Facebook Twitter

საქმე # 330100120003498444

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №940აპ-22 ქ. თბილისი

ჩ. ბ. 940აპ-22 13 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ნ–მ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ჩ–ს, - დაბადებულს 19... წელს, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით; ორი ან მეტი პირისა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ჩ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 12 იანვარს, ბ. ჩ–ი იმყოფებოდა ქ. თ–ი, წ–ს გამზირი N..-ში მდებარე .......... სტადიონის ტერიტორიაზე განთავსებულ ღამის კლუბ „.....–ში“, საიდანაც, დაახლოებით 01:30 საათზე, ის ღამის კლუბში დადგენილი წესების დარღვევის გამო დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს კლუბიდან. ბ. ჩ–ი დაჟინებით ითხოვდა კვლავ კლუბში შეშვებას, რა დროსაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა კლუბის დაცვის თანამშრომლებთან გ. ს–თან და ბ. გ–თან, რომლებსაც კლუბში არ შეშვების გამო ბ. ჩ–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და დატოვა ტერიტორია. მისი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო განაწყენებული, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი თოფით შეიარაღებული ბ. ჩ–ი, დაახლოებით 40 წუთში დაბრუნდა ღამის კლუბ „.......ის“ ტერიტორიაზე და ხულიგნური ქვენაგრძნობით, ხელთნაქონი თოფიდან მოკვლის განზრახვით, რამდენიმეჯერ გაისროლა გ. ს–სა და ბ. გ–ს, ასევე კლუბ ,,......ის“ სხვა თანამშრომლების - თ. ა–ს, ბ. ჭ–სა და დ. ც–ს მისამართით. აღნიშნული პირები ამ დროს იმყოფებოდნენ კლუბის ცენტრალურ შესასვლელ კართან, სადაც ასევე იყვნენ კლუბის სხვა თანამშრომლები და კლუბიდან გამოსული მოქალაქეებიც. მას შემდეგ, რაც ბ. ჩ–მა დაიწყო დამიზნებით სროლა დაზარალებულების მისამართით, გ. ს–მა, თ. ა–მ, ბ. ჭ–მა და დ. ც–მ მოასწრეს კლუბში შევარდნა და რკინის კარის ჩაკეტვა, ხოლო ბ. გ–მა ვერ მოასწრო შესვლა და თავს უშველა კლუბის შესასვლელი კარის გვერდით არსებულ კიბეზე ასვლითა და სკამების უკან დამალვით. დანაშაულის შედეგად, ბ. ჭ–მა მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება მარცხენა ტერფისა და თავის არეში, თ. ა–მ - მარჯვენა წვივის არეში, დ. ც–მ - ზურგის არეში. ვინაიდან გ. ს–მა, ბ. გ–მა, დ. ც–მ, თ. ა–მ და ბ. ჭ–მა თავს გაქცევითა და დამალვით უშველეს, ბ. ჩ–მა ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა. ბ. ჩ–სმა დაახლოებით 15-ჯერ გაისროლა, რითაც ასევე განზრახ შეუქმნა საფრთხე კლუბ ,,.......ის“ შესასვლელში მყოფ კლუბის სხვა თანამშრომლებისა და მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლებმაც სროლების შემდგომ გაქცევითა და დამალვით უშველეს თავს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ბ. ჩ–ი საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა;

3.1. ბ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 16 წლით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ბ. ჩ–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი - სანადირო თოფი, სავაზნე ქამარი და სავაზნე კოლოფი 19 ცალი ვაზნით, ასევე, ბ. ჩ–ს ზურგჩანთიდან ამოღებული 1 ცალი 12 კალიბრიანი ვაზნა (ინახება საქართველოს შსს დ... სამმართველოს მე-.. განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში);

3.3. საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე ბ. ჩ–სს დამატებითი სასჯელის სახით 5 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება;

3.4. მსჯავრდებულ ბ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 12 იანვრიდან.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 12 იანვარს, ბ. ჩ–ი იმყოფებოდა ქ. თ–ი, .........ის გამზირი N..-ში მდებარე ........... სტადიონის ტერიტორიაზე განთავსებულ ღამის კლუბ „.....ნში“, საიდანაც, დაახლოებით 01:30 საათზე, ის ღამის კლუბში დადგენილი წესების დარღვევის გამო კლუბის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს კლუბიდან. ბ. ჩ–სი დაჟინებით ითხოვდა კლუბში შეშვებას, რა დროსაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა კლუბის დაცვის თანამშრომლებთან - გ. ს–თან და ბ. გ–თან, რომლებსაც კლუბში არ შეშვების გამო დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და დატოვა ტერიტორია. მისი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო განაწყენებული, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი თოფით შეიარაღებული ბ. ჩ–სი, დაახლოებით 40 წუთში დაბრუნდა ღამის კლუბ „......ის“ ტერიტორიაზე და ხელთნაქონი თოფიდან მოკვლის განზრახვით, შურისძიების მიზნით, რამდენიმეჯერ გაისროლა გ. ს–სა და ბ. გ–ს, ასევე კლუბ ,,.......ის“ სხვა თანამშრომლების - თ. ა–მის, ბ. ჭ–მისა და დ. ც–მს მისამართით. აღნიშნული პირები ამ დროს იმყოფებოდნენ კლუბის ცენტრალურ შესასვლელ კართან, სადაც ასევე იყვნენ კლუბის სხვა თანამშრომლები და კლუბიდან გამოსული მოქალაქეებიც. მას შემდეგ, რაც ბ. ჩ–მა დაიწყო დამიზნებით სროლა დაზარალებულების მისამართით, გ. ს–მა, თ. ა–მ, ბ. ჭ–მა და დ. ც–მ მოასწრეს კლუბში შევარდნა და რკინის კარის ჩაკეტვა, ხოლო ბ. გ–მმა ვერ მოასწრო შესვლა და თავს უშველა კლუბის შესასვლელი კარის გვერდით არსებულ კიბეზე ასვლითა და სკამების უკან დამალვით. დანაშაულის შედეგად, ბ. ჭ–მა მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება მარცხენა ტერფისა და თავის არეში, თ. ა–მ - მარჯვენა წვივის არეში, დ. ც–მ - ზურგის არეში. ვინაიდან გ. ს–მა, ბ. გ–მა, დ. ც–მ, თ. ა–მ და ბ. ჭ–მა უშველეს თავს გაქცევითა და დამალვით, ბ. ჩ–მა ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა. ბ. ჩ–მა დაახლოებით 15-ჯერ გაისროლა, რითაც ასევე განზრახ შეუქმნა საფრთხე კლუბ ,,......ის“ შესასვლელში მყოფ კლუბის სხვა თანამშრომლებისა და მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლებმაც სროლების შემდგომ გაქცევითა და დამალვით უშველეს თავს.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ნ–მ, რომელმაც მოითხოვა ბ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლება და მის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან იმ მუხლით დაკვალიფიცირება, რომელიც არ შეიცავს განზრახ მკვლელობის ნიშნებს, ამასთან, სასჯელის სახედ და ზომად მინიმალური ზომის განსაზღვრა.

5.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენი ბ. ჩ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ნ–მ, რომელიც ითხოვს ბ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან იმ მუხლით დაკვალიფიცირებას, რომელიც არ მოიცავს განზრახ მკვლელობის ნიშნებს, ამასთან, მინიმალური სასჯელის განსაზღვრას.

7.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

9.1. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ბ. ჩ–მა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული ქმედება (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) თუ ხულიგნობა ან სხვა დანაშაული.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

10.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის №610აპ-22 განჩინება).

10.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბ. ჩ–ს ქმედებაში არ იკეთება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის არაპირდაპირი განზრახვით ჩადენა, რომ იგი თავისი ქმედებით მხოლოდ დაუპირისპირდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს და შესაბამისად, მის მიერ ჩადენილია ხულიგნობა (ან სხვა დანაშაული, რომელიც არ არის დაკავშირებული განზრახ მკვლელობის მცდელობასთან); ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბ. ჩ–ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა.

10.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ბ. ჩ–ს მსჯავრდების ნაწილში. სასამართლო ითვალისწინებს კლუბის დაცვის თანამშრომლებთან კონფლიქტის მიზეზსა და მოტივს, იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული მუქარის (დახოცავდა მათ) შემდეგ დაბრუნდა გლუვლულიანი სანადირო თოფით (2020 წლის 12 იანვრის ბალისტიკური ექსპერტიზის N...... დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას), რომლიდანაც არაერთხელ გაისროლა მათი მიმართულებით, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანმა მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობები; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (მათ შორის: დაზარალებულების - გ. ს–ს, ბ. გ–ს, ბ. ჭ–ს, თ. აის, დ. ც–ს, მოწმეების - ზ. კ–ს, გ. ა–ს ჩვენებებს, ბალისტიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, ვიდეოჩანაწერს, ბ. ჭ–მის, თ. ა–ის და დ. ც–სთვის მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაციას, შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციასა და სხვა მტკიცებულებებს), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბ. ჩ–ის მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001) და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

12. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ბ. ჩ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოების არსებობა, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ნ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი