საქმე # 330100121005069464
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №993აპ-22 ქ. თბილისი
ზ. ლ. 993აპ-22 9 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ზ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ყ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ზ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ზ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ.თ–ში, თ–ს გზატკეცილის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ლ. ზ–მ, ურთიერთშელაპარაკების დროს, არასრულწლოვნების - ..... წელს დაბადებულ ე. ბ–ს და .... წელს დაბადებულ მ. ზ–ს თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ე. ო–სზე, კერძოდ: ლ. ზ–მ ე. ო–ს გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, მუშტი - გულმკერდის, მარჯვენა მხრისა და იდაყვის მიდამოში. ლ. ზ–სის ქმედებების შედეგად ე. ო–მა თითოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2021 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ.თ–ში, თ–ს გზატკეცილის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ლ. ზ–ე, ურთიერთშელაპარაკების დროს, არასრულწლოვნების - .... წელს დაბადებულ ე. ბ–ს და ... წელს დაბადებულ მ. ზ–ის თანდასწრებით, ოჯახური ძალადობის განხორციელების პროცესში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ე. ო–ს, კერძოდ: უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. ლ. ზ–ის მუქარა ე. ო–სმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განაჩენით ლ. ზ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ზ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად შეუმცირდა 45 დღით და საბოლოოდ ლ. ზ–ს განესაზღვრა 1 წლით, 7 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
4. ლ. ზ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 4 აგვისტოდან.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ლ. ზ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ყ–სმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განაჩენის გაუქმება და ლ. ზ–სის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5.1. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ზ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ზ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ყ–მა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და ლ. ზ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე მიუთითებს, რომ სადავოა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, არ არის აღმოფხვრილი ეჭვი მოწმეთა ჩვენებების სისწორესა და სანდოობაზე; უთითებს რომ ლ. ზ–მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას თავი სცნო დამნაშავედ და დაადასტურა მის მიერ ყოფილ მეუღლეზე ხელით შეხება; კასატორი არ ითხოვს ლ. ზ–სის გამართლებას და ითხოვს ლ. ზ–სისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ლ. ზ–ის საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები(დაზარალებულ ე. ო–სის, მოწმეების: ი. ო–ს, არასრულწლოვან ე. ბ–ს, არასრულწლოვან მ. ზ–ის, მ. შ–ს, მ. გ–ს, გ. ტ–ს, ა. მ–ს ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2021 წლის 4 აგვისტოს ოქმი, 2021 წლის 3 აგვისტოს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმის სამედიცინო ბარათი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 23 აგვისტოს N....... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, აუდიოჩანაწერის დათვალიერების 2021 წლის 16 სექტემბრის ოქმი, 2021 წლის 22 სექტემბრის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებები) რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ. ზ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
11. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ. ზ–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან დაზარალებულ ე. ო–ის, მოწმეების - ი. ო–ს, ე. ბ–ს, მ. ზ–სის და მ. შ–ს ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეიცავს რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. დაზარალებული და მოწმეები დეტალურად აღწერენ 2021 წლის 3 აგვისტოს, ქ.თ–ში, თ–ს გზატკეცილის N..-ში განვითარებულ მოვლენებს. დაწვრილებით უთითებენ თუ რა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა ლ. ზ–მ ყოფილი მეუღლის მიმართ. დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს, ალკოჰოლით მთვრალმა ლ. ზ–მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ე. ო–ს, ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ლ. ზ–ე ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს. ე. ო–ი ნერვიულობდა, შეშინებული იყო და ტიროდა. ამასთან, სამედიცინო ბარათი, ექიმ მ. გ–ს ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ გ. ტ–ს ჩვენება სრულად შეესაბამება დაზარალებულ ე. ო–სა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილი ე. ო–ის დაზიანებების რაოდენობა, სიმძიმე, ლოკალიზაცია და ხანდაზმულობა თანხვდენილია დაზარალებულის განმარტებებთან.
12. რაც შეეხება ლ. ზ–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას შემამსუბუქებელ გარემოებებსა და ინდივიდუალურ მახასიათებლებთან (მათ შორის ნასამართლობის არქონა) ერთად, გაითვალისწინა დამამძიმებელი გარემოება ( არასრულწლოვნის თანდასწრებით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა) და ლ. ზ–ს, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით განუსაზღვრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებისა და სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), ასევე - სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალების და იმ გარემოების გათვალისწინებით რომ კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე გარემოება/ინფორმაცია/მტკიცებულება რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის აშკარა უსამართლობას, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების - მათ შორის არც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან/და 63-64-ე მუხლების საფუძველზე სასჯელის დანიშვნის - საფუძველი.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. ზ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ყ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე