საქმე # 120100119003335581
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №924აპ-22 ქ. თბილისი
ფ. ნ. 924აპ-22 13 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელისა და მსჯავრდებულ ნ. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ო. გ–სა და ნ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ფ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ორი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ფ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 აგვისტოს, ა–ს რაიონში, ..........ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საზაფხულო საძოვრებზე, ნ. ფ–მა შელაპარაკების ნიადაგზე სცადა ბ. და ს. ბ–ების მოკვლა, კერძოდ ბ. ბ–ს ოთხჯერ დაარტყა დანა გულმკერდსა და ზურგში და მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანების გამო, ხოლო ს. ბ–სს მოკვლის განზრახვით ყელში უჭერდა ხელს, ასევე დანა მოუქნია გულმკერდის არეში, რომელიც ხელით დაუკავა ს. ბ–სა და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის განაჩენით:
3.1. ნ. ფ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. ნ. ფ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2019 წლის 21 აგვისტოდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
4.1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა მოითხოვა ნ. ფ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულ ნ. ფ–ს ადვოკატმა - ო. გ–მ მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში;
4.3. მსჯავრდებულ ნ. ფ–სის ადვოკატმა - ნ. გ–მა ასევე მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება.
5. პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ნ. ფ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ო. გ–მ, რომელმაც მოითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და მსჯავრდებულის გამართლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
6.1. ნ. ფ–ს ბრალდება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის, ს. ბ–სის და ბ. ბ–სის მკვლელობის მცდელობიდან), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე (ს. ბ–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე (ბ. ბ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ეპიზოდი);
6.2. ნ. ფ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ს. ბ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6.3. ნ. ფ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ბ. ბ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
6.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ნ. ფ–ს საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
6.5. ნ. ფ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2019 წლის 21 აგვისტოდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
7.1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამუნა მურჯიკნელი ითხოვს ნ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
7.2. მსჯავრდებულ ნ. ფ–ს ადვოკატი ო. გ–ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას და ნ. ფ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
7.3. მსჯავრდებულ ნ. ფ–ს ადვოკატი ნ. გ–ი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ნ. ფ–ის გამართლებას, ვინაიდან, კასატორის მტკიცებით, ნ. ფ–ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
8. პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ნ. ფ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების შესაგებლები:
8.1. ადვოკატმა დ. მ-მ მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და მსჯავრდებულის გამართლება;
8.2. ადვოკატი ნ. გ–ი შესაგებლით ითხოვს არ იქნეს დაშვებული ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი;
8.3. ადვოკატმა ო. გ–მ მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და მსჯავრდებულის გამართლება.
9. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ: პროკურორმა, რომელიც ითხოვს ნ. ფ–ის დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი კვალიფიკაციით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო ადვოკატები ითხოვენ მსჯავრდებულის გამართლებას.
10.1. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ნ. ფ–მა ჩაიდინა თუ არა დანაშაულებრივი ქმედება, ხოლო აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, რომელი მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს, ბრალად წარდგენილი - საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, თუ მსჯავრად შერაცხული - საქართველოს სს კ-ის 19,108-ე მუხლით(ორი ეპიზოდი - ბ. და ს. ბ–ების მიმართ), თუ უნდა გამართლდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის გამო.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ნ. ფ–ის მსჯავრდების ნაწილში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებითა და ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება ნ. ფ–ის მიერ მკვლელობის მცდელობის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებაში - ორი პირის მიმართ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. ფ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების (ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით) საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირება, მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის, სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს რომ პირი მოქმედებდა ერთიანი განზრახვით. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ნ. ფ–ს დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დაწყებისას უკვე ჰქონდა ს. ბ–თან ერთად მისი ძმის - ბ. ბ–ის მკვლელობის განზრახვა. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ჩხუბის დაწყებისას ნ. ფ–სთვის (ისევე როგორც ს. ბ–სთვის) უცნობი იყო რომ ბ. ბ–სი წამოვიდოდა, დაეწეოდა მათ და აღმოჩნდებოდა შემთხვევის ადგილზე.
13. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადვოკატებმა ო. გ–მ და ნ. გ–მა ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრებით მიმართეს იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, მათ შორის, მიუთითეს, რომ ნ. ფ–სი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, დაზარალებულთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, არ არის დადგენილი რამდენ ხანს მიმდინარეობდა კონფლიქტი და ურთიერთდაპირისპირება, როგორ მიიღო ნ. ფ–მა დაზიანებები, მათ შორის მჭრელი საგნის მოქმედებით, რატომ არ გამოიკითხა თავიდანვე ლ. გ. და მისი შვილები, რომლებიც არიან შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები.
14. სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულთა ჩვენებებში არსებული უზუსტობები არ წარმოადგენს იმ მნიშვნელობის მქონე შეუსაბამობას, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს ნ. ფ–ის მსჯავრდებაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ უნდა შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. „შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში აუცილებლად მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, განსაკუთრებით კი პირდაპირ ჩვენებებს, ასეთი მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე....... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ.იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. და ს. ბ–ების მიერ გამოძიებისა და სასამართლოსთვის მიწოდებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ინფორმაცია (დანაშაულის ჩადენის დროის, ადგილის, მასში მონაწილე პირებისა და თავად მათი ქმედებების შესახებ) იდენტურია, არ ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, ასევე არ დასტურდება მათი მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესება.
16. ორივე დაზარალებულმა თანხვდენილად განმარტეს, რომ 2019 წლის აგვისტოში იმყოფებოდნენ სოფელ უ–ს საზაფხულო საძოვრებზე. 20 აგვისტოს ნ. ფ–მა, ს. და ბ. ბ–ებმა იქეიფეს ს. ბ–სთან და მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც ნ. ფ–სი ოჯახთან ერთად წავიდა თავის ბინაში. მათ გაჰყვა ს. ბ–სი, ს. ბ–სმა ბ–ს სთხოვა ცხენი, რათა გაეცილებინა ნ. ფ–სი, ვინაიდან იყო ნასვამი და ბავშვი ცხენზე დასმისას გადმოუვარდა. ბ. ბ–სმა იფიქრა, რადგან მისი ძმაც ნასვამი იყო შეიძლებოდა ნ. ფ–სთან კიდევ გაეგრძელებინა დალევა და ამიტომ 10-15 წუთის შემდეგ გაჰყვა მათ. გზაში გაიგონა ხმაური, ყვირილი, დახმარების თხოვნა. ადგილზე მისულმა კი დაინახა, რომ ს. და ნ–ი ჩხუბობდნენ. ჩხუბისას წაიქცნენ და ს–ი მოექცა ნ–ს ქვეშ, ნ–ი ცდილობდა ს-ს დახრჩობას, ის კი ითხოვდა შველას და იძახდა რომ კლავდნენ. ვინაიდან ნ. ფ–სი ძლიერი აღნაგობისაა, ბ–ი მივიდა და ცდილობდა უკანა მხრიდან მის მოშორებას, ამ დროს ს-მა უთხრა ძმას ფრთხილად ყოფილიყო, რადგან ნ–ს დანა ჰქონდა. ბ–ი ნ–ს ექაჩებოდა, ცდილობდა ძმისგან მის მოშორებას, რა დროსაც ნ. ფ–სი მოუტრიალდა მას და დანა დაარტყა ერთხელ გულ-მკერდში, ხოლო სამჯერ ზურგში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულთა ჩვენებები თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგება არც ერთმანეთს და არც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს.
17. დაზარალებულების ბ. და ს. ბ–ების მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოებები დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნებით.
