საქმე # 330100121005114608
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №918აპ-22 ქ. თბილისი
კ. რ., 918აპ-22 6 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულების: რ. კ-ს, გ. ნ-ს, ი. ქ-ს, უ. დ-ს, თ. ხ-ს, გ. კ-ს, ზ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და მათთვის თავისუფლების აღკვეთის სახის მაქსიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელების შეფარდებას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მსჯავრდებულების ქმედებების ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ არცერთ დაზარალებულს არანაირი პირადი შეხება არ ჰქონია მათთან და, შესაბამისად, მათი მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ ძალადობით ხელი შეეშალათ ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, რათა არ გადაეღოთ და არ გაეშუქებინათ მიმდინარე მოვლენები, მათ შორის - ძალადობრივი ფაქტები; სასამართლომ მათი ბრალდებიდან არასწორად ამორიცხა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი; ბრალდების მხარეს ასევე მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელი არის უსამართლო და არაპროპორციული, ვინაიდან არ შეესაბამება მსჯავრდებულების პიროვნებას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სიმძიმეს. მართალია, სასამართლო უთითებს, რომ ბრალდებულების მიმართ არსებობს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მაგრამ ვერ დაასაბუთა, რატომ განუსაზღვრა მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. კ-ს, გ. ნ-ს, ი. ქ-ს, უ. დ-ს, თ. ხ-ს, გ. კ-ს, ზ. მ-ს ბრალად ედებათ: ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენება (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით; დევნა, ესე იგი ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით; ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
რ. კ-ს, გ. ნ-ს, ი. ქ-ს, უ. დ-ს, თ. ხ-ს, გ. კ-სა და ზ. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
სამოქალაქო მოძრაობა „…“ ორგანიზებით, 20.. წლის .. ივლისს, … და მიმდებარე ტერიტორიაზე გასამართი „…" პარალელურად, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ დროსა და დაუდგენელი პირების მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მომზადდა ჯგუფური ძალადობა აქციის მონაწილეების, მათი მხარდამჭერების და ჟურნალისტების მიმართ. აღნიშნულ ჯგუფურ მოქმედებაში, სხვა პირებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს: მ. დ-მ, ზ. მ-მ, ზ. ჭ-მ, თ. ხ-მ, ი. ქ-მ, თ. დ-მ, ა. ნ-მ, ო. გ-მ, თ. გ-მ, მ. დ-მ, ც. ჩ-მ, ბ. მ-მ, გ. ნ-მ, რ. კ-მ, თ. ბ-მ, გ. კ-მ, დ. კ-მ, გ. მ-მ, დ. ქ-მ, ვ. ბ-მ, ნ. გ-მ, ი. წ-მ, უ. დ-მ, გ. წ-მ, გ. გ-მ, გ. გ-მ და გ. ხ-მ, რა დროსაც ხელკეტებითა და სხვადასხვა საგნით შეირაღებულ პირთა ჯგუფი შეიკრიბა ... გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე და „...“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, „..." მონაწილეებისა და მხარდამჭერების დევნის, ასევე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჯგუფურად იძალადეს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე, რითაც მათ მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები. დააზიანეს და გაანადგურეს ძალადობის ადრესატი პირების მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დაარბიეს „..." წევრებისა და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი.
20.. წლის .. ივლისს, ... გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა „...“ ორგანიზებით გასამართი „...“ პარალელურად, მ. დ-მ, ზ. მ-მ, ზ. ჭ-მ, თ. ხ-მ, ი. ქ-მ, თ. დ-მ, ა. ნ-მ, ო. გ-მ, თ. გ-მ, მ. დ-მ, ც. ჩ-მ, ბ. მ-მ, გ. ნ-მ, რ. კ-მ, თ. ბ-მ, გ. კ-მ, დ. კ-მ, გ. მ-მ, დ. ქ-მ, ვ. ბ-მ, ნ. გ-მ, ი. წ-მ, უ. დ-მ, გ. წ-მ, გ. გ-მ, გ. გ-მ და გ. ხ-მ, სხვა პირებთან ერთად, „....“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობით, რბევითა და ძალადობის მუქარით განახორციელეს „...“ ორგანიზატორების, მხარდამჭერებისა და აქციაზე მყოფი ჟურნალისტების დევნა, მათი სიტყვისა და აზრის გამოხატვის, საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მიზნით.
დევნის პროცესში, დღის პირველ ნახევარში, ...., „...“ და .... ოფისის მიმდებარედ, გ. კ., სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თავს დაესხა ტელეკომპანია ,,...“ ჟურნალისტებს: თ. მ-სა და დ. ქ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერ დარტყმით მიაყენეს დაზიანებები.
ასევე, დევნის პროცესში, დაახლოებით დღის 12:00 საათზე, ..., ... გამზირზე, რ. კ., სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თავს დაესხა ტელეკომპანია ,,...“ ჟურნალისტ რ. წ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერ დარტყმით მიაყენეს დაზიანებები.
ასევე, დევნის პროცესში, დღის პირველ ნახევარში, ...., ... გამზირზე, სასტუმრო ,,...“ მიმდებარედ, გ. ნ. და ზ. მ., სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია ,,...“ ოპერატორ შ. კ-სა და ჟურნალისტ დ. ყ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების, ფეხებისა და დროშის ტარის მრავალჯერ დარტყმით მიაყენეს დაზიანებები.
ამასთან, ზ. მ. თავს დაესხა ინტერნეტმედია ,,...’’ ჟურნალისტ მ. ჯ-ს, რა დროსაც ფიზიკური ძალადობით, კერძოდ: ხელკეტის მსგავსი საგნის კეფისა და ზურგის არეში რამდენჯერმე დარტყმით და ასევე, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ჩაიდინა მისი დევნა.
ასევე, დევნის პროცესში, დღის პირველ ნახევარში, ..., ..... გამზირზე, ი. ქ. და თ. ხ., სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია ,,...“ ოპერატორ დ. ა-ს და ჟურნალისტ დ. მ-ს, რა დროსაც სიტყვიერი შეურაცხყოფით, ძალის დემონსტრირებით, ძალადობის მუქარით, დროშის ტარის, ხელების, ფეხების, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით ჩაიდინეს მათი დევნა და მიაყენეს დაზიანებები.
ასევე, დევნის პროცესში, დაახლოებით 12:00 საათზე, ..., ... გამზირზე, უ. დ. სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თავს დაესხა მედიაჰოლდინგ ,,....“ ოპერატორ ბ. ა-ს, რა დროსაც ხელკეტის მსგავსი საგანი დაარტყა სახის არეში. აღნიშნული ქმედებებით ბ. ა-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
დევნას შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, ძალადობის ადრესატმა პირებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები, დაზიანდა და განადგურდა მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დაარბიეს „...“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი, არსებითად დაირღვა პირთა სიტყვისა და გამოხატვის უფლება.
20.. წლის .. ივლისს, დღის პირველ ნახევარში, ..., „...“ და ... ოფისის მიმდებარედ, სამოქალაქო მოძრაობა „...“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, თ. გ., მ. დ., ბ. მ., ვ. ბ., ნ. გ. და ი. წ., სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „...“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით - მათ შორის ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, ,,...“ ჟურნალისტებს - თ. მ-სა და დ. ქ-ს, რომელთაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, გ. კ, სხვა პირებთან ერთად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ფეხებისა და ხელების მრავალჯერ დარტყმით, აპარატურის დაზიანების მცდელობით, აიძულებდნენ თ. მ-სა და დ. ქ-ს, შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინათ და არ გაევრცელებინათ მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები.
ასევე, 20.. წლის .. ივლისს, 12:00 საათზე, .., ... გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა „...“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, რ. კ., სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „...“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით - მათ შორის ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხა მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, ტელეკომპანია ,,....“ ჟურნალისტ რ. წ-ს, რომელსაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, რ. კ., სხვა პირებთან ერთად, ძალადობით და ძალადობის მუქარით, ტექნიკის და აპარატურის დაზიანებით აიძულებდა რ. წ-ს, შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინა და არ გაევრცელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები.
ასევე, 20... წლის .. ივლისს, დღის პირველ ნახევარში, ..., ... გამზირზე, სასტუმრო ,,...“ მიმდებარედ, სამოქალაქო მოძრაობა „...“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, გ. ნ. და ზ. მ., სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „...“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით - მათ შორის ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, ტელეკომპანია ,,....“ ოპერატორ შ. კ-სა და ჟურნალისტ დ. ყ-ს, რომელთაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, გ. ნ და ზ. მ., სხვა პირებთან ერთად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, დროშის ტარის, ფეხებისა და ხელების მრავალჯერ დარტყმით, აიძულებდნენ შ. კ-სა და დ. ყ-ს, შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინათ და არ გაევრცელებინათ მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები.
ასევე, 20.. წლის .. ივლისს, დღის პირველ ნახევარში, ..., ... გამზირზე, სასტუმრო ,,...“ მიმდებარედ, სამოქალაქო მოძრაობა „....“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, გ. ნ. და ზ. მ., სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „...“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით - მათ შორის ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, ტელეკომპანია ,,...“ ოპერატორ შ. კ-სა და ჟურნალისტ დ. ყ-ს, რომელთაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, გ. ნ. და ზ. მ, სხვა პირებთან ერთად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, დროშის ტარის, ფეხებისა და ხელების მრავალჯერ დარტყმით, აიძულებდნენ შ. კ-ს, ხოლო ზ. მ., ასევე ხელკეტის მსგავსი საგნის კეფისა და ზურგის არეში რამდენჯერმე დარტყმითა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით აიძულებდა ინტერნეტმედია ,,....“ ჟურნალისტ მ. ჯ-ს შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინა და არ გაევრცელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები.
ასევე, 20.. წლის .. ივლისს, დღის პირველ ნახევარში, .., ... გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა „...“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, ი. ქ-მ და თ. ხ-მ, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „...“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით - მათ შორის ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, ტელეკომპანია ,,...“ ოპერატორ დ. ა-სა და ჟურნალისტ დ. მ-ს, რომელთაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფით, ძალის დემონსტრირებით, ძალადობის მუქარით, დროშის ტარის, ფეხებისა და ხელების თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით, აიძულებდნენ დ. ა-ს და დ. მ-ს, შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინათ და არ გაევრცელებინათ მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები.
ასევე, 20... წლის .. ივლისს, 12:00 საათზე, ..., ... გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა „...“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, უ. დ, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „...“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით - მათ შორის ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, მედია ჰოლდინგ ,,...“ ოპერატორ დ. ა-ს, რომელსაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, უ. დ-მ, სხვა პირებთან ერთად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ხელკეტის მსგავსი საგნით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანებით აიძულებდნენ ბექა ათაბეგაშვილს, შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინა და არ გაევრცელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის განაჩენით:
რ. კ-ს, - დაბადებულის 19.. წელს, - მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
რ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით; სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით; სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და რ. კ-ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით.
რ. კ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 9 ივლისიდან.
გ. კ-ს, - დაბადებულის 19.. წელს, - მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით; სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით; სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. კ-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით.
გ. კ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 10 ივლისიდან.
გ. ნ-ს, - დაბადებულის 19.. წელს, - მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე;
გ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით; სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით; სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. ნ-ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით.
გ. ნ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდა და მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 9 ივლისიდან.
ზ. მ-ს, - დაბადებულის 19.. წელს, - მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
ზ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით; სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით; სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ. მ-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით.
ზ. მ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდა და მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 6 ივლისიდან.
ი. ქ-ს, - დაბადებულის 19.. წელს, - მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე;
ი. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 1 (ერთი) თვით; სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით; სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 1 (ერთი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ი. ქ-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით.
ი. ქ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდა და მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 7 ივლისიდან.
თ. ხ-ს, - დაბადებულის 19.. წელს, - მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
თ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 1 (ერთი) თვით; სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით; სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 1 (ერთი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და თ. ხ-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 2 (ორი) თვით.
თ. ხს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდა და მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 7 ივლისიდან.
უ. დ-ს, - დაბადებულის 19.. წელს, - მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
უ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარი; სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარი; სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და უ. დ-ს განესაზღვრა ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი.
სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უ. დ-ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2021 წლის 20 ივლისიდან 2022 წლის 8 თებერვლის ჩათვლით), შეუმსუბუქდა განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
უ. დ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს: ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; დევნა, ესე იგი ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, „გ’’ ქვეპუნქტებით; ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამასთან, სასამართლომ მსჯავრდებულების ქმედებებიდან ამორიცხა დანაშაულის ჩადენა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, მსჯავრდებულ ი. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-მ, მსჯავრდებულ უ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მ, მსჯავრდებულ თ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ა-მ, მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ა-მ, მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. კ-მ.
- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულების - რ. კ-ს, გ. ნ-ს, ი. ქ-ს, უ. დ-ს, თ. ხ-ს, გ. კ-ს, ზ. მ-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მათთვის თავისუფლების აღკვეთის სახის მაქსიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელების შეფარდება.
- მსჯავრდებულ ი. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
- მსჯავრდებულ უ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
- მსჯავრდებულ თ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ა-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით შერაცხულ ბრალდებაში, ხოლო სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის - არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.
- მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ა-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
- მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. კ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უკანონოა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებებში ამომწურავადაა მითითებული იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ რ. კ-ს, გ. ნ-ს, ი. ქ-ს, უ. დ-ს, თ. ხ-ს, გ. კ-ს, ზ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებები გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება და იზიარებს, კერძოდ:
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა, ხოლო მეორე ნაწილით - ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა.
10. მითითებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი და უშიშროება, ხოლო დამატებითი ობიექტი - საკუთრებითი ურთიერთობა და ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ, დანაშაული გამოიხატება სხვადასხვა ალტერნატიულ მოქმედებაში, კერძოდ: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა გამოიხატება არეულობის ადგილის შერჩევაში, არეულობის დროისა და მისი ჩადენის ხერხის განსაზღვრაში, არეულობის დროს ჯგუფისთვის მითითების მიცემაში, თუ კონკრეტულად რა ქმედება უნდა ჩაიდინონ მათ, მოწოდებაში, არ შეწყვიტონ ძალადობა და ა.შ., ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში იგულისხმება მასობრივ არეულობაში რიგითი მონაწილეობა. ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ცემაში, დაცული ობიექტის კარის შემტვრევასა და იქ ძალდატანებით შეღწევაში, სხვისთვის ჯანმრთელობის მსუბუქ ან ნაკლებად მძიმე დაზიანებაში, რბევის დროს კი ორგანიზებული ძალადობის მონაწილეებმა შეიძლება შენობა-ნაგებობებში ან ქუჩებში განლაგებული ნივთები სტიქიურად მიყარ-მოყარონ ან დააზიანონ. ჯგუფურ ძალადობას შეიძლება თან ახლდეს იარაღის გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლისადმი, რომელიც ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას. აღნიშნული დანაშაული არის ფორმალური შემადგენლობის, ვინაიდან არაა აუცილებელი, ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს მოჰყვეს მძიმე შედეგი, იგი დამთავრებულია მაშინ, როცა ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას თან ახლავს სხვადასხვა ქმედება, მაგალითად, ძალადობა, რბევა და სხვა.
11. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლზე, რომელშიც განმარტებულია ჯგუფური დანაშაული, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი; მეორე ნაწილის მიხედვით: დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების მიმართ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბრალად შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადგინდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქვე, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად არ დგინდება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით მსჯავრდებულების მსჯავრდების საფუძველი.
13. საკასაციო სასამართლო აგრეთვე არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, მათ შორის- მსჯავრდებულების პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება (არ არიან ნასამართლევნი), მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე (ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ასევე მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა, მათი კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა საქმის სასამართლო განხილვის დროს, ასევე - ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება (ადამიანის დევნა პროფესიული საქმიანობის გამო), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი (ხელებს, ფეხებს, საგნებს ურტყამდნენ დაზარალებულებს სხეულის სხვადასხვა არეში) და სხვა გარემოებები, რომელთა მხედველობაში მიღებითაც, მსჯავრდებულებს: რ. კ-ს, გ. კ-ს, გ. ნ-ს, ზ. მ-ს, ი. ქ-სა და თ. ხ-ს შეუფარდეს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო უ. დ-ს, მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მხედველობაში მიღებით - ჯარიმა, რაც სამართლიანია, სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), მსჯავრდებულების პიროვნებებსა და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. ამდენად, სასჯელის დამძიმების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სასამართლო ვალდებულია, მხარეს დეტალური პასუხი გასცეს ყველა არგუმენტთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Van de Hurk v. the Netherlands განაცხადი N16034/90, §61, ECtHR, 19.04.1994; Jgarkava v. Georgia, განაცხადი N7932/03, §71, ECtHR, 24.05.2009). სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს სასამართლოს მოსაზრებები საქმის გადამწყვეტ, არსებით ასპექტებთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Boldea v. Romania, განაცხადი N19997/02, §30, ECtHR, 15.02.2007).
15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას კასატორი და რასაც სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი