Facebook Twitter

საქმე # 330100121005007638

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №994აპ-22 ქ. თბილისი

ხ–ი ჯ., 994აპ-22 24 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძისა და მსჯავრდებულ ჯ. ხ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ქ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ჯ. ხ–ს, - დაბადებულს 1.... წელს, - ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფს მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ჯ. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ჯ. ხ–მა დაუდგენელ პირთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინა-შეინახა და დ. ჟ–ზე ასევე უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 0,1273 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 2021 წლის 2 აგვისტოს, თ–ში, ქ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს დ. ჟ-სგან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განაჩენით ჯ. ხ–ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.1. ჯ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.2. ჯ. ხ–სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 10 აგვისტოდან;

3.3. მსჯავრდებულ ჯ. ხ–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ჯ. ხ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის დ. ჟ-ზე გასაღების ფაქტი, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2021 წლის 2 აგვისტოს, ჯ. ხ–მა დაუდგენელ პირთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 0,1273 გრამი, რაც იმავე დღეს ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩა #..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებისა და დაცვის მხარებმა, კერძოდ:

5.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ზაზა ქორიძემ მოითხოვა ჯ. ხ–სის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა;

5.2. მსჯავრდებულის ადვოკატმა მ. ქ–მ მოითხოვა ჯ. ხ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განაჩენი ჯ. ხ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

7.1. პროკურორი ითხოვს ჯ. ხ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

7.2. ადვოკატი მ. ქ–ს თხოვს ჯ. ხ–ის სრულად გამართლებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ, პროკურორი ითხოვს ჯ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი კვალიფიკაციით - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ადვოკატი - მის სრულად გამართლებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა: ჯ. ხ–მა ჩაიდინა თუ არა ნარკოტიკული დანაშაული; ჩაიდინა (დანაშაულის ჩადენის დადასტურების შემთხვევაში) მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა თუ, იმავდროულად, გასაღებაც, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფს მიერ.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერით, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით დასტურდება ჯ. ხ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ჯ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

12. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ასევე ადვოკატმა მ. ქ–მ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, მათ შორის, დაცვის მხარის იმ ვერსიის შესახებ, რომელიც უკავშირდება ნარკოტიკული საშუალების შესაძლო გამოცვლას. სააპელაციო სასამართლომ მითითებული გარემოებები და შესაბამისი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში პასუხის გასცა დაცვის მხარის მითითებულ არგუმენტებს, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ჯ. ხ–ის უდანაშაულობის შესახებ.

12.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა ჯ. ხ–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა დაადასტურა ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები - დ. ჟ–თან და კიდევ ერთ პირთან ერთად ფ–ს დასახლებაში ჩასვლის და ნარკოტიკული საშუალების შეძენის ფაქტი, ასევე იმ გარემოებას, რომ მტკიცებულებათა ნაწილი, მათ შორის - ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა უდავოდ.

12.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო გამოცვლის შესახებ იმაზე მითითებით, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ დოკუმენტში ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალის ფერი და ლუქის ნომერი სხვადასხვაგვარად არის აღნიშნული და ითვალისწინებს გამომძიებელ ზ. ქ–ს ჩვენებას, რომლის თანახმად, 2021 წლის 2 აგვისტოს, მოწმე დ. ჟ–თან ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, რა დროსაც მისგან ამოიღო საკონტროლო შესყიდვის შედეგად ჯ. ხ–სგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რაც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის №.. ლუქით. მოწმემ დაადასტურა, რომ პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც დაფასოებული იყო ნარკოტიკული საშუალება მის მიერ აღქმულ იქნა როგორც - მოლურჯო ფერის. ლუქთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ ლუქის ნომერი არის .., ხოლო ამავე ლუქზე პატარა შრიფტით ჩაბეჭდილი ,,№..“ ახლავს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დასახელებას.

12.3. ასევე ექსპერტმა ა. დ–ს ჩვენებას, რომლის თანახმად, მოწმემ დაადასტურა ქიმიური ექსპერტიზის №.......... დასკვნის (ექსპერტიზაზე წარდგენილი, მოცისფრო პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, წონით-0,3950 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით-0,1273 გრამს) სისწორე და, იმავდროულად, განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტი, დალუქული: საქართელო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს №.. ლუქი №..-ით. ქაღალდის ორი ლუქით. მისივე განმარტებით, პაკეტის და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

12.4. აღნიშული მოწმეთა ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას მოწმეთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს შორის არსებითი სხვაობის შესახებ.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძისა და მსჯავრდებულ ჯ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ქ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი