საქმე # 330100119002981348
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№582აპ-22 ქ. თბილისი
ღ. ზ. №582აპ-22 30 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ღ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ბ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. ზ. ღ. - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2015 წლიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით, შპს „........ის“ (ს/ნ .......) დირექტორმა და 49-პროცენტიანი წილის მფლობელმა - ზ. ღ–მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კომპანიის ინტერნეტბანკინგის მეშვეობითა და საბანკო დაწესებულებებიდან ნაღდი ანგარიშსწორების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფულადი თანხა - 180 760 ლარი, რითაც შპს „......ს“ მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განაჩენით:
2.1. ზ. ღ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.
2.2. ზ. ღ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან - 2021 წლის 14 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 4 აპრილიდან იმავე წლის 12 აპრილის ჩათვლით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ზ. ღ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ნ. ბ–მ მოითხოვა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ღ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ნ. ბ–მ. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. ამასთან, ადვოკატი შუამდგომლობს დაცვის მხარის ცალკეული მტკიცებულების დასაშვებად ცნობასა და საკასაციო სასამართლოში მათ გამოკვლევას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და მიაჩნია რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით დადგენილ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს.
7. დაზარალებულ კ. მ–სა და შპს „........ის“ წარმომადგენელ თ. მ–ს ჩვენებებით, 2013 წლის 20 სექტემბრის წესდებით/პარტნიორთა შეთანხმებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2013 წლის 23 სექტემბრის ამონაწერით დგინდება, რომ საზოგადოების დამფუძნებელი და 51-პროცენტიანი წილის მესაკუთრე იყო კ. მ–სი, ხოლო 49-პროცენტიანი წილის მფლობელი და კომპანიის დირექტორი - ზ. ღ., რომელსაც დაევალა საზოგადოების საქმეების კეთილსინდისიერად გაძღოლა. მას უნდა ემოქმედა იმ რწმენით, რომ მისი ქმედებები ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა საზოგადოებისთვის. თუ იგი ჯეროვნად არ შეასრულებდა თავის მოვალეობას, კომპანიის წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებდა პირადად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
8. მოწმეთა ჩვენებებითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით (საბანკო ამონაწერებით, სხვადასხვა ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2019 წლის 31 იანვრის თემატური რევიზიის აქტით) უტყუარად დასტურდება, რომ ზ. ღ–მ კომპანიის ანგარიშიდან გაიტანა 180 760 ლარი, რასაც არც დაცვის მხარე უარყოფს. ზ. ღ–ს, როგორც კომპანიის დირექტორს, ჰქონდა საზოგადოების ანგარიშიდან თანხის გატანის უფლება, თუმცა ამისთვის აუცილებელი იყო კ. მ–სის თანხმობა. მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის - თემატური რევიზიის აქტის გამომცემი პირის - გ. პ–ს ჩვენებითა და წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ შპს „.........ის“ დამფუძნებელ კ. მ–სს ზ. ღ–სთვის თანხის გატანის თანხმობა არ მიუცია, არ არსებობდა პარტნიორთა გადაწყვეტილება მოგების განაწილების შესახებ. 2017 წელს გადახდილი არ არის მოგების გადასახადი, დეკლარაცია არ არის შევსებული და დივიდენდები არ არის დაბეგრილი, რაც ადასტურებს იმას, რომ საწარმოს მოგება არ გაუნაწილებია. დაზარალებულმა თანხები მოიზიდა კომპანიის გაძლიერებისა და მისი ფინანსური ბრუნვის გაუმჯობესების მიზნით. წარმატებულად განხორციელებული პროექტიდან მიღებული თანხის ძირითადი ნაწილი მოხმარდა შპს „..........ის“ საჭიროებებს. სწორედ კომპანიის მიზნებს უნდა მოხმარებოდა დარჩენილი თანხაც, რაც წარმოადგენდა რეინვესტირებულ, დაუბეგრავ თანხას და რაც ზ. ღ–მ თვითნებურად გაიტანა და გამოიყენა საკუთარი ინტერესებისთვის.
9. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების განზრახვასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მათ შორის მოწმეების - კ. მ–სა და თ. მ–ს ჩვენებებს, რომლებითაც დასტურდება, რომ ზ. ღ–მ შეცვალა კომპანიის ანგარიშიდან თანხის გატანის შემთხვევაში შეტყობინების მიმღები ადრესატები, გათიშა სმს ბანკინგი, ტრანზაქციების ამსახველ დოკუმენტებს აღარ უგზავნიდა კ. მ–სს, რის გამოც ამ უკანასკნელს არ ჰქონდა საშუალება, შეემოწმებინა საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა.
10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება დაცვის მხარეს მოწმე დ. ზ–ს ჩვენების შეფასების ნაწილში და აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენების ის ნაწილი, რომელიც შეეხება ზ. ღ–ს განმარტებასა და სინანულს კომპანიის კუთვნილი თანხის დაუფლებასთან დაკავშირებით, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რადგან გადმოსცემს სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების არასანდოობისა და მათ ნაცვლად დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების მხედველობაში მიღების შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მოწმეებმა დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც შექმნიდა საფუძვლიან ეჭვს მათი მიკერძოებისა და საქმის შედეგით პირადი დაინტერესების შესახებ. მოწმეები სრული სიზუსტით, ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე, ერთმნიშვნელოვნად აღწერენ და ადასტურებენ მტკიცების საგანში შემავალ თითოეულ დეტალს და მათი ჩვენებები არსებით ნაწილში არ შეიცავს რაიმე წინააღმდეგობას, რასაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოეხდინა ჩვენებების სანდოობაზე. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე გონივრული საფუძველი მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის არასანდოდ მისაჩნევად. ამასთან, ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებითაც, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენში მითითებულია ის არგუმენტები, რის გამოც სასამართლომ არ გაიზარა კასატორის პოზიცია დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები. კასატორის არგუმენტების დიდი ნაწილი, იმავდროულად, შეეხება მოწმეთა ჩვენებებში გადმოცემული იმ ინფორმაციის არამართებულობას, რომელიც ირელევანტურია მტკიცების საგანში შემავალი საკითხების დადგენისთვის.
14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.
15. ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობისა და საკასაციო საჩივრის განხილვის სხდომაზე მათი გამოკვლევის თაობაზე, კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების დაშვებისა და გამოკვლევის სამართლებრივ საფუძველს.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და ზ. ღ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
17. დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ღ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი