საქმე # 010100121004821748
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№907აპ-22 ქ. თბილისი
ფ. მ. 907აპ-22 7 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: მ. ფ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური და მორალური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მისპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2019 წლიდან 2021 წლის 15 მაისამდე (გამოძიების დაწყებამდე), ქ. ქ–ში, რ–ს ქუჩა N...-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ. ფ–ე სისტემატურად ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, კერძოდ - უწმაწური სიტყვებით ლანძღავდა ოჯახის წევრს, დედას - ჟ. ფ–ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილიშვილის - ე. ფ–ს თანდასწრებით, რის გამოც, დაზარალებული ჟ. ფ–ე მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, ასევე, განიცდიდა ფსიქოლოგიურ და მორალურ ტანჯვას.
1.2. 2021 წლის მარტის ბოლოს, ქ. ქ–ში, რ–ს ქუჩა N...-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, მ. ფ–ეე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, დედას - ჟ. ფ–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2021 წლის 12 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. ქ–ში, რ–ს ქუჩა N...-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, მ. ფ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს - ე. ფ–ს, კერძოდ - ძლიერად გააწნა სახეში სილა, შემდეგ კი ხელებზე ძლიერად ურტყამდა ხელს, რა დროსაც ე. ფ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განაჩენით:
2.1. მ. ფ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. მ. ფ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2.3. მ. ფ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მ. ფ–ს დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მ. ფ–ს დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.
8. დაზარალებულმა ჟ. ფ–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე საკუთარი ოჯახის წევრის წინააღმდეგ, ხოლო 5 წლის დაზარალებულ ე. ფ-ს გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) ირკვევა, რომ მას დედა უშლის კომპიუტერით თამაშს. დედა ხანდახან სცემს, ასევე, ეფერება და მას მოსწონს დედასთან ცხოვრება. შეკითხვაზე, რამდენიმე დღის წინ დაუშალა თუ არა დედამ პლანშეტით თამაში, დაზარალებულმა არ გასცა პასუხი, წამოდგა და აღარ უპასუხა არცერთ შეკითხვას. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმის განხილვისას დაცვის მხარემ უდავოდ ცნო საქმეში არსებული პრაქტიკულად ყველა მტკიცებულება, მათ შორის - შემაკავებელი ორდერი, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 6 ივლისის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........ და სამედიცინო ექსპერტიზის N ........ დასკვნები, რითიც დაეთანხმა აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს მათი რელევანტურობის, დასაშვეობისა და უტყუარობის კუთხით, ცალ-ცალკე და ერთობლივად; ასევე - მათი საკმარისობის თვალსაზრისით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.
10. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ეფუძნება დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, მართალია, რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. შესაბამისად, სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მამხილებელი მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნას და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 11, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ’ ქვეპუნქტით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
11. რაც შეეხება ე. ფ–ზე ძალადობის ეპიზოდს, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ ნაწილშიც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მართალია, სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 19 მაისის სამედიცონო ექსპერტიზის N......... დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ე. ფ-ს აღენიშნებოდა ნაჭდევი, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ამასთან, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს, თუმცა, ხსენებული დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება აღნიშნული დაზიანების მ. ფ–ს მიერ მიყენების ფაქტი. ამასთან, როგორც დასკვნის კვლევით ნაწილშია აღნიშნული, შესამოწმებლის გადმოცემით, დაზიანება მიიღო სათამაშო მანქანით თამაშის დროს.
12. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ პირთა გამოკითხვის ოქმებს და აღნიშნავს, რომ გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რისი გამოყენებაც შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
13. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
14. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა მ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე