¹ ას-88-788-03 17 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ფ.-ი 1990წ. 26 ნოემბერს დაინიშნა ...-ის რაიკოოპერატივის საკოლმეურნეო ბაზრის დირექტორად. 1991წ. 1 სექტემბერს ...-ის რაიკოოპერატივის გამგეობამ მასთან 10 წლის ვადით დადო საიჯარო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 6.7 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების მონაწილე არც ერთი მხარე საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ არ განაცხადებდა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა. 1997წ. 30 ოქტომბერს ც.-ის წევრთა საერთო კრებამ დააფუძნა სამომხმარებლო კოოპერატივის ეროვნული ალიანსი, რომლის ერთ-ერთი წევრია ...-ის რაიონული კოოპერატივი. თიანეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ივლისის დადგენილებით მოხდა ...-ის სამომხსმარებლო კოოპერატივის ფილიალის _ აგრაგული ბაზრის ლიკვიდაცია და ვადის გასვლის გამო შეწყდა ...-ის რაიკოოპერატივსა და აგრარული ბაზრის კოლექტივს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება. 2001წ. 6 სექტემბერს შკკ-ს 30-ე მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით – საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. გ. ფ.-ი ...-ის რაიკოოპერატივის ბრძანებით გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. გ. ფ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება და სამუშაოზე აღდგენა შემდეგი საფუძვლით: საიჯარო ხეშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ არც ერთ მხარეს არ განუცხადებია ხელშეკრულების შეცვლის ან შეწყვეტის შესახებ, ამიტომ ხელშეკრულება გაგრძელდა იმავე ვადით და იმავე პირობებით; მოპასუხემ იგი უკანონოდ გაათავისუფლა სამუშაოდან.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ფ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ახმეტის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ.-მ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ახმეტის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვლავ არ დაკმაყოფილდა გ. ფ.-ის სარჩელი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ.-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინებით გ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელი, ხოლო სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის საქმე დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას. უზენაესმა სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით – სკ-ს 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენა ქირავნობის ხელშეკრულების წესები და ამავე კოდექსის 559-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულების ვადა გავიდა 2001წ. 1 სექტემბერს. ამ ვადის გასვლამდე ...-ის რაიონული კოოპერატივის გამგეობამ უარი განაცხადა ხელშეკრულების გაგრძელებაზე. საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლომ გ.ფ.-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება არასწორად დაუკავშირა საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლას, რადგან ფ.-ი ...-ის აგრარული ბაზრის დირექტორად დაინიშნა 1990 წელს საიჯარო ხელშეკრულების დადებამდე.
საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ფ.-ის სარჩელი, უკანონოდ იქნა ცნობილი ...-ის რაიკოოპერატივის გამგეობის 2001წ. 6 სექტემბრის ბრძანება გ. ფ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგა ...-ის რაიკოოპერატივის აგრარული ბაზრის დირექტორის თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე გ. ფ.-ი ...-ის რაიკოოპერატივის აგრარული ბაზრის დირექტორად დაინიშნა ჯერ კიდევ 1990 წელს ანუ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების ვადის გასვლა არ მიიჩნია სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად. სააპელაციო სასამართლომ ასევე, ჩათვალა, რომ სადავო ბაზრის ლიკვიდაცია წარმოადგენდა სამუშაოდან დათხოვნის კანონით გათვალისწინებულ იმ საფუძველს, რომელზეც დათხოვნის ბრძანებაში საუბარი არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივმა, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, წინააღმდეგ შემთხვევაში გაირკვეოდა, რომ ...-ის აგრარული ბაზარი ლიკვიდირებულია თიანეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ივლისის დადგენილებით; შკკ-ს 34-ე მუხლის “ა” პუნქტით, ადმინისტრაციის ინიციატივით დასაშვებია შეწყდეს შრომითი კონტრაქტი თუ მოხდა დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაცია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ გ. ფ.-ის სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა შკკ-ს 30-ე მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე – შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული საფუძვლით ვ.ფ.-ის სამუშაოდან დათხოვნა არასწორია, რადგან იგი ბაზრის დირექტორის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა 1990 წელს იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე და იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლა არ გულისხმობდა შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლას.
პალატა თვლის, მიუხედავად იმისა, რომ გ. ფ.-ის სამუშაოდან დათხოვნა მოხდა არასწორი საფუძვლით, მისი სამუშაოზე აღდგენა მაინც არ უნდა მოხდეს, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ...-ის რაიკოოპერატივის ფილიალი აგრარული ბაზარი, სადაც მუშაობდა დირექტორად ფ.-ი, ლიკვიდირებულია თიანეთის სასამართლოს 2000წ. 28 ივლისის დადგენილებით. აქედან გამომდინარე, ობიექტი, სადაც გ. ფ.-ი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგა დირექტორის თანამდებობაზე, იურიდიულად აღარ არსებობს, აღარ არსებობს დირექტორის თანამდებობაც და არ არსებულ თანამდებობაზე პირის აღდგენა კანონით გათვალისწინებული არ არის.
გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილ სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმს ხელს არ აწერს სხდომის თავმჯდომარე, რის გამოც სხდომის ოქმი არ შეიძლება ჩაითვალოს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად. მოცემულ შემთხვევაში სსკ-ს 394-ე მუხლის “თ” პუნქტის თანახმად აღნიშნული, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია რადგან პალატა თვლის, რომ საქმეში არ არის იურიდიული ძალის მქონე სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
...-ის სამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. გ. ფ.-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.