საქმე # 080100120003490663
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1109აპ-22
ტ-ე ა. 1109აპ-22 11 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ტ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ჩ-ს, გ. მ-სა და ლ. ც-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ტ-ს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობა ანგარებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა. ტ-ს, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს, ბიზნესპარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა თავის მეგობარ, შპს „ე-ი-ს“ დამფუძნებელთან, 100%-იანი წილის მფლობელსა და დირექტორთან - ნ. ქ-თან. 2017 წლის 10 მარტს ნ. ქ-მა სს „თ-ი“ ბანკში გახსნილ ანგარიშზე, ა. ტ-ს ჩაურიცხა 40 000 ლარი, რასაც იგი ვერ უბრუნებდა.
2018 წლის 9 მაისს, შპს „ე-ი-ს“ დირექტორ ნ. ქ-სა (დამკვეთი) და ინდივიდუალური მეწარმე გ. ი-ს (შემსრულებელი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება №1, რომლის თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, 2018 წლის 31 ივლისამდე მოეხდინა თ-ში, ჭ-ს ქუჩის №...-ში მდებარე სასტუმრო „ა-ის“ კუთვნილი ამორტიზებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გატანა, ხოლო დამკვეთი იღებდა ვალდებულებას, დემონტაჟის შედეგად დარჩენილ მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცა შემსრულებლისათვის.
იმავე დღეს, თ-ში, ნ. ქ-მა და მის მიერ მოწვეულმა ა. ტ-მ, როგორც ბიზნესპარტნიორებმა, გ. ი-სა და დ. მ-გან ხელზე მიიღეს შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა და მის შედეგად დარჩენილი სამშენებლო მასალების (მოძრავი ქონების) ღირებულების თანხა 80 000 ლარი.
ა. ტ-მ გადაწყვიტა მატერიალური გამორჩენის მიღება და ნ. ქ-თან წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისაგან თავის არიდება, რის გამოც ანგარების მოტივით ნ. ქ-ს მოკვლა განიზრახა.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2018 წლის 11 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ა. ტ-მ ხ-ს რაიონში მდებარე უ-ს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჭ-ს ხეობაში, თავისი კუთვნილი არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლებით, თანმხლებ ნ. ქ-ს მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანებები, რის შედეგად იგი ადგილზევე გარდაიცვალა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, გვამი მოათავსა ლითონის კასრში და ბენზინის გამოყენებით შეეცადა მის დაწვას, რის შემდეგ კუთვნილი ავტომანქანით ,,MERCEDES-BENZ ML-ით“, სახელმწიფო ნომრით - ..., ნ. ქ-ს ნაწილობრივ დამწვარი გვამი ჩაიტანა ვ-ს რაიონის სოფელ შ-ში, სადაც ლითონის კასრი მასში მოთავსებული გვამის ნაწილებით გადააგდო მდინარე რ-ში.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 აგვისტოს განაჩენით:
ა. ტ-ე, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 5 წლით აეკრძალა იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება. ა. ტ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 ნოემბრიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:
მსჯავრდებულ ა. ტ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. მ-ს, ლ. ც-სა და მ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორები - ა. ტ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები: მ. ჩ-ი, გ. მ-ი და ლ. ც-ე ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმეზე დაკითხული მოწმეები (ც. თ-ი, ბ. ქ-ი, ხ. წ-ი, მ. ვ-ი, ნ. ფ-ა, გ. ი-ი, დ. მ-ე) არ ფლობენ რაიმე სახის ინფორმაციას ნ. ქ-ს გარდაცვალების დეტალებთან დაკავშირებით და არ წარმოადგენენ რაიმე სახის თვითმხილველ პირებს. შესაბამისად, მათი ჩვენებები ვერ განიხილება როგორც ა. ტ-ს მამხილებელ ან რაიმე პირდაპირი სახის მტკიცებულებად. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს, არცერთმა მათგანმა არ იცის, სად, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა ნ. ქ-ი და მათი ჩვენებები ამ საკითხთან მიმართებით მხოლოდ ა. ტ-ს ,,ნებაყოფლობით“ მონაყოლს ეყრდნობა. ექსპერტიზის დასკვნებით, აგრეთვე არ დასტურდება ა. ტ-ს ბრალეულობა. თუკი გავიზიარებთ იმ ფაქტს, რომ ა. ტ-მ სხვადასხვა ვერსია მიაწოდა ოჯახის წევრებს ან თუნდაც საგამოძიებო ორგანოს, ეს არ ამტკიცებს მის მიერ ადამიანის მოკვლას. საგამოძიებო ორგანომ ა. ტ-ს დაკავების თაობაზე ოჯახს ინფორმაცია 2019 წლის 17 ნოემბერს მიაწოდა; რეალურად, რა ვითარებაში დააკავეს პოლიციელებმა ა. ტ-ე 2019 წლის 16 ნოემბერს, აღნიშნულზე დეტალურად ისაუბრა მოწმე მ. კ-მ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ბრალდებულს აღენიშნება დაზიანებები, რასაც ვერც სასამართლო უარყოფს.
4.2. კასატორები მიუთითებენ, რომ საჯარო მოხელე ვალდებულია, თუნდაც ფარული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, პირს გააცნოს კანონით მინიჭებული უფლებები; მით უფრო - რომ მათთვის ცნობილი იყო - თუ რა ინფორმაციის მიწოდებას აპირებდა ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე ა. ტ-ე. ფარული ჩანაწერი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ეყრდნობა ა. ტ-ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც შემდეგში ბრალდებულმა უარყო. ამასთან, იგი არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა რაიმე პირდაპირი სახის მასალით.
5. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).
9. კასატორები საჩივარში უთითებენ, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეები - ც. თ-ი, ბ. ქ-ი, ხ. წ-ი, მ. ვ-ი, ნ. ფ-ა, გ. ი-ი, დ. მ-ე, აგრეთვე პოლიციის თანამშრომლები არ ფლობენ რაიმე სახის ინფორმაციას ნ. ქ-ს გარდაცვალების დეტალებთან დაკავშირებით და ისინი არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველ პირებს.
10. მოწმეთა ჩვენებების შინაარსის მნიშვნელობის ამგვარ ინტერპრეტაციას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ ჩვენების პირდაპირი სახის მტკიცებულებად მიჩნევას მხოლოდ მკვლელობის ფაქტის უშუალოდ ხილვა არ განაპირობებს. აღნიშნული საკითხის შეფასება დამოკიდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე, კერძოდ, მოწმე შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას, რომელიც, მართალია, უშუალოდ ქმედების აღსრულებას (მაგალითად, დანის დარტყმას) არ უკავშირდება, მაგრამ მოიცავს სისხლის სამართლის საქმისათვის ისეთი მნიშვნელოვანი სახის გარემოებებს, რომლებმაც თავისი არსით მიზეზობრივი კავშირის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. ასეთ გარემოებებს შორის შესაძლოა იყოს - დანაშაულის მოტივი, ფაქტები, რომლებიც წინ უძღოდა მკვლელობას, ინფორმაციას, რომელსაც პირი გარდაცვალებამდე აწვდიდა მასთან კონტაქტში მყოფებს, სად და ვისთან ერთად გადაადგილდებოდა ბოლო მონაცემებით დაზარალებული და ა.შ.. ზემოჩამოთვლილი გარემოებები მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებიც თავად მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა.
11. საკასაციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია, რომ კერძო (დახურულ) სივრცეში მტკიცებულებათა მოპოვება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს და ხშირად შეუძლებელიცაა, სწორედ ამიტომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე დაუშვებელია არსებული მტკიცებულებების რაიმე სახით კლასიფიკაცია, რაოდენობრივი შეფასება, წინასწარ იურიდიული ძალის განსაზღვრა და შინაარსის ინტერპრეტაცია. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებულად, აშკარად და დამაჯერებლად ადასტურებს მომხდარ ფაქტებს, ერთიანი ლოგიკური ჯაჭვით აღადგენს დანაშაულის ვითარებას და ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N269აპ.-22 და №1052აპ-22 გადაწყვეტილებები).
12. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაბულა მოიცავს ისეთი სახის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მკვლელობამდე განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ანგარების მოტივს, რომელთან დაკავშირებითაც ზემოაღწერილ მოწმეთა ნაწილი სწორედ პირდაპირი ფორმით ფლობს კონკრეტული სახის ინფორმაციას. საკასაციო სასამართლო თითოეული მოწმის ჩვენებას მიმოიხილავს ცალ-ცალკე, რათა გამოკვეთოს ყოველი მათგანის შინაარსის კავშირი მოცემულ სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან მიმართებით:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის (ნ. ქ-ს დედა) - ც. თ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ: მან შვილი ბოლოს 2018 წლის 9 მაისს ნახა. 20:00 საათი იქნებოდა, როცა ნ. თავის მეგობარ ა. ტ-თან ერთად მივიდა სახლში. ეჩქარებოდათ. ნ-მა უთხრა, რომ ა. ტ-თან (ასე მიმართავდა) ერთად იქნებოდა. ღამით, 01:05 საათზე, უკვე 10 მაისი იყო, ქალაქის ტელეფონზე დაურეკა მაზლმა - ბ. ქ-მა, რომელმაც ნ. იკითხა. ბ-ს უთხრა, რომ ნ. ტ-თან ერთად წავიდა ს-ში, რის შემდეგაც მან მაშინვე გათიშა ტელეფონი, რამაც შეაშფოთა. სცადა ნ-თან დაკავშირება, მაგრამ მან არ უპასუხა. ცოტა ხანში გაიგო, რომ ნ. ნამდვილად ტ-თან იყო. 10 მაისს, ექვსის ხუთ წუთზე უცხო ნომრიდან დაურეკა შვილმა და უთხრა, რომ ისევ ტ-თან იყო. 11 მაისს ელოდებოდა, რომ ნ. დაბრუნდებოდა, რადგან გადაუდებელი საქმეები ჰქონდა. 11 მაისსაც რომ არ გამოჩნდა, 12 მაისს, დილით, მოძებნა ნომერი, საიდანაც მან დაურეკა. მოწმეს ტ-მ უპასუხა, რომ ეს მისი ნომერი იყო. კითხვაზე - ნ. სად იყო, განუცხადა, რომ ქ-ს გადასახვევთან ჩამოსვა, საიდანაც სოფელ ხ-ში წავიდა. ამის შემდეგ დარეკა სოფელ ხ-ში მცხოვრებ ბიძაშვილებთან, რომლებმაც უპასუხეს, რომ ნ. არ უნახავთ. მას შეეშინდა და დაუკავშირდა ბ. ქ-ს, რომელიც წავიდა ქ-ში და აღძრა საქმე. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ტ-მ უამბო, რომ ღამის პირველის ნახევარზე, ს-დან თ-ს მიმართულებით მოძრაობისას, ნ. ქ-ს გადასახვევთან ჩამოსვა, რომელმაც ტაქსით გააგრძელა გზა სოფელ ხ-კენ. მისი მონათხრობი ვერ დაიჯერა, რადგან ისინი იყვნენ ახლო მეგობრები, ქ-დან ხეობამდე კი არის შვიდი კილომეტრი და გაუკვირდა, ადგილზე რატომ არ მიიყვანა. მეორედ ტ-ს რომ შეხვდა, ამჯერად მან სხვა ვერსია უამბო, კერძოდ: ნ-ს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც თავად მიიყვანა ს-ს რაიონის ერთ-ერთ სოფელთან, საიდანაც ნ. ც-ს ტერიტორიაზე გადავიდა, იქიდან კი - რ-ში. ტ-ს თქმით, პოლიციაში რომ არ გაეცხადებინათ, ნ. ძალიან მალე დაუკავშირდებოდა, მაგრამ აღნიშნულის გამო ნ-ს ეშინოდა და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აუცილებლად შეეხმიანებოდა. მან შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე დაწერა განცხადება. ერთ კვირაში მივიდა გამომძიებელი ქ-დან, წაიყვანეს და დნმ-ის ანალიზი აუღეს, რის შემდეგაც დააკავეს ა. ტ-ე. რაც შეეხება 40 000 ლარს, თავისი შვილისაგან და ბიძამისთან საუბრისას შეიტყო. ა. ტ-სა და ნ. ქ-ს გ-ში ჰყავდათ საერთო მეგობარი, რომელსაც ნ. ყოველ საღამოს ელაპარაკებოდა. მათი საუბრისას ასევე შეიტყო, რომ 40 000 ლარი ტ-ს არ ჰქონდა დაბრუნებული. ნ. მეგობარს ეუბნებოდა, რომ არ იცოდა, რა გაეკეთებინა, ამის გამო მეგობარი როგორ დაეკარგა. ნ-ს გაუჩინარების შემდეგ, საბუთებში შემთხვევით ნახა ქვითარი, რომლის მიხედვით, 2017 წლის მარტში ტ-ს ანგარიშზე 40 000 ლარია ჩარიცხული. მოწმემ აგრეთვე აღნიშნა, რომ როდესაც თავად გადაიფორმა ფირმები, აღმოჩნდა, რომ ნ-ს ვალი არ ჰქონდა და ანგარიშზე 3 000 ლარამდე თანხა იყო. ნ-მ ახალი ობიექტი გაყიდა 80 000 ლარად და 9 მაისს, თანხის აღებისას მას ახლდა ა. ტ-ე. მის შვილს 80 000 ლარი სახლში არ მიუტანია.
მოწმე ბ. ქ-ს ჩვენებით დგინდება, რომ ნ. ქ-ი იყო მისი ძმისშვილი, რომელთანაც მეგობრობდა. ისინი ერთად იზრდებოდნენ. ნ. ქ-ი ციხიდან გამოვიდა 2012 წლის სექტემბერში. ნ-გან გაიცნო რამდენიმე მეგობარი, ვისთან ერთადაც იხდიდა სასჯელს; მათგან ერთ-ერთი იყო - ა. ტ-ე. ნ-ს ისეთი ფინანსური პრობლემა, რომ გაქცეულიყო ან ვინმეს დამალვოდა, არ ჰქონია. დაახლოებით 2 წლის წინ, ძმისშვილმა უთხრა, რომ ა. ტ-ს მისცა 40 000 ლარი და ერთად შეიძინეს „დრაბილკა,“ რომელიც მუშაობდა ა-ს ტერიტორიაზე. ნ-მა უთხრა, რომ ყოველთვიურად ამ მოწყობილობით გამომუშავებული თანხიდან ა. ტ-ს მისთვის უნდა მიეცა 1500 ლარი. ნ-მ ასევე აჩვენა ა. ტ-ს მიერ გამოგზავნილი „დრაბილკის“ სურათი. მისგან იცის, რომ სასტუმრო „ა-ის“ დამფუძნებელს უნდა ეყიდა ჭ-ს ქუჩაზე მდებარე შენობა, რომლის დემონტაჟი სურდა ნ-ს, რის სანაცვლოდ ინვესტორი უხდიდა 50 000 ლარს. 2018 წლის 9 მაისის ღამეს, 10 მაისი რომ თენდებოდა, დაახლოებით პირველ საათზე, დაუკავშირდა დიდი დიღმის პოლიციის განყოფილების უფროსი და ჰკითხა კონკრეტული ნომერი მას ეკუთვნოდა თუ არა, რაზეც უპასუხა, რომ ნომერი მის სახელზე იყო, მაგრამ სარგებლობდა ნ. ქ-ი. პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ამ ნომრის მფლობელმა შეიძინა ავტომანქანა, რომელსაც დ. დ-ში ცეცხლი მოეკიდა და დაიწვა. სცადა ნ-თან დარეკვა, მაგრამ ტელეფონი გათიშული აღმოჩნდა. შემდეგ ა. ტ-ს ტელეფონით დაელაპარაკა ნ-ს. 2018 წლის 10 მაისს, დაახლოებით ათის ნახევარზე, ა. ტ-ე და ნ. მივიდნენ მასთან სახლში. ნ-მ აუხსნა, რომ ა. ტ-მ იყიდა ამორტიზებული მანქანა და სურდა მისი ს-ში წაღება, სადაც ქვის კარიერზე ჯიხურად გამოიყენებდა. ტ-მ იყიდა 170 ლიტრი საწვავიც, რომელიც მანქანაში უნდა ჩაედოთ და ევაკუატორით წაიღებდნენ ს-ში. თავად ე.წ. „სკოჩით“ ერთმანეთზე ამაგრებდა ბიდონებს, რა დროსაც მანქანა აფეთქდა. გადმოსვლა მოასწრო, ტელეფონი კი იქ დარჩა. ამის შემდეგ ნ. და ა. წავიდნენ პოლიციაში. დაახლოებით ორი საათის შემდეგ უთხრეს, რომ ჭ-ს ქუჩაზე მიდიოდნენ, სადაც თავადაც მივიდა. ა. ტ-ე ეუბნებოდა, რომ ნ. 18-19 წლის გოგოზე იყო ,,გადაკიდებული,“ რომელიც ც-დან ან ო-დან იყო გადმოსული. გააფრთხილა, რომ მასთან ერთად ნ-თვის არაფერი ეთქვა. დაახლოებით ღამის ოთხის ნახევარზე, ა. ტ-ე დაუკავშირდა და უთხრა, რომ გზაში ნ-თან შელაპარაკდა, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასდევდა პატარა გოგოებს, რაზეც ნ. ეჩხუბა, შეაგინა, გადაუხტა მანქანიდან, ქ-ს გადასახვევთან ჩაჯდა ტაქსიში და წავიდა სოფლისაკენ. 12 მაისს ხ. წ-გან გაიგო, რომ ნ. სამსახურში ისევ არ ჩანდა. კვლავ დაურეკა ა. ტ-ს და უთხრა შეხვედროდნენ იმ ადგილას, სადაც ნ. ჩამოსვა. მასთან ერთად წავიდა ხ-ც, რომელსაც უამბო ა. ტ-ს მონათხრობი, თუმცა ხ-მ საუბარი შეაწყვეტინა და უთხრა, რომ დაახლოებით საღამოს 8-9 საათზე ნ-მ ა. ტ-ს ტელეფონიდან დაურეკა, შესაბამისად, ეს ფაქტი თ-დან ს-ს მიმართულებით მოძრაობისას ვერ მოხდებოდა. ამის მოსმენის შემდეგ დაურეკა მეგობარს, რომელიც მუშაობს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, უთხრა რაც მოხდა და რომ მისი ხელმძღვანელობისათვის შეეტყობინებინა. ა. ტ-ე როდესაც მივიდა ქ-ში, უკვე შეცვალა ფაქტები და თქვა, რომ ღამის პირველ საათზე, როდესაც წამოვიდნენ ს-დან, ნ. მანქანიდან ამ დროს გადაუხტა. მომდევნო დღეს წ-მა უთხრა, რომ „ა-ის“ ბუღალტერ ნ-გან იცოდა, რომ ნ-მ ობიექტი გაყიდა. „ა-ის“ ბუღალტერმა მოწმეს განუმარტა, რომ ობიექტი გაყიდეს 80 000 ლარად, თუმცა თანხის აღების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა. ნ-გან კი იცოდა, რომ თანხის გადახდის გარეშე ობიექტს არავის მისცემდა. მოწმის განმარტებით, თავიდან ეგონა, რომ ა. ტ-მ ეს 40 000 ლარის გამო ჩაიდინა, სინამდვილეში ამ თანხას 80 000 ლარიც დაემატა, რომლის გამოც უნდოდა ტ-ს ნ. მანქანაში დაეწვა, მაგრამ ნ-მ მოასწრო და გადმოხტა იმ მანქანიდან, რომელიც აფეთქდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ხ. წ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის გაზაფხულზე მუშაობდა სასტუმრო „ა-ში.“ 2018 წლის 10 მაისს, ნ. ქ-ი და ა. ტ-ე დაახლოებით 17:00 საათამდე იმყოფებოდნენ სასტუმროში, რომელიც მდებარეობს ჭ-ს №...-ში. იმავე დღეს, 21:00 საათზე დაუკავშირდა ნ. ქ-ი და უთხრა, რომ ეს ნომერი ეკუთვნოდა ა. ტ-ს და იმყოფებოდა მასთან ერთად, 11 მაისს კი დაბრუნდებოდა თ-ში. 2018 წლის 11-12 მაისს დაუკავშირდა ნ-ს ბიძა ბ. და ჰკითხა ნ. იყო თუ არა სამსახურში. მას შემდეგ, რაც განუმარტა, რომ ნ. სამსახურში არ გამოჩენილა, გადაწყვიტეს მის მოსაძებნად ქ-ს რაიონის სოფელ ხ-ში წასვლა. ნ-ს კვალს ვერსად მიაგნეს. ნ. ქ-გან იცის, რომ მან და ა. ტ-მ საერთო ფულით უ-ს ტერიტორიაზე ერთად შეიძინეს ე.წ. „დრაბილკა“ (ქვის გადამამუშავებელი ქარხანა), რა დროსაც ნ. ქ-მა ა. ტ-ს გადასცა დაახლოებით 40 000 ლარი.
მოწმე მ. ვ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ სასჯელის მოხდისას მან ციხეში გაიცნო ა. ტ-ე და ნ. ქ-ი. გათავისუფლების შემდეგ ისინი მეგობრობდნენ. ნ. ქ-ი სასტუმრო „ა-ს“ სარემონტო სამუშაოებით იყო დაკავებული. „ა-ის“ დამფუძნებელმა იყიდა ყოფილი ტექნიკუმის შენობა და ნ-ს უნდა მოეხდინა აღნიშნული შენობის დემონტაჟი. ა. ტ-ს აქვს ავეჯის მაღაზიები, პატარა საამქრო და ფინანსურად არ უჭირს. 2018 წლის მაისში ნ. ქ-ს ბიძისგან გაიგო, რომ იგი გაუჩინარებულა. ნ-გან გადმოცემით, ა. ტ-თან ერთად 2017 წელს შეიძინა მშრალი დამუშავების სამტვრევი ე.წ. „დრაბილკა“, რომელიც დაახლოებით სექტემბერში აამუშავეს. 40 000 ლარი იყო ნ. ქ-ს წილი, ა. ტ-ს - 100 000 ლარი. „დრაბილკას“ ა. ამუშავებდა, ნ-ს კი ამონაგების სახით ყოველთვიურად უხდიდა 1500 ლარს. 2018 წლის მარტში ან აპრილში, ნ. ქ-მა მასთან წუხილით გამოხატა, რომ „დრაბილკიდან“ ამონაგების სახით 1500 ლარი უნდა მიეღო ყოველ თვე და 2018 წელს არაფერი ჰქონდა აღებული, რის გამოც აპირებდა ადგილზე ჩასვლას და საკითხის გარკვევას. ნ. ქ-ს გაუჩინარების შემდეგ დაუკავშირდა ა. ტ-ე, რომელიც წუხდა, რომ ამ ფაქტის გამო მას ადებდნენ ხელს. საუბრისას ა-მ უთხრა, რომ 40 000 ლარი მას დაბრუნებული ჰქონდა.
მოწმე ნ. ფ-ს ჩვენებით იგი სასტუმროების გაერთიანება „ა-ში“ ბუღალტერია. 2018 წლის 7 მაისს მასთან მივიდა ნ. ქ-ი, რომლის განმარტებით, დემონტაჟის მიზნით გადაეცა თ-ის სამხატვრო ტექნიკუმის შენობა და სთხოვა ხელშეკრულების შედგენა. ხელშეკრულება 2018 წლის 8 მაისს მიუტანა სამსახურში. მ-ზე მდებარე კაფეში, თავად და ნ. შეხვდნენ შემსრულებელს, რომელიც ასევე ბუღალტერთან ერთად მივიდა. ნ-თან ერთად იყო ა. ტ-ე, რომელიც იმ დღეს გაიცნო და, როდესაც ხელშეკრულების პირობებს განიხილავდნენ, იგი არ შესულა. შემსრულებელმა ხელშეკრულებაში ითხოვა შესწორების შეტანა. მეორე დღეს, დაახლოებით 11:00-დან 12:00 საათამდე, ნ-მ დაურეკა და უკარნახა, თუ როგორ უნდა გაესწორებინათ ხელშეკრულება. დაახლოებით ორი საათის შემდეგ ნ-გან გაიგო, რომ ყველაფერი მოგვარდა. 2018 წლის 10 მაისს, დაახლოებით 16:00-დან 17:00 საათამდე, ნ. მივიდა სამსახურში ა. ტ-თან ერთად. ამის შემდეგ ნ. აღარ უნახავს. მოწმემ ა. გაიცნო შეხვედრისას, სადაც ნ-გან გაიგო, რომ იგი იყო მისი მეგობარი და შემსრულებლები სწორედ მან მიუყვანა. მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ. და სამუშაოების შემსრულებლები 80 000 ლარზე იყვნენ შეთანხმებული, ასევე - ნ. თანხის გადახდამდე სამუშაოების შემსრულებელს ობიექტზე არ შეუშვებდა, ამ დროს კი ობიექტზე უკვე მუშაობდნენ. შესაბამისად, იფიქრა, რომ ნ-მ ფული აიღო. გაუჩნდა ეჭვი, რომ, შესაძლოა, ნ. ამ თანხის გამო მოეკლათ. ნ. ქ-ს ფინანსური პრობლემები არ ჰქონია.
მოწმე გ. ი-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ინდივიდუალური მეწარმე. 2018 წლის აპრილში ზ. ჩ-მა შესთავაზა ერთად მოეხდინათ ჭ-ს №...-ში მდებარე შენობის დემონტაჟი. მოლაპარაკების მიზნით შეხვდნენ ნ. ქ-ს, ა. ტ-სა და კიდევ მესამე პირს (სახელი და გვარი არ იცის). მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ 80 000 ლარის სანაცვლოდ, იგი დ. მ-თან ერთად მოახდენდა შენობის დემონტაჟსა და მეორეულ მასალებს გაიტანდა. აღნიშნულის თაობაზე თავად და ნ. ქ-მა 2018 წლის 9 მაისს, სასტუმრო „ა-ში“ გააფორმეს ხელშეკრულება, რის შემდეგაც ნ. ქ-სა და ა. ტ-თან ერთად ჩასხდნენ დ. მ-ს კუთვნილ ავტომობილში. დ. მ-მ ნ. ქ-ს პოლიეთილენის პარკით გადასცა თანხა. ნ. ქ-მა ფულის შეკვრები დათვალა და ა. ტ-თან ერთად დატოვა ავტომანქანა. 2018 წლის 10 მაისს, ჭ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ობიექტზე მივიდნენ ნ. ქ-ი და ა. ტ-ე. ნ. ქ-მა უთხრა, რომ მობილური ტელეფონი გაუფუჭდა და, საჭიროების შემთხვევაში, ა-ს ტელეფონზე დაჰკავშირებოდა. 2018 წლის 13 ან 14 მაისს ტელეფონით დაუკავშირდა ა. ტ-ე, რომელმაც სთხოვა ნ-ს ნახვის შემთხვევაში მასთან დაერეკა, რადგან დალაპარაკება სურდა, თუმცა როდესაც ჭ-ს ქუჩაზე მივიდა, ნ. იქ არ დახვდა.
მოწმე დ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ფლობს შპს-ს, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შენობების დემონტაჟი. 2018 წლის მაისში დაუკავშირდა გ. ი-ი და შესთავაზა ერთად განეხორციელებინათ სამხატვრო აკადემიის შენობის დემონტაჟი. ამის შემდეგ ის და გ. ი-ი შეხვდნენ ნ. ქ-ს, რომელთან ერთად იყო ა. ტ-ც. ნ. ქ-თან შეთანხმდნენ, რომ შენობის დემონტაჟის სანაცვლოდ გადაუხდიდნენ 80 000 ლარს. საკუთარ ავტომანქანაში, სადაც ისხდნენ ის, გ. ი-ი, ნ. ქ-ი და ა. ტ-ე, ნ. ქ-ს გადასცა 80 000 ლარი. ნ. ქ-მა დათვალა თანხა და ა. ტ-თან ერთად გადავიდა ავტომანქანიდან.
