Facebook Twitter

საქმე # 330100121004335877

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №7აპ-23 ქ. თბილისი

პ–ი ნ., 7აპ-23 27 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. პ–იის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ნ. პ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2022 წლის 15 აგვისტოდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 24 დეკემბრიდან იმავე წლის 29 დეკემბრის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად: ნ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შეუმცირდა 45 დღით და საბოლოოდ განესაზღვრა 5 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. პ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

4. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ–ში, .......ის ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. პ–მა ურთიერთშელაპარაკების დროს ძმას – მ. პ–ს სახისა და ტანის არეში რამდენჯერმე დაარტყა ფეხები და ხელები, რა დროსაც მ. პ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5. მსჯავრდებული ნ. პ–ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ძალადობა არ ყოფილა, მისი ძმა იყო ძალიან მთვრალი და შესაჩერებლად გააწნა სილა; თვითონ მ. პ–ს სურდა მხოლოდ ძმის შეშინება და არა – გასამართლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სამართლიანი განაჩენის დადგენას.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. სუსგ №733აპ-18, №118აპ-20, №443აპ-20, №1070აპ-22) და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ძალადობა არ მომხდარა და უდანაშაულოა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეების – ც. ნ–ს, ნ. თ–სა და გ. ბ–ს ჩვენებები, „112-ში“ გაკეთებული შეტყობინება, ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნა და სხვ., რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ნ. პ–იის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა.

8. საკასაციო პალატა ითვალისწინებს მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა მ. პ–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ახლო ნათესავის (ძმის) მამხილებელი ჩვენება სასამართლოს, ხოლო, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს.

9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოწმეებმა – ნ. თ–მა და ც. ნ–მა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია, რაც საკუთარი თვალით იხილეს, კერძოდ: ნ. პ–მა სახეში მუშტი დაარტყა მეორე მამაკაცს, რომელიც მოძალადეს მიმართავდა სიტყვებით: „ძმაო, ნუ მირტყამ“. ვიდეოკამერის ჩანაწერების დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ კადრში შემოსული ორი მამაკაციდან ერთი მეორეს ხელებს ურტყამს სახის, ტანისა და თავის არეში; მათთან მიდიან პირები და აშველებენ. სასამართლო ზემოაღნიშნულ ჩვენებებს მიიჩნევს საქმისთვის მნიშვნელოვან სამხილებად, რომელთა ერთობლივი ანალიზი, შეტყობინებასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, შემთხვევის ადგილისა და ჩანაწერების დათვალიერების ოქმებთან ერთად, იძლევა განვითარებული მოვლენების მთლიანად აღქმისა და საქმეზე ობიექტური რეალობის დადგენის შესაძლებლობას.

10. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

11. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. პ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე