Facebook Twitter

¹ ას-92-783-03 15 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. ცისკაძე

სარჩელის საგანი: მამად ცნობა და ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1993წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ. ნ.-ი ცნობილ იქნა 1991წ. 29 აპრილს დაბადებული ნი. ხ.-ისა და 1992წ. 8 ივნისს დაბადებული ნ. ხ.-ის მამად. მასვე დაეკისრა 1993წ. 28 იანვრიდან შვილების სრულწლოვანებამდე ალიმენტის სახით მისი შემოსავლის 1/3-ის გადახდა. ალიმენტის მიღების უფლება მიეცა გ. ხ.-ს.

2001წ. 16 მაისს გ. ხ.-მ კვლავ მიმართა იმავე სასამართლოს განცხადებით, სადაც მიუთითა, რომ 1993წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებაში მოპასუხე მხარის სახელი არასწორად იყო მითითებული და მოითხოვა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული “ვოვა ნ.-ი” გასწორდეს “ვლადიმერ ნ.-ად”. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული საჭირო იყო ნ. და ნი. ხ.-ების დაბადების მოწმობის ასაღებად და აწ გარდაცვლილი ვ. ნ.-ის მემკვიდრეობის მისაღებად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ხ.-ის მოთხოვნა უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შევიდა კანონიერ ძალაში.

2001წ. 13 ნოემბერს გარდაცვლილი ვ. ნ.-ის ძმამ – ვა. ნ.-მ განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. მან მიუთითა, რომ 2001წ. 9 ნოემბერს მისთვის ცნობილი გახდა ამავე სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილების არსებობის შესახებ. ვა. ნ.-მ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა, ვინაიდან, გ. ხ.-ს განზრახული ჰქონდა მისი ძმის მემკვიდრეობის მიღება, ხოლო მისი მშობლების საცხოვრებელი სახლი, მემკვიდრეობის მიღების მოწმობის საფუძველზე, მისი პირადი საკუთრება იყო.

ვ. ნ.-ის აზრით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას დაარღვია სსკ-ს 260-ე მუხლის მოთხოვნები და მოუსპო მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 იანვრის განჩინებით ვ. ნ.-ის განცხადებას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი განსახილველ საქმეში არ წარმოადგენდა მხარეს, ვინაიდან დავა ეხებოდა მამად ცნობას, ასევე, ვ. ნ.-ის მიერ დარღვეული იქნა სსკ-ს 426-ე მუხლის I და II ნაწილებიდან გამომდინარე განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.

აღნიშნულ განჩინებაზე ვა. ნ.-მა შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ამავე სასამართლოს 2002წ. 5 აგვისტოს განჩინებით და დაინიშნა მოცემული საქმის ზეპირი განხილვა, რომლის დროსაც 2002წ. 9 სექტემბრის განჩინებით ვ. ნ.-ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ზემოაღნიშნული განჩინება ვ. ნ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მარტის განჩინებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 იანვრის, 5 აგვისტოსა და 9 სექტემბრის განჩინებები, ხოლო ვ. ნ.-ის განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2001წ. 4 ივნისს იმავე სასამართლოს 1993წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებაში “უსწორობის გასწორების თაობაზე” სსკ-ს 260-ე მუხლის თანახმად, ფაქტიურად გამოიტანა განჩინება და არა გადაწყვეტილება, რომელიც მითითებული ნორმის საფუძველზე საჩივრდება კერძო საჩივრით. ამდენად, 2001წ. 4 ივნისის განჩინება არ შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო საქმის წარმოების განახლების მიზნით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით და სადავო განჩინება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი გაუქმების ობიექტი, ანუ ვ. ნ.-ის მიერ დარღვეული იყო გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვა. ნ.-ის წარმომადგენელმა ა. ს.-მ. კასატორს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს. იგი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, თითქოს რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2001წ. 4 ივნისს სსკ-ს 260-ე მუხლის თანახმად, ფაქტობრივად გამოიტანა განჩინება, რომელიც უნდა გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით. ვ.ნ.-ის განმარტებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 იანვრისა და 5 აგვისტოს განჩინებების გაუქმებით საოლქო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 377-ე მუხლის I ნაწილი, ვინაიდან მხარეებს აღნიშნული განჩინებები სადავოდ არ გაუხდიათ.

კასატორი მიუთითებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების აღწერილობით ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ გ.ხ.-ს არ აუღია შვილების დაბადების მოწმობები. ვ. ნ.-ი აღნიშნულ ფორმულირებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების აღწერილობით ნაწილში უნდა დაფიქსირებულიყო, რომ გ.ხ.-ს არ დაურეგისტრირებია 1993წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1993წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ნ.-ი ცნობილ იქნა ნ. ხ.-ის და ნი. ხ.-ის მამად. გ.ხ.-ის განცხადების საფუძველზე ამავე სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით გასწორებულ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1993წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომა: “ვოვა ნ.-ი” შესწორებულ იქნა “ვლადიმერ ნ.-ად”.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2001წ. 4 ივნისს ამავე სასამართლოს 1993წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებაში “უსწორობის გასწორების თაობაზე” სსკ-ს 260-ე მუხლის თანახმად, ფაქტიურად გამოიტანა განჩინება და არა გადაწყვეტილება, რომელიც მითითებული ნორმის თანახმად საჩივრდება კერძო საჩივრით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის განჩინება არ შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო საქმის წარმოების განახლების მიზნით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით და სადავო განჩინება არ უნდა ყოფილიყო მისი გაუქმების ობიექტი. საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთი საქმეებისა, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. ამრიგად, კასატორის მიერ დარღვეულია გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი.

სსკ-ს 429-ე მუხლის თანახმად სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განუხილველად უნდა დატოვოს განცხადება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის გარემოება და კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მართებულად ცნო ვ.ნ.-ის განცხადება დაუშვებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვა. ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვა. ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.