საქმე # 330100120003898500
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №959აპ-22 ქ. თბილისი
გ. ს. 959აპ-22 10 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. გ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ს. გ–მა 2019 წლის ივნისის ბოლოს, მემკვიდრეობის - ქ. –ში, ბ–ს ქუჩაზე მდებარე ბინის, მისაღებად უ–დან ჩამოსული ნაცნობი ა. ო–ე დააბინავა ქ. თ–ში, ..........-ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,.......ში“ და ვინაიდან განზრახული ჰქონდა, დაუფლებოდა ამ უკანასკნელის დიდი ოდენობით ფულად თანხას, შეჰპირდა, რომ 15 000 აშშ დოლარად უზრუნველყოფდა მემკვიდრეობის მიღებას. მეორე დღეს, 2019 წლის 1 ივლისს, იმავე სასტუმროში თითქოსდა, მის მიერ მოძიებული ადვოკატის მომსახურებისათვის ა. ო–ს გამოართვა და მოტყუებით დაეუფლა 1 500 აშშ დოლარს (4303,05 ლარს) და გახარჯა პირადი საჭიროებისათვის.
2019 წლის 2 ივლისს ს. გ–მა სანოტარო აქტის - მინდობილობის გაფორმების შემდეგ, ს–ში მისი სახელით მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებული საქმიანობის თითქოსდა განხორციელებისათვის, ქ. თ–ში, ...-ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ,,.......ში“ ა. ო–ეს მოტყუებით გამოართვა და დაეუფლა 1000 აშშ დოლარს (2822,5 ლარს) და გახარჯა პირადი საჭიროებისათვის.
2019 წლის 2 ივლისს ქ. მ–ში, 1... წელს გარდაცვლილი მამის - მ. ო–ს გარდაცვალების მოწმობის თითქოსდა მოძიების მიზნით, ადვოკატისათვის გადასაცემად მოსთხოვა 1 500 აშშ დოლარი (4233,75 ლარი), რაც იმავე დღეს ა. ო–მ სს ,,.......... ბანკის“ მეშვეობით ჩაურიცხა ს. გ–სს ................... - პირად ანგარიშზე, ხოლო მან აღნიშნული თანხა 2019 წლის 3 ივლისს მოხსნა ანგარიშიდან და გახარჯა პირადი საჭიროებისათვის.
ს. გ–სმა ა. ო–ეს უ–ში გამგზავრების წინ უთხრა, რომ თითქოსდა ადვოკატისთვის საჭირო იყო დანარჩენი თანხის გადაცემა. ა. ო–ს პასუხზე, რომ მას შეეძლო მხოლოდ 3 500 აშშ დოლარის გადახდა, ს. გ–მა იგი დაამშვიდა და შეჰპირდა, რომ დანარჩენ თანხას - 7 500 აშშ დოლარს თვითონ გადაუხდიდა ადვოკატს, მემკვიდრეობის მიღების შემდეგ კი ანგარიშს გაასწორებდნენ. უ–ში დაბრუნებულმა ა. ო–მ 2019 წლის 6 ივლისს, ,,........... ბანკის“ მეშვეობით, ,,W. U.-ით“ ს. გ–სს გადაურიცხა 3 500 აშშ დოლარი (9804,2 ლარი), რასაც იგი დაეუფლა იმავე დღეს და გახარჯა პირადი საჭიროებისათვის.
ს. გ–მა ა. ო–ს გარდაცვლილი ძმის გვამის თითქოსდა ექსჰუმაციისათვის მოსთხოვა 1000 აშშ დოლარი. 2019 წლის 16 ივლისს, უ–დან, „.........ბანკის“ მეშვეობით, ა. ო–ემ „W. U-ით’’, ს. გ–სს გადაურიცხა 1000 აშშ დოლარი (2855,5 ლარი), რასაც იმავე დღეს დაეუფლა ს. გ–სი და გახარჯა პირადი საჭიროებისათვის.
ანალოგიურად, ს. გ–სმა მემკვიდრეობით მისაღებ ბინაზე თითქოსდა ყადაღის მოხსნისათვის, ა. ო–ს მოსთხოვა 1000 აშშ დოლარი. 2019 წლის 2 აგვისტოს, უ–დან, „..........ბანკის“ მეშვეოვით, ა. ო–ემ „W. U.-ით’’, ს. გ–სს გადაურიცხა 1000 აშშ დოლარი (2929,6 ლარი), რასაც იმავე დღეს დაეუფლა და გახარჯა პირადი საჭიროებისათვის.
სულ, ს. გ–სი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ა.ა ო–ს დიდი ოდენობით ფულად თანხას - 9500 აშშ დოლარს (26 948,6 ლარის ეკვივალენტს).
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით ს. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.1. ს. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნის მისი დაპატიმრების მომენტიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. გ–სის ადვოკატმა ი. ო–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე პროკურორმა თამაზ მებონიამ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. გ–მა, რომელიც ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენებას ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობითად ჩათვლას, იმ მოტივით, რომ დანაშაული აღიარა გამოძიების საწყის ეტაპზე, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი; დანაშაულის ჩადენა აიძულა უმცროსი შვილის მძიმე ავადმყოფობამ და ეკონომიკურმა მდგომარეობამ. კასატორი ასევე უთითებს, რომ დანაშაულის ჩადენისას ფიქრობდა, რომ იმ ეტაპზე უნდა გადაერჩინა შვილი, ხოლო მომავალში დაზარალებულს ეტაპობრივად აუცილებლად დაუბრუნებდა კუთვნილ თანხას, თუმცა პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ტურისტული მომსახურება, სადაც ის იყო დასაქმებული, შეჩერდა, რის გამოც ვერ მოახერხა თანხის მობილიზება. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ დაზარალებულს შესთავაზა ზიანის ნაწილის მიმდინარე პერიოდისათვის ანაზღაურება, ხოლო შემდეგში - გარკვეული გრაფიკით, თუმცა მიიღო უარი.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და უთითებს ალტერნატიულ სასჯელზე - ჯარიმაზე და ასევე - საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესაძლებლობებზე.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ს. გ–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მსჯავრდებულის აღიარებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, სს ,,......... ბანკის“ და სს ,,........ ბანკის“ ინფორმაციებით, ტრანზაქციებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ს. გ–მა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული ქმედება.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, წარსულში არ არის ნასამართლევი, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მსჯავრდებულს შეუფარდა მუხლის სანქციით გათვალისწინებული ორი ალტერნატიული სასჯელიდან - მკაცრი სახის სასჯელი, თუმცა მინიმალური ხანგრძლივობით.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
12. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
13. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე