Facebook Twitter

საქმე # 330100120003715143

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №852აპ-22 ქ. თბილისი

გ. ბ. 852აპ-22 1 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძისა და მსჯავრდებულ ბ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. გ–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: ბ. გ–მა ისარგებლა შპს „.......-ის“ დირექტორის - ვ. ბ–ს ნდობით, რომელთანაც პირადი ნაცნობობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა შპს „.......-ის“ კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 101 500 ლარს. კერძოდ, ბ. გ–მა, 2012 წლის მაისში, ვ. ბ–ს შესთავაზა თავისი შვილის - გ. გ–სის კომპანიის შპს „........-ის“ ვითომდა კუთვნილი ქვის სამსხვრევი დანადგარის და ქვა-ღორღის საცერის მიყიდვა. აღნიშნულისთვის იგი ვ. ბ–სთან მოლაპარაკებას თ–ში, წ–ს ქ. N..-ში აწარმოებდა. თანხმობის მიღების შემდგომ, 2012 წლის 1 ივნისს, ბ. გ–სმა გ. გ–სის ნაცვლად მოაწერა ხელი ვ. ბ–სთან, როგორც შპს „.........-ის“ დირექტორთან გაფორმებულ ქვის სამსხვრევი დანადგარის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და აღნიშნული ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე 2012 წლის 2 და 5 ივნისს შპს “......–ს შპს „......–ს“ ანგარიშზე საერთო ჯამში გადაარიცხვინა 81 500 ლარი. 2012 წლის 11 ივნისს, ბ. გ–მა კვლავ თავისი შვილის, შპს „.............“-ის დირექტორის, გ. გ–ს ნაცვლად, მოაწერა ხელი ვ. ბ–სთან, როგორც შპს „..........-ის“ დირექტორთან გაფორმებულ ქვა-ღორღის საცერის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და აღნიშნული ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე 2012 წლის 12 ივნისს შპს „..........-ის“ მხრიდან შპს „.........“ ანგარიშზე გადაირიცხა 20 000 ლარი. ბ. გ–ი ვ. ბ–სთან ქვის სამსხვრევი დანადგარის და ქვა-ღორღის საცერის მიყიდვის შესახებ მოლაპარაკებას ისე აწარმოებდა, ასევე ყალბი ხელშეკრულებები მოტყუებით ისე გააფორმა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნები არასოდეს ყოფილა არც ბ. გ–ის და არც გ. გ–ის კომპანიის საკუთრებაში. ისინი შპს „............. კომპანიის“ საკუთრებას წარმოადგენდა, რომლისგანაც შპს „...........“ აღებული ჰქონდა ლიზინგის წესით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განაჩენით ბ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 8 000 ლარი;

3.1. ბ. გ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით, ბ. გ–ის და გ. გ–ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ......) გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა გაუქმდა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბ. გ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა;

4.2. მსჯავრდებულმა ბ. გ–სმა და მისმა ადვოკატმა დ. ჯ–მ მოითხოვეს მსჯავრდებულის გამართლება, ხოლო მისი მოთხოვნის გაუზიარებლობის შემთხვევაში, ალტერნატივის სახით - მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის – ჯარიმის ოდენობის შემცირება.

4.3. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა და მოითხოვა, რომ ბრალდების მხარეს უარი ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი - დაკმაყოფილდეს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

6.1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძე ითხოვს ბ. გ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას;

6.2. მსჯავრდებული ბ. გ–ი ითხოვს მის გამართლებას.

6.3. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა, რომელიც ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს ბ. გ–ის მიმართ სასჯელის გამკაცრებას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულის გამართლებას, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, საჩივრის დაშვების შემთხვევაში კი -დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

9. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანია ჩაიდინა თუ არა ბ. გ–სმა მსჯავრად შერაცხული ქმედება.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ბ. გ–სის უდანაშაულობის შესახებ და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ბ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა განაპირობეს.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - დაზარალებულ ვ. ბ–სა და მოწმეების - ვ. ს–ს, გ. ჭ–ს, ნ. ჭ–ს, ლ. მ–ს ჩვენებებით, 2012წლის 4 მაისის N ........... ხელშეკრულებით, 2012წლის 1 ივნისის N.. ხელშეკრულებით, გრაფიკული ექსპერტიზის N .... დასკვნით და სხვა წერილობითი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. გ–სის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების (მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შპს „........-ის “კუთვნილ დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლება) ჩადენა.

12. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს განუსაზღვრა ორი ალტერნატიული სასჯელიდან ერთ-ერთი - ჯარიმა.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - ჯარიმის - განსაზღვრა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მითუფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

15. სასამართლო იმავდროულად, კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; ასევე - 2022წლის 10 ივნისის განჩინება N432აპ-22 განჩინებები).

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძისა და მსჯავრდებულ ბ. გ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ.გაბინაშვილი

მ. ვასაძე