საქმე # 110100122005460395
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №952აპ-22 ქ. თბილისი
ჩ. ლ.952აპ-22 14 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ჩ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, წარსულში სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევი ლ. ჩ–სა და ლ. ყ–ი, ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ–ში მდებარე ,,ჩ–ს გზებისა და ხიდების კორპორაციის ს–ს ფილიალის“ სამშენებლო ობიექტის - .... მშენებარე გვირაბის მიმდებარე ტერიტორიიდან, წინასაწარი შეთანხმებით შეეცადნენ, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ კომპანიის კუთვნილ ელ. შედუღების აპარატის ელექტრო სადენებს და ავტომატურ ამომრთველს, რა დროსაც ისინი ამხილეს შსს ზ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. მომხდარის შედეგად ,,ჩ–ს გზებისა და ხიდების კორპორაციის ს–ს ფილიალს“ მიადგებოდა 1668.55 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ივნისის განაჩენით ლ. ჩ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
3.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 10 აგვისტოს N........ გადაწყვეტილებით ლ. ჩ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 7 წლით, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ჩ–სას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
3.3. ლ. ჩ–სას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2021 წლის 27 დეკემბრიდან.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, წარსულში სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევი ლ. ჩ–სა და ლ. ყ–ი, ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ–ში მდებარე ,,ჩ–ს გზებისა და ხიდების კორპორაციის ს–ს ფილიალის“ სამშენებლო ობიექტის - ....ე მშენებარე გვირაბის მიმდებარე ტერიტორიიდან, წინასწარი შეთანხმებით შეეცადნენ, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ კომპანიის კუთვნილ ელ. შედუღების აპარატის ელექტრო სადენებს და ავტომატურ ამომრთველს, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, ვინაიდან ისინი ამხილეს შსს ზ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჩ–სამ და მოითხოვა უდანაშაულოდ ცნობა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. ჩ–მ და მოითხოვა უდანაშაულოდ ცნობა.
7.1. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ლ. ჩ–ს განცხადებები, რომლებითაც ასევე ითხოვს უდანაშაულოდ ცნობას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელიც ითხოვს გამართლებას.
9.1. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ლ. ჩ–მ ჩაიდინა თუ არა მსჯავრად შერაცხული ქმედება.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განაჩენით ლ. ჩ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით;
10.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენით ლ. ჩ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განაჩენით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 თებერვლის №....... გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ, კერძოდ - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ლ. ჩ–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებული კომპანიის წარმომადგენლის ს. ჩ–ს, მოწმეების - ლ. ყ–ს, ე. კ–ს, ი. თ–ს, კ. ღ–ს, ო. კ–ს ჩვენებებით, ლ. ჩ–ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განაჩენი ლ. ჩ–ს მიმართ და სხვა მტკიცებულებები), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ ლ. ჩ–მ ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული დანაშაული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. ჩ–ს მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენა, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, გარდა მოწმე ლ. ყ–ს პირდაპირი მამხილებელი ჩვენებისა (ის მსჯავრდებულ ლ. ჩ–სთან ერთად შეეცადა მოეპარა ელ. სადენებს, რა დროსაც ისინი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა), მათ შორის, დასტურდება ასევე გამომძიებლების - ე. კ–სა და ი. თ–ს ჩვენებებითა (რომელთა თანახმად, ღამის საათებში შენიშნეს ორი ახალგაზრდა პირი, რომლებსაც მოჰქონდათ ელექტრო სადენები. ლ. ყ–მა და ლ. ჩ–მ გასაუბრებისას აღიარეს დანაშაული და პოლიციის თანამშრომლებს დაუკონკრეტეს თუ სად დაეუფლნენ აღნიშნულ ნივთებს ფარულად. პოლიციელებმა დააკავეს ლ. ჩ–სა) და ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2021 წლის 28 დეკემბრის ოქმით, რომლის თანახმად, ლ. ჩ–სა 2021 წლის 27 დეკემბრის 23:30 საათზე დააკავეს ზ–ს რაიონის სოფელ შ–ში, ცენტრალური საავტომობილო გზასა და მდინარე ძ–ს კალაპოტს შორის ტერიტორიაზე. აღნიშნული ოქმის თანახმად, ლ. ჩ–სა დააკავეს ლ. ყ–თან ერთად ჩ–ი სამშენებლო კომპანიის კუთვნილი შავი ფერის ელექტრო სადენების გადატანისას. ამასთან, ოქმის თანახმად, რომელიც ხელმოწერილია ლ. ჩ–სას მიერ დგინდება, რომ შენიშვნა ან/და შესწორება არ შესულა.
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მტკიცებას, რომ მითითებული მოწმეები იძლევიან ცრუ ჩვენებებს, ვინაიდან აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება. ამასთან, სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე ობიექტური გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
13.1. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მტკიცებას მისი უდანაშაულობის შესახებ იმაზე მითითებით, რომ ნაქურდალ ნივთებზე ვერ იქნა აღმოჩენილი მისი ბიოლოგიური მასალა/ხელის კვალი. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის/ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას, რაც უკავშირდება კვალწარმოქმნის პროცესის თავისებურებას ((მაგალითად, კონტაქტის ხასიათი, ხანგრძლივობა და ა.შ.) იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განჩინება N 190აპ-20).
13.2. ცალკეული მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებით კასატორის პოზიციასთან (მაგალითად, კასატორისთვის სასურველი პირების მოწმის სახით დასაკითხად წარდგენის შესაძლებლობის შეზღუდვა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით; ლ. ყ–ს შემთხვევის დღეს მუშაობის ფაქტის გადამოწმების მიზნით სამუშაო ადგილიდან აღრიცხვის დოკუმენტაციის ამოღების მოთხოვნის არდაკმაყოფილება) მიმართებით სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების, წარმოდგენის და შუამდგომლობის დაყენების უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებით სამართალწარმოებაში მხარეები წყვეტენ რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნათა დარღვევას და ლ. ჩ–სას დაცვის უფლების (მათ შორის ადვოკატის დახმარებაზე უფლების) შეზღუდვას.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კასატორის მტკიცება მისი უდანაშაულობის შესახებ, ხოლო მამხილებელი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება ლ. ჩ–ს მიერ მისთვის შერაცხული - საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული - დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი