¹ ას-9-712-03 17 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/3 ნაწილის მესაკუთრეები არიან რ. და ვ. კ.-ები, ხოლო 1/3 ნაწილი ირიცხებოდა ს. ს.-ის სახელზე.
2000წ. 11 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ს. ს.-ის კუთვნილი წილი შეიძინა ა. ხ.-მ.
მყიდველის ოჯახი 1933 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ სახლში.
რ. და ვ. კ.-ებმა სარჩელი შეიტანეს სასამართლოში ა. ხ.-ისა და ს. ს.-ის მიმართ სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ დარღვეულ იქნა მათი, როგორც სახლის თანამესაკუთრეების უპირატესი შესყიდვის უფლება. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აგრეთვე ფანჯრის აღდგენა და ა. ხ.-ზე ბინის ქირის-1800 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრება.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ა. ხ.-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ ბინის ქირის სახით დაეკისრა 16,2 ლარის გადახდა. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და ფანჯრის აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.
რაიონული სასამართლოს გადაწყცვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა იმ საფუძვლით, რომ სპეციალური ნორმის-სკ-ს 173-ე მუხლის შესაბამისად თანამესაკუთრეებს დამქირავებელთან შედარებით ენიჭებოდათ წილის შესყიდვის უპირატესი უფლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ვ. და რ. კ.-ები საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორები მიუთითებენ, რომ დაირღვა მესაკუთრის კონსტიტუციური უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ.თბილისში ... მდებარე სახლმფლობელობა წარმოადგენს რ. კ.-ის, ვ. კ.-ისა და ა. ხ.-ის საერთო საკუთრებას. სახლის 2/3 წილი ირიცხება რ. და ვ. კ.-ების სახელზე, ხოლო 1/3 წილი – ა. ხ.-ზე. ამ უკანასკნელმა სახლის ნაწილი შეიძინა ს. ს.-ისაგამ 2000წ. 11 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
ა. ხ.-ი 1933 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ სახლში. სახლის 1/3 წილის თავდაპირველი მესაკუთრე იყო მისი ბებია – გ. ს.-ი.
ა. ხ.-ი სამართლებრივი საფუძვლით ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა და იყენებდა შეძენილი სახლის ნაწილს. მას სკ-ს 169-ე მუხლის შესაბამისად ჰქონდა სახლის ამ ნაწილის უპირატესი შესყიდვის უფლება.
ს. ს.-ის თანამესაკუთრეებს ვ. და რ. კ.-ებს სკ-ს 173-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ჰქონდათ საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.
მოცემულ შემთხვევასი სახეზეა სკ-ს ზოგადი ნორმებით. გათვალისწინებული უპირატესი შესყიდვის უფლებები ორი სხვადასხვა საფუძვლით. უპირატესობა მიენიჭა 169-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას.
სკ-ს 516-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელსეკრულებას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა იმის თაობაზე, რომ ს. ს.-მ ნასყიდობის ხელშეკრულება დადო არა მესამე პირთან, არამედ უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე ა. ხ.-თან.
ვ. და რ. კ.-ების სასარჩელო მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. საერთო საკუთრების წილის შესყიდვის უპირატესი უფლების დარღვევისათვის სკ-ს 173, 516, 517, 518-ე მუხლებით არ არის გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
სახლი არ არის გაყოფილი რეალურად თანამესაკუთრეებს შორის, რის გამო უსაფუძვლოა კასატორების მტკიცება იმის თაობაზე, რომ მათ ეკუთვნით ა.ხ.-ის სარგებლობაში არსებული ფართი და გაუქმებული ფანჯარა. სასამართლოს გააჩნდა საბაზრო ფასის შესაბამისი ოდენობის ბინის ქირის დაკისრების და ფანჯრის აღგდგენის სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი.
გადაწყვეტილება ბინის ქირის სახით მოპასუხეებზე 16,2 ლარის დაკისრების ნაწილში ა. ხ.-ის მიერ სააპელაციო წესით არ ყოფილა გასაჩივრებული. ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. და რ. კ.-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.