17.1. 2019 წლის 9 სექტემბრის N........ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სს „.....ის ჰოსპიტლები“ ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით N.........-ის და ..........ს სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N......-ის მიხედვით ბ. ბ–სს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ, ზურგის და წელის არეში, მარჯვენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი, მარჯვენა თირკმლის ტრავმული დაზიანება, პარანეფრალური ჰემატომა. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით და აღნიშნული დაზიანებები ერთობლიობაში ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
17.2. 2019 წლის 21 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნით დადგენილია, რომ პირადი გასინჯვისას ს. ბ–ს აღენიშნებოდა ცხვირის ზურგზე მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული ნაჭდევი, მის ირგვლივ ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი, მარჯვენა ყვრიმალის არეში იგივე ხასიათის ნაჭდევი, მის ირგვლივ ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი, მარცხენა ყვრიმალის არეში ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი, ყელის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი, მარჯვენა ლავიწის შუა არეში და დისტალურად ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთები, მარჯვენა თეძოს გვერდით ზედაპირზე აღენიშნება მოწითალო ფერის ფუფხით დაფარული ნაჭდევი, მარცხენა პარასტერნალურ და ძუძუს ხაზებს შორის V ნეკნის საპროექციოდ აღენიშნებოდა განივად მდებარე ზედაპირული ხასიათის სწორკიდეებიანი ჭრილობა, რომელიც ნაწილობრივ დაფარული იყო მოწითალო ფერის ფუფხით, მარცხენა მტევნის II თითის ხელისგულისმხრივ ზედაპირზე, შუა ფალანგისა და დისტალურ ფალანგის საზღვარს შორის აღენიშნებოდა განივად მდებარე ზედაპირული ხასიათის სწორკიდეებიანი ჭრილობა. სასწრაფო სამედიცინო ბარათით N....-ის და პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით ს. ბ–სს აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე, ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობები გულმკერდის და მარცხენა მტევნის II თითის არეში. აღნიშნული სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. აღნიშნული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
17.3. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი დ. მ–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
18. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. ფ–ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობა(ორი ეპიზოდი) ბ. და ს. ბ–ების მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებითი სტანდარტით დადასტურებულია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. ფ–სა და ს. ბ–ს შორის შელაპარაკება გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც ნ. ფ–მა წააქცია ს. ბ–ი ძირს, თვითონ კი ზევიდან დააჯდა და დახრჩობის მიზნით ყელში უჭერდა ხელს, შემდეგ კი ამოიღო თანნაქონი დასაკეცი დანა და ცდილობდა დაერტყა ს. ბ–სათვის გულ-მკერდის არეში, რაც სისრულეში ვერ მოიყვანა ს. ბ–ის მიერ გაწეული წინააღმდეგობისა და მის დასახმარებლად მისული ბ. ბ–ის ჩარევის გამო, რომელიც უკნიდან ცდილობდა ნ. ფ–ის აწევას და მის მოშორებას ს. ბ–საგან. ამის გამო ნ. ფ–სი მიუბრუნდა ბ. ბ–სს და მის ხელთ არსებული დანით ჯერ ერთხელ დაარტყა გულმკერდში, ხოლო შემდეგ კი სამჯერ ზურგში, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. ბ. ბ–სათვის დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისი გადარჩენა.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. ბ–სათვის მიყენებული ჭრილობების ლოკალიზაცია და ხასიათი გამორიცხავს ნ. ფ–სის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოქმედებას. ამასთან, თავად მსჯავრდებულ ნ. ფ–ის განმარტებით, ჩხუბისას ბ-ებს ხელში რაიმე საგანი ჰქონდათ თუ არა არ შეუმჩნევია.
20. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ნ. ფ–ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კონფლიქტის ხანგრძლივობისა და დინამიკის გათვალისწინებით, არ არის გამოკვეთილი არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა (რომლის გარეშეც შეუძლებელია ქმედების მართლწინააღმდეგობის გამორიცხვა) და არც - აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება. დაზარალებულთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ისინი ცდილობდნენ მსჯავრდებულის თავდასხმის მოგერიებას, მსჯავრდებული წაქცეულ ს. ბ–ს მოექცა ზემოდან, ცდილობდა მის დახრჩობას, მისთვის დანის ჩარტყმას, დაზარალებული უჭერდა ხელს, რომელშიც დანა ეჭირა, დაზარალებული ბ. ბ–ი კი უკნიდან ცდილობდა მსჯავრდებულის წამოყენებას და ს. ბ–საგან მოშორებას, რა დროსაც ასევე სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა ბ. ბ–სს მსჯავრდებულმა.
21. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ,,ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში (ფარგლების გადაცილებით) ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოებების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასა და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაც მხოლოდ მაშინ იკვეთება, თუ აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა არსებობს, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს“. შესაბამისად, ,,სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში, თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის განჩინება N770აპ-19).
22.ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებაში. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ფ–მა თავისი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - განზრახ მკვლელობის მცდელობა(ორი ეპიზოდი).
23. დაცვის მხარის მტკიცებით, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულები დაიკითხნენ საპროცესო ნორმების დარღვევით დისტანციურად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველო სსსკ-ის 3325-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი უშვებდა შესაძლებლობას, სასამართლო სხდომა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამართულიყო დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოწმე დაკითხულიყო დისტანციურად ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. რაც კანონის დარღვევად ვერ შეფასდება.
24. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებისას თარჯიმნის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 53-54-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს თარჯიმნის უფლება-მოვალეობებს, მაგრამ სავალდებულო მოთხოვნად არ აწესებს თარჯიმანთა ბიუროში აღრიცხვაზე ყოფნას. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ნ. ფ–ის დაკავებაში, საგამოძიებო ექსპერიმენტში, ბრალის წარდგენასა და მოწმის სახით დაკითხვისას მონაწილეობდა თარჯიმანი ე. გ., ხოლო საქმეში წარმოდგენილია საქართველოს მთარგმნელობითი ორგანიზაცია „ი–ს“დირექტორ ს. ც–ს ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ე. გ–ი ნამდვილად მუშაობს მთარგმნელობით ორგანიზაციაში. სასამართლო ითვალისწინებს ასევე, რომ ნ. ფ–ს მიმართ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებისას 2019 წლის 22 აგვისტოდან ჩართული იყო ადვოკატი შ. გ–ე(დაცვა შეთანხმებით).
25. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას პრეიუდიციის განმარტების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ დაცვის მტკიცებულებების, მათ შორის ლ. გ–ს გამოკითხვის ოქმის უდავოდ ცნობა არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს მოწმის გამოკითხვის ოქმის გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მისაღებად. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მხარის ინტერესს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის წინაშე, უშუალოდ იქნეს დაკითხული ის მოწმე, რომლის ჩვენებასაც შესაძლოა ჰქონდეს გადამწყვეტი გავლენა საქმის საბოლოო შედეგზე. მოცემულ შემთხვევაში როგორც ლ. გ–ს გამოკითხვის ოქმებით (იხ.: 2019 წლის 27 აგვისტოს გამოკითხვის ოქმი, ტ.2. ს.ფ. 111-113; 2019 წლის 11 სექტემბრის ლ. გ–ს გამოკითხვის ოქმი, ტ. 3, ს.ფ.13-16(მოწმის დაკითხვა აწარმოა ნ. ფ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. მ–მა)) დასტურდება მას პირადად არ დაუნახავს მისი მეუღლის - ნ. ფ–სის, ს. ბ–სა და ბ. ბ–სის ჩხუბი ერთმანეთში და ფიზიკური დაპირისპირება, ვინაიდან იყო მათგან მოშორებით. ამდენად მოწმის ჩვენება სადავო გარემოებების დადგენისა თუ უარყოფის თვალსაზრისით არ შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დაცვის უფლების განხორციელებისათვის მოცემული მოწმის მოსამართლის წინაშე დაკითხვის მნიშვნელობის შესახებ. ამდენად, აღნიშნული მოწმის გამოკითხვის ოქმის შინაარსის გათვალისწინებით, ამ მოწმის გამოკითხვის ოქმის სასამართლოს მიერ უდავოდ ცნობა მხოლოდ ერთი მხარის თანხმობის საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ მნიშვნელოვან დარღვევას, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
26. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
27. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
29. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელისა და მსჯავრდებულ ნ. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ო. გ–სა და ნ. გ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი