საქმე # 330100120003940916
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№573აპ-22 ქ. თბილისი
ა. ლ. №573აპ-22 30 ნოემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. ლ. ა. - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც არსებითად დააზიანა მისი უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად) და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა), რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ. ა. აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. იგი აშკარად და ზეპირსიტყვიერად გამოხატავს პატივისცემასა და მხარდაჭერას „ქურდული სამყაროსადმი“, მათ შორის, „კანონიერი ქურდის“ - ნ. შ–ი (ნ. გ–სი). 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით, ლ. ა–ე თავის კრიმინალურ გავლენასა და „ქურდული სამყაროს“ წევრის ავტორიტეტს აქტიურად იყენებდა ქ. თ–ში, ავტოსადგურ „ო–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ..........ის სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მძღოლების წინააღმდეგ. კერძოდ, სარგებლის მიღებისა და „კანონიერი ქურდების“ ფინანური მხარდაჭერის მიზნით, ლ. ა–ე, „ქურდული სამყაროს“ წევრებთან - კ. დ–სა და მ. რ–სთან ერთად, განსაზღვრავდა მომუშავე მძღოლთა განრიგს. ამასთან, იგი აწყობდა „ქურდულ გარჩევებს“, რა დროსაც დაშინებითა და მუქარით მძღოლებს: გ. ა–ს, დ. ლ–ს, გ. მ–ს, ზ. შ–ს, ე. ა–ს, გ. ო–ს, კ. ხ–ს, ტ. ა–ს, გ. ნ–ს, თ. ი–ს, ვ. ზ–ს, ა. ლ–ს, შ. ო–ს, რ. ნ–სა და სხვებს ავალდებულებდა ყოველთვიური არაოფიციალური გადასახადის - 80 ლარის მათთვის გადახდას.
2019 წლის იანვრიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით, ლ. ა–ე თავის კრიმინალურ გავლენასა და „ქურდული სამყაროს“ წევრის ავტორიტეტს აქტიურად იყენებდა ქ. თ–ში, ავტოსადგურ „ო–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ..........სი სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მძღოლების წინააღმდეგ. კერძოდ, ფინანსური სარგებლის მიღებისა და კანონიერი ქურდების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ლ. ა–ე „ქურდული სამყაროს“ წევრებთან - კ. დ–სა და მ. რ–სთან ერთად, განსაზღვრავდა მომუშავე მძღოლთა განრიგს. ამასთან, იგი აწყობდა „ქურდულ გარჩევებს“, რა დროსაც მძღოლებს ავალდებულებდა, მათთვის გადაეხადათ ყოველთვიური არაოფიციალური გადასახადი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, ემუქრებოდა ძალადობითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით. დაშინების გამო, გ. ა–ი, დ. ლ–ე, გ. მ–ე, ზ. შ–ი, ე. ა–ი, გ. ო–ე, კ. ხ–ი, ტ. ა–ი, თ. ი–ე, ვ. ზ–ი, ა. ლ–ი, შ. ო–ე, რ. ნ–ე და სხვები, მ. რ–ისა და კ. დ–ის მეშვეობით, ლ. ა–ს ყოველთვიურად უხდიდნენ 80 ლარს, რის გამოც, არსებითად დაზიანდა მათი უფლებები.
2020 წლის 17 აგვისტოს, ქ. თ–ში, პენიტენციური დეპარტამენტის N.. დაწესებულებაში, ბრალდებული ლ. ა–ე გაეცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს N.... განჩინებას მისგან ხმის ნიმუშის აღების თაობაზე, თუმცა უარი განაცხადა განჩინებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე.
1.2. კ. დ. - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა („ქურდული სამყაროს“ წევრობა) და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც არსებითად დააზიანა მისი უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის), რაც გამოიხატა შემდეგში:
კ. დ–სი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. იგი აშკარად, ზეპირსიტყვიერად გამოხატავს პატივისცემასა და მხარდაჭერას „ქურდული სამყაროსადმი“, მათ შორის, „კანონიერი ქურდის“ - მ. გ–სადმი (ლ. ბ–ი). 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით, კ. დ–სი თავის კრიმინალურ გავლენასა და „ქურდული სამყაროს“ წევრის ავტორიტეტს აქტიურად იყენებდა ქ. თ–ში, ავტოსადგურ „ო–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე .......ის სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მძღოლების წინააღმდეგ. კერძოდ, სარგებლის მიღებისა და „კანონიერი ქურდების“ ფინანური მხარდაჭერის მიზნით, კ. დ–სი, „ქურდული სამყაროს“ წევრებთან - ლ. ა–ესა და მ. რ–სთან ერთად, განსაზღვრავდა მომუშავე მძღოლთა განრიგს. ამასთან, იგი აწყობდა „ქურდულ გარჩევებს“, რა დროსაც დაშინებითა და მუქარით მძღოლებს: გ. ა–ს, დ. ლ–ს, გ. მ–ს, ზ. შ–ს, ე. ა–ს, გ. ო–ს, კ. ხ–ს, ტ. ა–ს, გ. ნ–ს, თ. ი–ს, ვ. ზ–ს, ა. ლ–ს, შ. ო–ს, რ. ნ–სა და სხვებს ავალდებულებდა ყოველთვიური არაოფიციალური გადასახადის - 80 ლარის მათთვის გადახდას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენით კ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
კ. დ–ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 2 თვით.
2019 წლის იანვრიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით, „ქურდული სამყაროს“ წევრი, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი კ. დ–სი თავის კრიმინალურ გავლენასა და ავტორიტეტს აქტიურად იყენებდა ქ. თ–ში, ავტოსადგურ „ო–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე .........ის სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მძღოლების წინააღმდეგ. კერძოდ, ფინანსური სარგებლის მიღებისა და „კანონიერი ქურდების“ ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებთან - ლ. ა–ესა და მ. რ–სთან ერთად, განსაზღვრავდა მომუშავე მძღოლთა განრიგს. ამასთან, იგი აწყობდა „ქურდულ გარჩევებს“, რა დროსაც მძღოლებს ავალდებულებდა, მათთვის გადაეხადათ ყოველთვიური არაოფიციალური გადასახადი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, ემუქრებოდა ძალადობითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით. დაშინების გამო, გ. ა–ი, დ. ლ–ე, გ. მ–ე, ზ. შ–ი, ე. ა–ი, გ. ო–ე, კ. ხ–ი, ტ. ა–ი, გ. ნ–ე, თ. ი–ე, ვ. ზ–ი, ა. ლ–ი, შ. ო–ე, რ. ნ–ე და სხვები, მ. რ–ისა და ლ. ა–ს მეშვეობით, კ. დ–ს ყოველთვიურად უხდიდნენ 80 ლარს, რის გამოც, არსებითად დაზიანდა მათი უფლებები.
1.3. მ. რ. - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა („ქურდული სამყაროს“ წევრობა) და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც არსებითად დააზიანა მისი უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად), რაც გამოიხატა შემდეგში:
მ. რ–ე აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. იგი აშკარად, ზეპირსიტყვიერად გამოხატავს პატივისცემასა და მხარდაჭერას „ქურდული სამყაროსადმი“. 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით, მ. რ–ე თავის კრიმინალურ გავლენასა და „ქურდული სამყაროს“ წევრის ავტორიტეტს აქტიურად იყენებდა ქ. თ–ში, ავტოსადგურ „ო–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ..........ის სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მძღოლების წინააღმდეგ. კერძოდ, სარგებლის მიღებისა და „კანონიერი ქურდების“ ფინანური მხარდაჭერის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებთან - ლ. ა–ესა და კ. დ–სთან ერთად, განსაზღვრავდა მომუშავე მძღოლთა განრიგს. ამასთან, იგი აწყობდა „ქურდულ გარჩევებს“, რა დროსაც დაშინებითა და მუქარით მძღოლებს: გ. ა–ს, დ. ლ–ს, გ. მ–ს, ზ. შ–ს, ე. ა–ს, გ. ო–ს, კ. ხ–ს, ტ. ა–ს, გ. ნ–ს, თ. ი–ს, ვ. ზ–ს, ა. ლ–ს, შ. ო–ს, რ. ნ–ს და სხვებს ავალდებულებდა ყოველთვიური არაოფიციალური გადასახადის - 80 ლარის გადახდას.
2019 წლის იანვრიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით, „ქურდული სამყაროს“ წევრი მ. რ–სთანე თავის კრიმინალურ გავლენასა და ავტორიტეტს აქტიურად იყენებდა ქ. თ–ში, ავტოსადგურ „ო–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ..........ის სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მძღოლების წინააღმდეგ. კერძოდ, ფინანსური სარგებლის მიღებისა და „კანონიერი ქურდების“ ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებთან - ლ. ა–ესა და კ. დ–სთან ერთად, განსაზღვრავდა მომუშავე მძღოლთა განრიგს. ამასთან, იგი აწყობდა „ქურდულ გარჩევებს“, რა დროსაც მძღოლებს ავალდებულებდა, მათთვის გადაეხადათ ყოველთვიური არაოფიციალური გადასახადი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, ემუქრებოდა ძალადობითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით. დაშინების გამო, გ. ა–ი, დ. ლ–ე, გ. მ–ე, ზ. შ–ი, ე. ა–ი, გ. ო–ე, კ. ხ–ი, ტ. ა–ი, გ. ნ–ე, თ. ი–ე, ვ. ზ–ი, ა. ლ–ი, შ. ო–ე, რ. ნ–ე და სხვები მ. რ–სთანეს ყოველთვიურად უხდიდნენ 80 ლარს, რის გამოც, არსებითად დაზიანდა მათი უფლებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის განაჩენით:
2.1. ლ. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. ლ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2020 წლის 3 ივლისიდან 2021 წლის 2 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი.
2.2. კ. დ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
2.3. მ. რ–სთანე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ლ. ა–სის, კ. დ–სა და მ. რ–ის დამნაშავედ ცნობა მათთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში და თითოეულისათვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ. კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, ლ. ა–ს დამნაშავედ ცნობა ასევე საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კ. დ–ს დამნაშავედ ცნობა - საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მ. რ–ის დამნაშავედ ცნობა - საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მათთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, კ. დ–სის - საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და მ. რ–ის - საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების შესახებ.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია „ქურდული სამყაროს“ წევრობა, რომელიც ბლანკეტური ნორმაა და ქმედების ობიექტური შემადგენლობა მოცემულია „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ-მე-3 პუნქტებში, რომელთა თანახმად, „ქურდული სამყარო“ არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მოიაზრება „ქურდული სამყაროს“ წევრის/ „კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრი გულისხმობს პირს, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირს, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
8. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, გამოძალვა გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნას, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ლ. ა–ს, კ. დ–სსა და მ. რ–ეს ბრალად სდებს, ერთი მხრივ, „ქურდული სამყაროს“ აღიარებასა და მის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას, ხოლო, მეორე მხრივ, გამოძალვას - დაზარალებულებისათვის გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემის მოთხოვნას, ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც, ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, გამოიხატებოდა სარგებლის მიღებისა და „კანონიერი ქურდების“ ფინანური მხარდაჭერის მიზნით, ქ. თ–ში, ავტოსადგურ „ო–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ..........ის სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მძღოლებთან „ქურდული გარჩევების“ მოწყობის, დაშინებისა და მუქარის მეშვეობით, მათთვის ყოველთვიური არაოფიციალური გადასახადის - 80 ლარის გადახდის დავალდებულებაში. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, ემუქრებოდნენ ძალადობითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით.
10. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირისაგან თანხის ან რაიმე სხვა მატერიალური სიკეთის გამოძალვა ხორციელდება „ქურდული სამყაროს“ წევრის მიერ „ქურდულ სამყაროში“ მოქმედი წესების გამოყენებით (საქმის ქურდული გარჩევა და სხვ.), ამასთან, გამოძალვა ხორციელდება ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მისაღებად, ამგვარი ქმედება გამოძალვად ვერ დაკვალიფიცირდება, რადგან თავისი შინაარსითა და ნიშნებით ის სცდება გამოძალვის ფარგლებს და გადაიზრდება სხვა დანაშაულში, როგორიცაა ქურდული სამყაროს წევრობა. გამოძალვა არ მოიცავს ქურდული სამყაროს წევრობის ნიშნებს მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი მოიცავს გამოძალვის შემადგენლობის ნიშნებსაც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განაჩენი, საქმე N392აპ-15).
11. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ლ. ა–სის, კ. დ–სისა და მ. რ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად მტკიცებულებების არასაკმარისობის შესახებ და აღნიშნავს, რომ დაზარალებულების - გ. ო–ს, ტ. ა–ს, გ. მ–ს, დ. ლ–ს, ა. ლ–ს, რ. ნ–სის, თ. ი–ს, ზ. ი–ს, კ. ხ–ს, ე. ა–ს, ვ. ზ–სა და ზ. შ–ს ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი ჩვენებებით დგინდება, რომ თ.-გ-ს სამარშრუტო ხაზის გადასახადს - 80 ლარს მძღოლები ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალადობის ან/და დაშინების გარეშე, მიკროავტობუსის გასაჩერებელი ადგილის სანაცვლოდ, გადასცემდნენ მ. რ–ს. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში არაფერი მოხდებოდა, მაგრამ მიკროავტობუსის გასაჩერებელი ადგილი არ დახვდებოდათ. ამასთან, მათთვის უცნობია, სად მიჰქონდა მ. რ–ს მათ მიერ გადახდილი თანხა. დაზარალებულებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ მ. რ–სთანეს მათთან კრიმინალური ავტორიტეტები არასდროს უხსენებია და არც კრიმინალურ წრესთან მათი კავშირის შესახებ სმენიათ. კ. დ–სა და ლ. ა–ს დაზარალებულთა უმრავლესობა არც კი იცნობდა. მოწმეებმა - ს. გ–მ და დ. მ-მ, რომლებიც ტაქსის მძღოლად მუშაობდნენ დ–ს მეტროსთან, ასევე აღნიშნეს, რომ მათთვის თანხის გადახდა არავის დაუძალებია და არც სხვებისგან გაუგიათ ფულის გამოძალვის ფაქტი. მოწმეების - შ. ო–სა და გ. ს–ს განმარტებით, თანხის გადახდა არავის მოუთხოვია და არ სმენიათ, რომ მ. რ–სთანემ ვინმეს თანხა წაართვა. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს დაცვის მხარის მოწმეებმაც - ბ. თ–მ, თ. ც–მა, ა. კ–მა, გ.პ–მ, თ. გ–მა და შ. ლ–მა.
12. საკასაციო საჩივარში ბრალდების მხარე საკუთარ პოზიციას ამყარებს და ლ. ა–ს, კ. დ–სა და მ. რ–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიიჩნევს მოწმეების - გ. ა–ს, გ. ნ–სა და ნ. ა–ს ჩვენებებს, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალას.
13. საკასაციო სასამართლო ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებების შეფასების ნაწილში ასევე სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ პროკურორის მიერ მითითებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ. ა–სის, კ. დ–სისა და მ. რ–ის მიერ არც ძალადობის გამოყენების მუქარით დაზარალებულებისათვის თანხის მოთხოვნა და არც მათი აქტიური მონაწილეობა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში, ისევე როგორც არ დასტურდება „ქურდული სამყაროს“ წევრობის მეორე აუცილებელი ნიშანი - „ქურდული სამყაროს“ აღიარება.
14. დაზარალებულ გ. ა–სის განმარტებით, მ. რ–სთანისათვის მის მიერ გადახდილი თანხა მიდიოდა ე.წ. „შავი სამყაროს“ წევრებთან - კ. დ–სა და ლ. ა–სთან, რომელთა „ქურდული სამყაროს“ წევრობის შესახებ ბიჭებისგან გაიგო, თუმცა, ვერ ასახელებს, თუ ვისგან გახდა მისთვის ცნობილი მ. რ–ის, კ. დ–სა და ლ. ა–ის „ქურდული სამყაროს“ წევრობის შესახებ. ამასთან, მან არც კი იცის, რას ნიშნავს ,,ქურდული სამყარო“ და არასოდეს უნახავს კ. დ–სი და ლ. ა–ე. შესაბამისად, მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, რომლითაც ამხელს გამართლებულ პირებს „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ირიბი ჩვენების სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს, რადგან ვერ მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფკაცია და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. ამასთან, გ. ა–სის ჩვენებით, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას არც დამუქრებიან და არც ძალდატანება მომხდარა. მსგავსი რამ არც სხვის მიმართ სმენია.
15. მოწმე გ. ნ–ის ჩვენებით, მან ნახა მ. რ–ე, რომელმაც უთხრა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე „მაყურებელი“ იყო და თუ მუშაობა სურდა, თვეში 400 ლარი უნდა გადაეხდა. ამასთან, მ. რ–მ გააფრთხილა, რომ მის გარდა ამ თანხით კიდევ ორი პირი იყო დაინტერესებული - კ. დ–სი და ლ. ა–ე. რაც შეეხება მოწმე ნ. ა–სის ჩვენებას, მისი განმარტებით, მძღოლებისა და თავისი მეუღლისგან იცის, რომ თანხას მ. რ–ს უხდიდნენ. ასევე მძღოლებისგან იცის, რომ მათ მიერ გადახდილი თანხა „ქურდული სამყაროს“ წევრებთან მიდიოდა. კ. დ–სა და ლ. ა–ს „შავ სამყაროსთან“ საქმიანობის შესახებ მისთვის ცნობილი მ. რ–სგან გახდა. ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს არასდროს შესწრებია, თუმცა მძღოლებისგან გაუგია, რომ თანხას თუ არ გადაიხდიდნენ, მათ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
17. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გ. ნ–ს ჩვენებების ის ნაწილი, რომელიც შეეხება მ. რ–სთანის განმარტებას, აგრეთვე, ნ. ა–ს ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან გადმოსცემენ სხვა პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამასთან, ნ. ა–სი ინფორმაციის წყაროდ მიუთითებს, ზოგადად, მძღოლებს და ვერ ასახელებს კონკრეტულ პირს, რომლის იდენტიფიკაცია და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია.
18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
19. რაც შეეხება ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალას, სადაც ასახულია მ. რ–ს, ნ. ა–სა და გ. ა–ს საუბარი „ხაზში ჩასმასთან“ დაკავშირებით, რა დროსაც მ. რ–ე კ. დ–სსა და ლ. ა–ეს „ქურდებად“ და „საკითხის გადამწყვეტ“ პირებად მოიხსენიებს, აღნიშნული არ წარმოადგენს პირის „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დამნაშავედ ცნობის საკმარის საფუძველს.
20. საკასაციო სასამართლო მოწმეთა ჩვენებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შეფასების ნაწილში სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რის გამოც, მიზანშეწონილად არ მიაჩნია იმავე არგუმენტების განმეორება.
21. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
22. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ. ა–სის - საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კ. დ–სის - საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო მ. რ–ის - საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამდენად, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ.
23. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
24. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.
25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
27. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე