Facebook Twitter

ას-97-799-03 31 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: უძრავი ქონების საკუთრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. პ-მა და მოითხოვა ა.გ-ის თავისი კუთვნილი მაღაზიიდან გამოსახლება და გადაუხდელი ქირის, 4800 აშშ დოლარის, მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1991წ. 4 სექტემბერს ზესტაფონის პრეფექტურის 1991წ. 9 სექტემბრის განკარგულების საფუძველზე ჩამოაყალიბა მცირე საწარმო “ფ.”, რომელსაც 1992წ. 4 აგვისტოს ზესტაფონის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის განკარგულებით ქ.ზესტაფონში ... ქუჩის მარცხენა მხარეს კომერციული მაღაზიის მშენებლობისათვის გამოეყო 61 მ2 მიწის ნაკვეთი. სათანადო რეგისტრაციის შემდეგ 1992წ. 2 სექტემბერს დაპროექტდა კომერციული მაღაზია “ფ.”, რომლის მშენებლობასაც აწარმოებდა 1992-99 წლებში.

მშენებლობის დროს ფინანსური დახმარება გაუწია ა. გ-მა. მათი შეთანხმების მიხედვით, ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ იგი ა.გ-ს მიაქირავებდა შენობის გარკვეულ ნაწილს, მაგრამ ქირის ფულს არ გამოართმევდა 5 წლის განმავლობაში, რადგან ა.გ-მა მშენებლობის დროს მას ქირის სახით წინასწარ გადაუხადა 4500 რუსული რუბლი. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ქირის გადახდა ა.გ-ს უნდა დაეწყო 1998 წლიდან. მიუხედავად მისი მრავალგზის მოთხოვნისა გადაეხადა ქირა ან დაეცალა შენობა, ა.გ-მა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მაღაზია თვითონ ააშენა, რის გამოც არც ქირას გადაიხდიდა და არც მაღაზიას დაცლიდა.

ა.გ-მა სასამართლოს წარუდგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა სადავო შენობის 100მ2 - ზე მესაკუთრედ ცნობა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ივლისის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა სამოქალაქო საქმეები _ ვ.პ-ის სარჩელისა გამო ა.გ-ის მიმართ და დ.ც-ისა და დ.ჭ-ისა ვ.პ-ის მიმართ. დ.ჭ-ე და დ.ც--ი მოითხოვდნენ სადავო შენობის 100მ2-ზე მესაკუთრედ ცნობას. ვინაიდან აღნიშნული საქმეები ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან, სასამართლომ ისინი გააერთიანა ერთ წარმოებად. დ.ჭ-ემ და დ.ც-მა მხარი დაუჭირეს ა.გ-ის მოთხოვნას და თავის მხრივ, მოითხოვეს 100მ2-ის მათ სახელზე დაკანონება, ვინაიდან შენობის ასაშენებლად პ-ს გადასცეს 30000 რუსული რუბლი და ისინი მუშაობდნენ მშენებლობის დროს ამ ობიექტზე.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით ვ.პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ა. გ-ი გამოსახლდა მაღაზიის შენობიდან. ფართი გადაეცა ვ.პ-ს. მას უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა ა.გ-ისათვის 4800 აშშ დოლარის გადახდევინებაზე. ა.გ-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე და დ.ც-სა და დ.ჭ-ეს კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა.გ-მა, დ.ც-მა და დ.ჭ-ემ. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო შენობის მათ საკუთრებაში აღრიცხვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონის პრეფექტურის 1991 წ. 4 სექტემბრის განკარგულებით რეგისტრირებულია მცირე საწარმო “ფ.” წესდება. წარმოების დირექტორად დაინიშნა ვ. პ-ი. დადგენილია, რომ 1992წ. 4 აგვისტოს მცირე საწარმო “ფ.” ზესტაფონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის განკარგულებით ... ქუჩაზე გამოეყო 61მ2 მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ვ.პ-მა ააშენა მაღაზიის კაპიტალური შენობა.

დადგენილია, რომ ზემოხსენებულ მაღაზიაზე 1993წ. 16 აგვისტოს ზესტაფონის რაიონული ტექინვენტარიზაციის ბიურომ ვ. პ-ის სახელზე გასცა მაღაზიის ტექნიკური პასპორტი. საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.ზესტაფონში, ... შენობის მესაკუთრეა ვ.პ-ი.

სასამართლომ არ გაიზიარა ა.გ-ის განმარტება იმის შესახებ, რომ თითქოს სადავო შენობა მისი აშენებულია და ამიტომ მას ეკუთვნის, რადგან ამ უკანასკნელმა ვერ წარმოადგინა ამის დამადასტურებელი უძრავი ქონებისათვის კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება. უსაფუძვლობის გამო არ არის გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული მოსარჩელეების- დ.ჭ-ისა და დ.ც-ის მოთხოვნა.

სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო სკ-ს 170-ე, 172-ე მუხლები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. გ-მა, დ. ჭ-ემ და ზ. გ-ემ.

კასატორები მიუთითებენ, რომ საოლქო სასამართლომ საქმის განხილვის პროცესში ყოვლად უსაფუძვლოდ არ გამოიყენა იმ პერიოდისათვის და შესაბამისად, შემდგომშიც მოქმედი კანონი მცირე საწარმოს შესახებ, რისი გამოყენებაც ნათელს გახდიდა მოსარჩელე მხარის მცდარ მტკიცებას მრავალდარგობრივი მცირე საწარმოს დამოუკიდებლად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

კასატორის მითითებით, ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთი გამოეყო მცირე საწარმო “ფ.” და არა თვით ვ.პ-ს რეალურია, ხოლო მტკიცება სადაც მითითებულია, რომ პ-მა ააშენა შენობა, არარეალურია. მიწის გამოყოფის შემდეგ ისინი ერთობლივად აწარმოებდნენ მშენებლობას და არ გამორიცხავენ თვით ვ.პ-ის მონაწილეობას მშენებლობაში.

კასატორის განცხადებით, სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო მაღაზიის ტექნიკური პასპორტი, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იმავე პასპორტში ფიგურირებს ა. გ-ი. ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ მითითებულ ობიექტზე გაცემულია ორი სხვადასხვა ტექპასპორტი: ერთი თარიღდება 1993წ. 19 თებერვლით, ხოლო მეორე _ 1993წ. 13 აგვისტოთი. პირველ პასპორტში მთლიანი მაღაზია წარმოადგენს მცირე საწარმო “ფ.”, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ვ.პ-ი გამოეყო, მან შეცვალა პასპორტი, რის საფუძველზეც შედგა შენობის ახალი გეგმა. პასპორტში დაფიქსირებულია მის მიერ მითითებული ფართი. აღნიშნულის შემდეგ მიწის გადასახადის ცალკ-ცალკე იხდიდნენ: პ-ი _ 2,22 ლარს, ხოლო კასატორები _ 9,5 ლარს.

პ-მა სასამართლოს წარუდგინა 1993წ. 12 აგვისტოს გაცემული ტექნიკური ინვენტარიზაციის პასპორტის ყალბი ასლი. ამ პერიოდის პასპორტი წარმოდგენილია კასატორთა მიერაც.

პასპორტები ტექნიკური მდგომარეობით განსხვავდება ერთმანეთისაგან: პ-ის წარმოდგენილ პასპორტში მითითებული მთლიანი ფართიდან ცალკე გამოყოფილია მისივე ფართი და არ არის მითითებული მფლობელის ვინაობა. ყოველივე ამას მთლიანად აბათილებს ტექინვენტარიზაციის ბიუროდან არსებული წესით გამოთხოვილი ტექპასპორტი _ მფლობელის გვარის გასწვრივ გრაფაში ცალ-ცალკე მითითებულია ვ.პ-იც და ა.გ-იც.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლოს სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სსკ-ს 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინება მიღებულია აღნიშნული ნორმების დარღვევით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1992წ. 4 აგვისტოს მცირე საწარმო “ფ.” ზესტაფონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის განკარგულებით .... ქუჩაზე გამოეყო 61 მ2 მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ვ.პ-მა ააშენა მაღაზიის კაპიტალური შენობა. საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.ზესტაფონში, ... მდებარე შენობის მესაკუთრეა ვ.პ-ი.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. სასამართლო ადგენს, რომ მიწის ნაკვეთი გამოეყო მცირე საწარმო “ფ.” და არა ვ. პ-ს შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

სასამართლომ არ მიუთითა იმ იურიდიულ საფუძველზე, რომლითაც საწარმოს საკუთრება შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკური პირის საკუთრებად.

სასამართლომ არ გაარკვია მოდავე მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ამ ურთიერთობის პირობები და შესაბამისად, არ ჩამოაყალიბა დასკვნები აღნიშნული თვალსაზრისით იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს, ვის გადაეცა საკუთრებაში მცირე საწარმო “ფ.” მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი ან ვის უნდა გადასცემოდა იგი. რა ურთიერთობანი და გარიგებანი არსებობდა მოდავე მხარეებს შორის, როდის, რომელი გარიგების საფუძველზე აღირიცხა სადავო ნაკვეთი საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე და სწორად განხორციელდა თუ არა ამგვარი აღრიცხვა. სასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს, იყო თუ არა აღრიცხული სადავო ფართი მოპასუხის ან სხვა რომელიმე მხარის სახელზე და რის საფუძველზე განხორციელდა ამგვარი ჩანაწერის გაუქმება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.