. ¹75(579) 3-5 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტ ი. გ.-ის სტატია “...”.
გაზეთის პირველ გვერდზე განთავსებული იყო დეპუტატ გ. ლ.-ის სააგარაკო სახლის ფოტოსურათი ტექსტით: ,,აფხაზეთიდან დევნილი დეპუტატის გ. ლ.-ის ეს არაგვისპირა საზაფხულო დასასვენებელი სახლი არცთუ ისე თავმდაბლად გამოიყურება. თუმცა, რას იზამ, აფხაზეთის დამკარგავმა ქართველობამ სადღაც ხომ უნდა მოიბრუნოს სული”.
სტატიის ძირითადი ტექსტი მოთავსებულია ნომრის მეხუთე გვერდზე და შემდეგი შინაარსისაა: ,,სიძით ამაყობს პარლამენტის წევრი, ფრაქცია “ა.-ის” ჯერ კიდევ თავმჯდომარე (შესაძლოა, მალე აღარც იყოს) გ. ლ.-ე. მისი სიძე პრეზიდენტის დაცვის უფროსი ს. პ.-ი გახლავთ, რომელმაც ალბათ ცოტა თუ წაუკრა ხელი სიმამრს, თორემ აგარაკს (რომელიც სასახლისაგან არაფრით განსხვავდება) სოფ. წითელსოფ.ში, ნამდვილად ვერ დაასრულებდა, თანაც სულ რაღაც 25-35 ათას ლარად. მოგეხსენებათ, აფხაზეთიდან დევნილი ადამიანები როგორც ჩანს, მაინც წყლისკენ ილტვიან. არაგვი ხომ დიდებული მდინარეა. ბატონ გ-ს თბილისშიც მოუხერხებია 40-45 ათასიანი ბინის შეძენა (ბატონ გ-ს ყველგან ასეთი ორმაგი სავარაუდო ფასები აქვს მითითებული) და თუ წითელსოფლის აგარაკისა და მისი ფასის მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ ლ.-ის თბილისური ბინა რაღაც გრანდიოზული ნაგებობა უნდა იყოს. ან იქნებ შეცდა ბატონი გ. და ამ არაგვისპირა აგარაკის ფასი ვერ დააფიქსირა სწორედ?! გ. ლ.-ის უძრავ ქონებაში მემკვიდრეობით მიღებული 20000 ლარიანი სახლიც შედის სენაკში და 10000 ლარიანი საოჯახო ბიბლიოთეკაც. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტარს მთელი წინა წლის პერიოდში ხელფასად სულ 6300 ლარი მიუღია, პირად საკუთრებაში მაინც აქვს 7000 ლარი. საინტერესოა, ლ.-ე და მისი მსგავსი ადამიანები ჰაერით იკვებებიან, თუ ხელფასის დაუხარჯავად, როგორ ახერხებენ ამხელა დანაზოგების გაკეთებას?!”
2000წ. 29 სექტემბერს გ. ლ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში გაზეთ “...-ის” რედაქციის, მოგვიანებით, ასევე, ჟურნალისტ ი. გ.-ის მიმართ, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფის შესახებ, იმ მოტივით, რომ სტატია არის ცრუ და ბოროტი მონაჭორი, რადგან სააგარაკო ტერიტორია 1986 წელს გამოეყო შსს-ს მიერ, საგარაკო სახლი აშენებულია ტიპური პროექტით. მისი სიძე ხელს ვერ წაუკრავდა მშენებლობაში, რადგან იგი ამ დროს სკოლის მოსწავლე იყო. იგი არ არის აფხაზეთიდან დევნილი, თუმცა აფხაზეთში ომის დაწყებამდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და არის აფხაზეთის დეპუტატი. თბილისის ბინა გაუცვალა აფხაზეთის ყოფილ შსს მინისტრს ა.-ს 1976 წელს და მას სხვა ბინა თბილისში აღარ შეუძენია. მართალია, ხელფასის სახით 1999 წელს მიღებული აქვს 6300 ლარი, მაგრამ იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე და 1993 წლიდან არის პარლამენტის წევრი. ამდენად, გასაკვირი არ არის ამ ხნის განმავლობაში დაეზოგა 7000 ლარი. სტატიის მიზანი იყო მკითხველისათვის ლ.-ე ეჩვენებინა დევნილად, რომელმაც მოახერხა უკანონო გზებით დაეგროვებინა ქონება.
ეს ცრუ მონაჭორი არის მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი. აღნიშნულის გამო, გ. ლ.-მ მოითხოვა სკ-ს მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის, 413-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 997-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეებს დაეკისროთ 20000 ლარის გადახდა მორალური ზიანის სახით, ასევე, “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, სკ-ს 18-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ცრუ გარემოებების უარყოფა გაზეთის საშუალებით.
რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს დაევალათ გაზეთ “...-ის” ფურცლებზე მოსარჩელე გ. ლ.-ის ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციის მონაცემების გამოქვეყნება, იმ განმარტებით, რომ იგი ფაქტობრივ გარემოებათა ზედაპირული შესწავლის შედეგია და მხოლოდ პირადი (ჟურნალისტისა და გაზეთის) შეხედულებებია. მორალური ზიანის გამო მოპასუხეებს დაეკისრათ თითოეულს 100-100 ლარის გადახდა. ი. გ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მოპასუხეთა ქმედება მიიჩნია ბრალეულად. ამასთან, არ გაიზიარა მოპასუხეთა მითითება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპის კონვენციის მე-10 მუხლზე, რომლითაც დასაშვებია მთავრობისა და ცალკეულ თანამდებობის პირთა კრიტიკა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და განმარტეს, რომ სტატია დაფუძნებულია ქონებრივ დეკლარაციაზე და იგი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებებს. ლ.-ე არის პოლიტიკოსი, რომელიც თავის მოქმედებას მისივე ნებით აყენებს კონტროლის ქვეშ. მისი გაკიცხვის ფარგლები უფრო დიდია, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქისა. სტატია შედგენილია ვარაუდის ფორმით და არ შეიცავს რაიმე მტკიცებებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ლ.-ის სარჩელი. დაევალა მოპასუხე გაზეთის რედაქციასა და ჯურნალისტ ი. გ.-ს გ. ლ.-ის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების: ,,ს. პ.-მა ცოტა წაუკრა ხელი სიმამრს, თორემ ამ აგარაკს ნამდვილად ვერ დაასრულებდა” და ,,საინტერესოა ლ.-ე და მისი მსგავსი ადამიანები ჰაერით იკვებებიან, თუ ხელფასის დაუხარჯავად, როგორ ახერხებენ ამხელა დანაზოგების გაკეთებას” უარყოფა გაზეთ ,,...-ის” საშუალებით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი კვირის განმავლობაში.
მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ გაზეთ “...-ში” გამოქვეყნებული სტატია, გარდა გ. ლ.-ის ქონებრივი დეკლარაციის მონაცემებისა, შეიცავს ჟურნალისტ ი. გ.-ის მოსაზრებებსა და სავარაუდო დასკვნებს, რასაც ინფორმაციის სახით მკითხველს აწვდის.
აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის უფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით. ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და პრესის როლს საზოგადოებაში. ამდენად, ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ჩარევა ამ უფლების განხორციელებაში უნდა იყოს გამართლებული, რათა არ მოხდეს სიტყვის თავისუფლებისა და საჯარო ინტერესების კონფლიქტი.
სააპელაციო სასამართლო აღიარებს პრესის თავისუფლებას, რომელიც საუკეთესო საშუალებას აძლევს საზოგადოებას, პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირთა საქმიანობის წარმოჩენისა და მათზე აზრის შესაქმნელად, თუმცა მიაჩნია, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური თავისუფლება და იგი მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვათა უფლება. აზრის გამოხატვისას ჟურნალისტმა არ უნდა გადალახოს საზღვარი, რომელიც დადგენილია სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად. ამდენად, ჟურნალიტს აკისრია ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, რის გამოც იგი შეიძლება დაექვემდებაროს სახელმწიფო კონტროლს.
სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს აპელანტთა მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ლ.-მ, როგორც პოლიტიკოსმა სხვაზე მეტად უნდა ითმინოს კრიტიკა, რადგან თავად ჩაიყენა თავი განსაკუთრებულ მდგომარეობაში, თუმცა მიაჩნია, რომ პატივი და ღირსება არის პირის ინდივიდუალური უფლება და მას ანიჭებს უპირატესობას, მით უფრო თუ გამოთქმული აზრი, შეხედულებები არ ემყარება ფაქტებს და მოსაზრებები არ შეესაბამება სინამდვილეს.
სკ-ს მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფაქტობრივი მონაცემების არასრულად გამოქვეყნებისას, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გავრცელებისას, მათი ნამდვილობის მტკიცების ტვირთი აწევს გამავრცელებელს. აპელანტებმა ვერ შეძლეს მათ მიერ გავრცელებული მოსაზრებების ნამდვილობის დამტკიცება, მით უფრო რომ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის შესახებ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეებს სტატიის გამოქვეყნებამდე უნდა გადაემოწმებინათ მოპოვებული ინფორმაციის უტყუარობა.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ სტატიაში გამოთქმულ სავარაუდო მოსაზრებებისა და ინფორმაციის უსწორობას. ცალკეული სიტყვები, კერძოდ, “ს. პ.-მ ცოტა წაუკრა ხელი სიმამრს, თორემ ამ აგარაკს მარტო ნამდვილად ვერ დაასრულებდა” და “საინტერესოა, ლ.-ე და მისი მსგავსი ადამიანები ჰაერით იკვებებიან, თუ ხელფასის დაუხარჯავად როგორ ახერხებენ ამხელა დანაზოგების გაკეთებას”, ლახავენ მოსარჩელე გ. ლ.-ის პატივსა და ღირსებას.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სტატიის ავტორის კრიტიკის ქვეშ ხვდება არა დეპუტატ გ. ლ.-ის პოლიტიკური საქმიანობა, არამედ მისი პირადი ცხოვრება, რლომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და ევროპის კონვენციის მე-8 მუხლით. პირადი და საჯარო ინტერესების დაპირისპირებისას უპირატესობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს საჯარო ინტერესს, თუ დამტკიცდება ორ უფლებას შორის ბალანსის დარღვევის საზოგადოებრივი აუცილებლობა. სააპელაციო პალატა სადავო სტატიის ავტორმა და გამავრცელებელმა რედაქციამ ვერ დაარწმუნა ამ აუცილებლობაში, მით უფრო რომ ინფორმაცია და მოსაზრებები არ შეეფერება სინამდვილეს და მას საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “გაზეთმა ...-მ” და ი. გ.-მ.
კასატორი მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა სასამართლოს მოსაზრება, რომ აპელანტებმა ვერ შეძლეს მათ მიერ გავრცელებული მოსაზრებების ნამდვილობის დამტკიცება, ვინაიდან ინფორმაციას წარმოადგენდა ქონებრივი დეკლარაციის მონაცემები, რაც არ დამახინჯებულა, ხოლო ფრაზები “პ.-მ ცოტა წაუკრა ხელი სიმამრს, თორემ ამ აგარაკს მარტო ნამდვილად ვერ დაასრულებდა” და “საინტერესოა ლ.-ე და მისი მსგავსი ადამიანები ჰაერით იკვებებიან, თუ ხელფასის დაუხარჯავად როგორ ახერხებენ ამხელა დანაზოგების გაკეთებას”, არის ჟურნალისტის მოსაზრება და გადმოცემულია მხატვრული ფორმით. სადავო სტატიაში ფაქტობრივი ცნობები წარმოადგენენ მონაცემებს ლ.-ის ქონებრივი დეკლარაციიდან და ეს მონაცემები არის გადმოცემული სრული და დაუმახინჯებელი სახით. ფრაზა _ “ს. პ.-მ ცოტა წაუკრა ხელი სიმამრს, თორემ ამ აგარაკს მარტო ნამდვილად ვერ დაასრულებდა”, არასრულადაა სასამართლოს მიერ გადმოცემული და მისი შინაარსი ატარებს არა ისეთი მტკიცების ხასიათს, როგორც ეს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, არამედ მას აქვს ვარაუდის სახე და შემდეგნაირად გამოიყურება _ ალბათ, ცოტა წაუკრა ხელი სიმამრს. სიტყვა _ “ალბათ” გაცილებით სხვა მნიშვნელობას ანიჭებს წინადადებას და ხაზს უსვამს ავტორის ვარაუდს, რის უფლებასაც ჟურნალისტს ანიჭებს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციის მე-10 მუხლი.
აგრეთვე, ფრაზა _ “საინტერესოა ლ.-ე და მისი მსგავსი ადამიანები ჰაერით იკვებებიან, თუ ხელფასის დაუხარჯავად, როგორ ახერხებენ ამხელა დანაზოგების გაკეთებას”, არ წარმოადგენს რაიმე იმპერატიულ მტკიცებას და არის უპასუხო კითხვა საკითხის გარკვევისათვის. აღნიშნული ფრაზების ასეთი სახით გადმოცემა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ გ. ლ.-ის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, საქართველოს კანონის მე-17 მუხლის I პუნქტის დარღვევით არის შევსებული. კერძოდ, ლ.-ის აგარაკი წითელსოფ.ში დეკლარაციის მიხედვით შეფასებულია 25-35 ათასად, რაც გაცილებით სცილდება ათპროცენტიან ცდომილებას.
საოლქო სასამართლოს მოსაზრება, რომ სტატიის ავტორის კრიტიკის ქვეშ ხვდება არა დეპუტატ გ. ლ.-ის პოლიტიკური საქმიანობა, არამედ მისი პირადი ცხოვრება, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან თუ არა გ. ლ.-ის პოლიტიკური მოღვაწეობა და ამ მოღვაწეობასთან დაკავშირებული კანონის დარღვევით შევსებული ქონებრივი დეკლარაცია, აზრადაც არ მოუვიდოდა ავტორს სტატია დაეწერა ლ.-ეზე, მით უმეტეს, რომ არ იცნობდა რესპოდენტს.
კასატორის აზრით, საოლქო სასამართლოს პირველ რიგში უნდა ემსჯელა ღირებულებებზე, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად საჭირო იყო გ. ლ.-ის მიერ კანონის დარღვევის შემდეგ ასეთი კრიტიკა და აქედან გამომდინარე, გამოეტანა დასკვნა, სცილდებოდა თუ არა დაშვებული კრიტიკის საზღვრებს ავტორის სტატია.
კასატორი მიუთითებს: სააპელაციო სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა: დაევალოს მოპასუხეებს პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა გაზეთი “...-ის” საშუალებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი კვირის განმავლობაში”, მაშინ, როდესაც გაზეთი “...-ი” ამ სასამართლო პროცესის დროს უკვე აღარ ფუნქციონირებდა.
კასატორი მოითხოვს:
1. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. გ. ლ.-ს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გ. ლ.-ს დაეკისროს მოპასუხის მიერ წარმომადგენელზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება 800 ლარის ოდენობით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ცენზურა დაუშვებელია. კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ევროპის კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. Eეს მუხლი არ უშლის ხელს სახელმწიფოებს მოითხოვონ რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინოწარმოების ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება იმის გამო, რომ იგი მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებლობას წარმოადგენენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთისათვის, ჯანმრთელობისა და მორალის, სხვათა რეპუტაციის დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა ან სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის.…
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და საქართველოს საკანონმდებლო აქტები ადგენს, როგორც მოსაზრებების, ინფორმაციის გამოხატვისა და გავრცელების, ისე პირთა პატივისა და ღირსების დაცვის გარანტიებს.
სკ-ს მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება.
ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს სახელმწიფოს ჩარევას სიტყვის თავისუფლების განხორციელებაში და სახელმწიფო იძულებითი ღონისძიებების განხორციელებას პირთა პატივისა და ღირსების დასაცავად.
ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირთა კრიტიკის ფარგლები ფართოა, ვიდრე კერძო პირთა. პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის გარდაუვალია და ამგვარი თანამდებობის დაკავება თავისთავად ნიშნავს, რომ მისი ყოველი სიტყვა და მოქმედება იქნება ჟურნალისტთა მუდმივი და დაჟინებული ანალიზისა და კრიტიკის ობიექტი. პოლიტიკოსმა, შესაბამისად, უნდა გამოავლინოს მოთმინების მაღალი დონე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ახორციელებს ისეთ მოქმედებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძაფრი კრიტიკა. სახელმწიფო მოხელეებმა პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გამართულ დებატებში დასაშვებ ზღვარზე მეტი კრიტიკა უნდა ითმინონ. Aამასთან, კრიტიკა უნდა იყო საქმიანი და იგი არ უნდა გადაიზარდოს ღვარძლიან კრიტიკაში, რომელიც აშკარად შეუსაბამოა კრიტიკისა და განსჯის საგანთან.
როდესაც ჟურნალისტი პატივისა და ღირსების შემლახველ შეფასებებს მიმართავს, მან უნდა დაასაბუთოს, რომ ეს შეფასებები წარმოადგენენ იმ ფაქტების შესაბამისს, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებაშია გამოყენებული და ფაქტობრივი მონაცემები, რომელიც ჟურნალისტის მიერ არის მოტანილი შეესაბამება სინამდვილეს.
ცნობა არის ოფიციალურად გადაცემული ამბავი, ცხოვრების აღწერა, მონათხრობი ვინმეს ან რისამე შესახებ.
პატივისა და ღირსების შელახვაში იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირების შესახებ ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მათ მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ.
მოსაზრება არის განსჯის პროდუქტი. ამდენად, თუ მოსაზრება შეიცავს მტკიცებას პირის მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ, ეს შეიძლება გახდეს სკ-ს მე-18 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობის საგანი.
პოლიტიკური თანამდებობის პირების ქმედებათაMმკვეთრი შეფასებები, რომლებიც არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობენ, შეიძლება იყოს ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საფუძველი. ჟურნალისტური შეფასებები უნდა წარმოადგენდეს მის ხელთ არსებული ფაქტების ადეკვატურს.
გამოხატვის თავისუფლების პრინციპის განხორციელებას ისახავს მიზნად ,,პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის 21-ე მუხლის შესაბამისად, ჟურნალისტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპებით. ჟურნალისტი ვალდებულია, შეამოწმოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის უტყუარობა. ჟურნალისტი პასუხს აგებს თავის წერილზე. მასთან ერთად რედაქციამაც უნდა იკისროს პასუხისმგებლობა, რომ არ გამოქვეყნდეს დაუზუსტებელი, დამახინჯებული ან ისეთი ინფორმაცია, რომელსაც წინასწარი განზრახვით შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
ჟურნალისტს და რედაქციას, მოცემულ შემთხვევაში, საგაზეთო პუბლიკაციის მკვეთრი და ყოველი ადამიანისათვის თვალშისაცემი ფორმა აქვს შერჩეული.
სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტი და რედაქცია გასცდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირების კრიტიკის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს და კრიტიკამ მიიღო აშკარა შეუსაბამო ხასიათი კრიტიკისა და განსჯის საგანთან.
სანამ სტატიის ავტორი გ. ლ.-ის ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის შესახებ მოუთხრობს, იგი ხალხსა და ხელისუფლებაზე გ. რ.-ის მოსაზრებებს შეახსენებს მკითხველს _ ,,სიცოცხლე მუდმივი წვაა ოღონდ უფერფლო. ხალხის სულიერი მეთაურიც (მღვდელი) და საერო ხელმძღვანელიც (ხელმწიფე) მარად უნდა იწვოდეს, რომ თავადაც გაიწმინდოს და ხალხიც განწმინდოს. ხელმწიფობა სიმართლეს უნდა ეფუძნებოდეს. სხვაგვარად ვერც მმართველი იქნება მართალი და ვერც ხალხი. მართალია, წმინდა, ხალისიანი ხალხი თავნებობას არ უნდა ემორჩილებოდეს, თუ არ სურს დასჯილი იყოს”. სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ გ. რ.-ს სჯეროდა, რომ ,,ხელისუფლება საკრალური მოვლენაა, ვიგინდარების ყოფნა ხელისუფლებაში დაუშვებელია”. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ხალხსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის მთავარი პრინციპი _ სიმართლეა დარღვეული და “ვემორჩილებით თვითნებობას”. ასეთი შესავლის შემდეგ სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ ახლა “თვითნებობაში შემჩნეული” ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ქონებრივ და საფინანსო მდგომარეობასაც გადავხედოთ” და სხვათა შორის, აღწერს გ. ლ.-ის ქონებრივ მდგომარეობას.
როდესაც “თვითნებობაში შემჩნეულ” ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის პირი მოიხსენიება და ისმება კითხვები, თუ საიდან შეიძინა მან მისი ქონება, ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტის მინიშნება და ამგვარი ცნობების გამოქვეყნება, ცხადია, ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.
ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტის მიერ გამოთქმული თითოეული შეფასება, თითოეული მინიშნება უნდა იყოს დასაბუთებული და საფუძვლიანი.
როდესაც დასტურდება, რომ ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი ქონება შეძენილია 80-იან წლებში, ხოლო ჟურნალისტი ამ ქონებას გ. ლ.-ის და მისი სიძის საპარლამენტო და პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირებს, რასაც 90-იან წლებში ახორციელებენ, ამ შემთხვევაში ჟურნალისტის მხრიდან, სულ მცირე, აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნების დარღვევას აქვს ადგილი, რაც მის ბრალეულ მოქმედებას გულისხმობს.
საზოგადოებისა და თითოეული პიროვნების წინაშე ჟურნალისტის პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, ჟურნალისტის თითოეული შეფასება უნდა ეფუძნებოდეს შესწავლილ და გამოკვლეულ ფაქტებს და არ უნდა ეფუძნებოდეს დაუსაბუთებელ ვარაუდს.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ გ. ლ.-მ დაარღვია კანონი და არასწორად შეავსო დეკლარაცია. ეს ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი შემდეგ გარემოებათა გამო: სტატიის ავტორის მსჯელობის საგანია ის, თუ როგორ მოახერხა გ. ლ.-მ ქონების შეძენა და არა რამდენად კანონის დაცვით შეავსო მან დეკლარაცია. მითითებული გარემოება არ წარმოადგენს დავის საგანს, ვინაიდან დეკლარაციის შევსების წესის დარღვევაზე სტატიაში საუბარი არ ყოფილა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ როდესაც ცალკეული გამონათქვამების კონტექსტიდან მოწყვეტით უარყოფა შეუძლებელია, სასამართლომ უნდა მიუთითოს, ამგვარი გამონათქვამების უსაფუძვლობის შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სკ-ს მე-18 მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თუ აღარ ფუნქციონირებს კონკრეტული მასობრივი ინფორმაციის საშუალება, რომელშიც გამოქვეყნდა პირის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები, მაშინ მათი უარყოფა უნდა უზრუნველყოს თვით ცნობების გამავრცელებელმა მისივე ხარჯით იმავე ფორმის მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. მასობრივი ინფორმაციის კონკრეტული საშუალება შეიძლება განსაზღვროს თვით სასამართლომ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
შპს “გაზეთ ...-ის” და ი. გ.-ის წარმომადგენლის ლ. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს გ. ლ.-ის სარჩელი. დაეკისროს მოპასუხეებს შპს “გაზეთ ...-ის” რედაქციასა და ჟურნალისტ ი. გ.-ს გ. ლ.-ის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა შემდეგი ფორმით: გაზეთ “...-ის 2000წ. ¹75-ში (3-5 ივლისი) გამოქვეყნებული ცნობები: ,,ალბათ, ს. პ.-მ ცოტა წაუკრა ხელი სიმამრს, თორემ ამ აგარაკს ნამდვილად ვერ დაასრულებდა” და “საინტერესოა ლ.-ე და მისი მსგავსი ადამიანები ჰაერით იკვებებიან თუ ხელფასის დაუხარჯავად როგორ ახერხებენ ამხელა დანაზოგის გაკეთებას” უსაფუძვლოა და არ შეეფერება სინამდვილეს.
ცნობების უარყოფა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 თვეში განხორციელდეს გაზეთ “...-ის” საშუალებით. გაზეთ “...-ის” საშუალებით ცნობების უარყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, ცნობების უარყოფა მოხდეს გაზეთ “რ.-ის” მეშვეობით გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში.
მოპასუხეებს შპს ,,გაზეთ ...-ის” რედაქციასა და ი. გ.-ს სოლიდარულად დაეკისროთ 100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.