რაც შეეხება პოლიციელთა ჩვენებებს:
მოწმის სახით დაკითხული დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - ლ. ფ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 მაისს, ვ-ს რაიონში, მოქალაქეებმა ლითონის კასრში დამწვარი ადამიანის ნარჩენები იპოვეს, რის გამოც დაიწყო გამოძიება. დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ გარდაცვლილი იყო ნ. ქ-ი. 2019 წლის 29 ოქტომბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნ. ქ-ი მოკლული უნდა ყოფილიყო ა. ტ-ს მიერ, რომელიც ახლო მეგობარი, მისი პარტნიორი იყო და ჰქონდა ფინანსური დავა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის, კ. თ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ სხვა გამომძიებლებთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, კასრში მოთავსებული ადამიანის გვამის ნაწილები და იქვე არსებული ნივთები. გარდაცვლილის ვინაობა ვერ დადგინდა. 2019 წლის ოქტომბერში, როცა გვამი უკვე დასაფლავებული იყო, ცნობილი გახდა, რომ ქ-ის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება ნ. ქ-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა დნმ-ის ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდა, რომ სოფელ შ-ში ნაპოვნი გვამის ნაწილები ეკუთვნოდა ნ. ქ-ს. 2019 წლის 15 ნოემბერს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ა. ტ-სა და მ. მ-ს გამოძახების შესახებ შეედგინათ უწყებები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. შეადგინა უწყებები და 2019 წლის 15 ნოემბერს გადასცა ხელმძღვანელს, რათა ოპერატიული სამსახურის დახმარებით ჩაებარებინათ ადრესატებისათვის. 2019 წლის 16 ნოემბერს, 12:00 საათის შემდეგ, თ. გ-გან შეიტყო, რომ ა. ტ-ე იყო გამოცხადებული და მასთან უნდა ჩაეტარებინა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, რის შემდეგაც მიეცემოდა საშუალება, გამოეკითხა ა. ტ-ე. დაახლოებით 10 წუთში თ. გ-გან შეიტყო, რომ ა. ტ-ს გამოკითხვა შესაძლებელი იყო. თ. გ-გან გარკვეულწილად ცნობილი იყო ა. ტ-ს მიერ დანაშაულის აღიარების ფაქტი. ა. ტ-ს განუმარტა უფლებები და მან ნ. ქ-ს მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით აღწერა ყველა დეტალი. მოწმემ ა. ტ-ს საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებისას წაუკითხა მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, რაც დაადასტურა და დათანხმდა, რომ ადგილზე მითითებით აღეწერა მოვლენები. საგამოძიებო ექსპერიმენტის პერიოდში ა. ტ-ე გულწრფელად აღიარებდა და ინანიებდა დანაშაულს. მან მიუთითა თუ სად გააჩერა ავტომანქანა, ჩხუბი სად მოხდა, საიდან გაისროლა, გვამი როგორ გადაათრია, შემდეგ როგორ დაწვა კასრში, კასრი როგორ მიიტანა და ყველა სხვა დეტალი. დათვალიერებისას აღმოჩნდა ოთხი მყარი სხეული, რომლებიც ამოიღეს. შემდეგ გაემართნენ ვ-ს რაიონის სოფელ შ-ში, სადაც ა. ტ-მ მიუთითა რ-ს პირზე, სადაც გადააგდო ლითონის კასრი ნ. ქ-ს გვამის დამწვარ ნაწილებთან ერთად. შემდეგ გაემგზავრნენ სოფელ დ-ში, მდინარე რ-ზე გადებულ ხიდთან. ა. ტ-მ მიუთითა მდინარის ის ნაწილი, სადაც გადააგდო მკვლელობის იარაღი - სანადირო თოფი (მისი თქმით, არარეგისტრირებული). ვინაიდან მდინარე რ-ი იყო ადიდებული, სანადირო თოფის ძებნის მიზნით სამუშაოები ვერ შესრულდა. ს-იის რაიონულ სამმართველოში დაათვალიერეს დაკავებული ა. ტ-ე. მას ზურგის შუა ზედა ნაწილში აღენიშნებოდა შეწითლებული ადგილი, რაზეც თავად განმარტა, რომ რამდენჯერმე მოიქავა ზურგის არე და შესაძლებელია ამის გამო ყოფილიყო შეწითლებული. ა. ტ-ს ასევე მარჯვენა ფეხის წვივის არეში აღენიშნებოდა ძველი ნაიარევი, რაღაც ნაჭდევი, რაც მიუთითა დაკავების ოქმში. გამოძიების პროცესში ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან ინახებოდა 40 000 ლარის გადარიცხვის ქვითარი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ნ. ქ-მა ა. ტ-ს თანხა გადაურიცხა (აღნიშნული ქვითარი სასამართლოს განჩინებით ამოიღეს).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსის, თ. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 29 ოქტომბერს მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, აღნიშნული დანაშაული ჩადენილი უნდა ჰქონოდა ა. ტ-ს. 2019 წლის 15 ნოემბერს თავად და საქმის უშუალო გამომძიებელმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული პირები ა. ტ-ე და მისი დეიდაშვილი მ. მ-ი გამოეძახებინათ მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით. 2019 წლის 16 ნოემბერს მოწმედ გამოძახებული ა. ტ-ე მივიდა ი-ის პოლიციის დეპარტამენტში. ტ-ე შესვლის მომენტიდან ფაქტობრივად არ გასულა მისი კონტროლიდან, მისი ფიზიკური მდგომარეობა იყო ჩვეულებრივი. ა. ტ-ს სხვა პირთან კომუნიკაცია არ ჰქონია, გარდა გ. გ-სა (რომელთან ერთად ყოფნა მოუწია დაახლოებით ათი წუთი). ამის შემდეგ შეხება ჰქონდა უშუალოდ მასთან, შემდეგ კი გამომძიებელთან. ჩათვალა, რომ ა. ტ-ს გამოკითხვისას შესაძლოა არ გადმოეცა შესაბამისი ინფორმაცია და ეთქვა ტყუილი, ამიტომ პირადად მიიღო გადაწყვეტილება, მის გამოკითხვამდე ჩატარებულიყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედება - შეხვედრის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა. უშუალო ხელმძღვანელის სახელზე დაწერა პატაკი, სადაც მიუთითა აღნიშნული გარემოებების შესახებ, რის შემდეგაც გამომძიებელმა დ. ხ-მ პატაკის საფუძველზე მიმართა ზედამხედველ პროკურორს ღონისძიების ნებართვის გაცემის თაობაზე და პროკურორის დადგენილებით მას პირადად დაევალა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება. ფარული საგამოძიებო მოქმედება თავად დაგეგმა. ამავე პერიოდში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა. ტ-ე გამოცხადდა. ვინაიდან ოთახის მოსამზადებლად სჭირდებოდა დრო, სთხოვა მას, რომ ცოტა ხნით დალოდებოდა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ დადგენილება მზად იყო. დაახლოებით 5 წუთში დაუძახა ა. ტ-ს, რომელმაც დეტალურად აღიარა დანაშაული. მათი საუბარი მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. ოთახში იყვნენ: ის და ა. ტ-ე. საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, რის შემდეგაც დაუძახა გამომძიებელს, რომელმაც წაიყვანა ა. ტ-ე გამოსაკითხად.
ინსპექტორ-გამომძიებლის - გ. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით დილის 08:30დან-09:00 საათამდე, დაევალა ა. ტ-ის უწყების ჩაბარება. მისი ჩაბარების მიზნით, სამსახურებრივი ავტომანქანით, მარტო გაემართა ს-ს რაიონის სოფელ ა-ში. სოფელ ა-ში მოძრაობისას, დაახლოებით თერთმეტის წუთებზე, გზაში შეხვდა ა. ტ-ს კუთვნილი ავტომობილი, რომელსაც მაშუქების ანთებით ანიშნა გაჩერებულიყო. ა. ტ-ს წარუდგინა თავი და განუმარტა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ნ. ქ-ს გვამის ნაწილების პოვნის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით იყო დაბარებული ი-ის პოლიციის დეპარტამენტში. ა. ტ-ს აღნიშნული არ გაჰკვირვებია, ხელმოწერით დაუდასტურა უწყების ჩაბარება. რამდენიმე საათში, ი-ის პოლიციის შენობიდან გასვლისას შეხვდა ა. ტ-ე, რომელსაც დაეხმარა რეგისტრაციაში. იგი აიყვანა თ. გ-თან. დეტექტივების სამმართველოს უფროსის კაბინეტიდან გამოვიდა თ. გ-ე და უთხრა, რომ 5 წუთში დაუძახებდა და გაესაუბრებოდა. დერეფანში ყოფნისას ა. ტ-ს შეამჩნია აღელვება და ჰკითხა, ხომ არაფერი უნდოდა, რა დროსაც ა. ტ-მ უამბო, რომ 2018 წლის მაისში მან და მისმა მეგობარმა ნ. ქ-მა თ-ში დაშალეს შენობა, რაშიც უნდა აეღოთ 80 000 ლარი. აღნიშნული თანხა აიღო ნ. ქ-მა, მას კი კუთვნილი არ მისცა. მეორე დღეს თ-დან წავიდნენ ს-ში, გზაში შეკამათდნენ, რა დროსაც ნ. ქ-მა დაარტყა ხელი, გადავიდნენ მანქანიდან და ნ-მა კვლავ დაარტყა. ამის შემდეგ თავად ამოიღო თოფი, ესროლა და ნ. ქ-ი ადგილზე მოკლა. შემდეგ კასრში დაწვა და წაიღო ვ-ში, სოფელ შ-ში, სადაც გადააგდო მდინარე რ-ში. ა. ტ-მ უთხრა, რომ ნანობდა თავის საქციელს. რამდენიმე ხნის შემდეგ თ. გ-მ დაუძახა ა. ტ-ს და შეიყვანა სასაუბროდ. რამდენიმე წუთში კაბინეტში შევიდა გამომძიებელი, თ. გ-ე კი გარეთ გამოვიდა. ამ დროს მივიდა თ. გ-ან, რათა ეთქვა, რომ ა. ტ-მ მასთან საუბრისას აღიარა ნ. ქ-ს მკვლელობა. თ. გ-ს თქმით, აღნიშნული იცოდა, რადგან ა. ტ-მ მასაც მოუყვა მკვლელობის თაობაზე.
ინსპექტორ-გამომძიებელ გ. ფ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 16 ნოემბერს, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. ა. ტ-ს წაეკითხა თავისი ჩვენება და გაეცნო უფლება-მოვალეობები. მან თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც გაემართნენ ხ-ს მიმართულებით. ა. ტ-ს მითითებით, ავტომანქანა გააჩერეს უ-ს მონასტერთან. ავტომანქანიდან გადმოვიდნენ თავად, ლ. ზ-ე, ა. ტ-ე და გამომძიებელი, მათთან ერთად იყვნენ ექსპერტებიც. ა. ტ-ს მითითებით, ლ. ზ-ე დადგა იმ ადგილას, სადაც იდგა ნ. ქ-ი. ა. ტ-ს ხელში თოფის ნაცვლად ეჭირა ხის ჯოხი და ახდენდა დემონსტრირებას, თუ როგორ ესროლა ნ. ქ-ს. შემდეგ მიუთითა ადგილებზე, სადაც გადაიყვანა გარდაცვლილი და იდო კასრი. დათვალიერდა აღნიშნული ადგილები, რა დროსაც გამომძიებელმა ამოიღო მყარი სხეულები. ა. ტ-ს მითითებული მარშრუტით გაემართნენ ვ-ს მიმართულებით, სადაც მან მიუთითა კასრის გადაგდების ადგილზე. მივიდნენ იმ ადგილზეც, საიდანაც, ა. ტ-ს განმარტებით, მან თოფი და მობილური ტელეფონი გადააგდო.
საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა ანალოგიურად დაადასტურეს შსს ი-ის, რ-სა და ქვემო ს-ის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა, ლ. ზ-მ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ი-ის კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსმა ექსპერტმა - ო. ს-მ.
13. ამდენად, ზემოთმოყვანილი მოწმეების ჩვენებები პირდაპირი და უშუალო ფორმით ადასტურებენ ისეთი სახის ფაქტებს - თუ ვისთან და სად დაიკარგა ნ. ქ-ს კვალი, რა გარემოებები უძღოდა ყოველივე ამას და რა პოზიცია გააჩნდა დაკარგვასთან მიმართებით იმ პირს, რომელთანაც კვალი დაიკარგა. ც. თ-ს ჩვენების მიხედვით, ნ. ქ-ი მას ბოლოს დაუკავშირდა 2018 წლის 10 მაისს და უთხრა, რომ იყო ა. ტ-თან ერთად. ბ. ქ-ს ჩვენების მიხედვით, ამავე დღეს ათის ნახევარზე მასთან სახლში მივიდნენ ა. ტ-ე და ნ. ქ-ი, ხოლო ხ. წ-ს ჩვენების მიხედვით, იგივე პირები დაახლოებით 17:00 საათამდე იმყოფებოდნენ სასტუმრო ,,ა-ში.“ ამავე დღეს ნახა ბოლოჯერ ნ. ქ-ი (ა. ტ-თან ერთად) მოწმე ნ. ფ-მ, რომელიც ,,-ას“ ბუღალტერია. მოწმეთა ჩვენებებით ნათლად დგინდება, რომ ნ. ქ-ი გაუჩინარებამდე იმყოფება ა. ტ-თან ერთად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით ნ. ქ-ს გვამი აღმოაჩინეს რამდენიმე დღეში, კერძოდ, 2018 წლის 14 მაისს. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ ც. თ-ი ამოუცნობი მამრობითი სქესის გვამის ბიოლოგიური დედაა, ხოლო ბ. ქ-ი - ამოუცნობი მამრობითი სქესის გვამის ბიოლოგიური ნათესავი.
14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით ა. და ნ. იყვნენ ძალიან ახლო მეგობრები, რომლებიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში უმეტეს ლოკაციაზე დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ ერთად, მათ შორის - საქმიან მოლაპარაკებებზე. ბრალდების მხარის მტკიცებულებების მიხედვით, ნ. ქ-ს ახლობელთა წრიდან ა.ტ-ე ერთადერთი პირია, რომელსაც გარდაცვლილთან გაუჩინარებამდე ბოლოს ჰქონდა უშუალო კონტაქტი. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელიც ა.ტ-მ ნ. ქ-ს ოჯახის წევრებსა თუ ნათესავებს მიაწოდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. ტ-ე ნ. ქ-ს გაუჩინარების თაობაზე ურთიერთსაწინააღმდეგო და არასწორ ინფორმაციებს აწვდიდა როგორც ნ. ქ-ს ოჯახის წევრებს, ისე - სამართალდამცავ ორგანოს. ც. თ-ის ჩვენების მიხედვით, კითხვაზე - ნ. სად იყო, ა. ტ-მ განუცხადა, რომ ქ-ს გადასახვევთან ჩამოსვა, საიდანაც სოფელ ხ-ში წავიდა. ამის შემდეგ დარეკა სოფელ ხ-ში მცხოვრებ ბიძაშვილებთან, რომლებმაც უპასუხეს, რომ ნ. არ უნახავთ. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ტ-მ უამბო, რომ ღამის პირველის ნახევარზე, ს-დან თ-ს მიმართულებით მოძრაობისას, ნ. ქ-ს გადასახვევთან ჩამოსვა, რომელმაც ტაქსით გააგრძელა გზა სოფელ ხ-ნ. მისი მონათხრობი ვერ დაიჯერა, რადგან ისინი იყვნენ ახლო მეგობრები, ქ-დან ხ-მდე კი არის შვიდი კილომეტრი და გაუკვირდა, ადგილზე რატომ არ მიიყვანა. ბ. ქ-ს ჩვენების თანახმად, დაახლოებით ღამის ოთხის ნახევარზე, ა. ტ-ე დაუკავშირდა და უთხრა, რომ გზაში ნ-თან შელაპარაკდა, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასდევდა პატარა გოგოებს, რაზეც ნ. ეჩხუბა, შეაგინა, გადაუხტა მანქანიდან, ქ-ს გადასახვევთან ჩაჯდა ტაქსიში და წავიდა სოფლისკენ.
15. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით საგამოძიებო ორგანომ დაკითხა არაერთი ტაქსის მძღოლი, რომლებიც ზოგადად, ,,ქ-ს გადასახვევზე“ მგზავრებს ემსახურებიან, მათ შორის - ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც ქ-ში ე.წ. ,,გამოძახების“ შესაბამისად ოფისში მუშაობენ და მგზავრის მიერ მითითებულ მისამართზე ცხადდებიან, თუმცა, რომელიმე მათგანის მხრიდან ნ. ქ-ს გადაადგილება არ დადასტურდა.
16. ც. თ-ს ჩვენების თანახმად, მეორედ, ტ-ს შეხვდა სახლში, შვილის - დ-ს თანდასწრებით. ამჯერად მან სხვა ვერსია უამბო, განუმარტა, რომ ნ-ს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც თავად მიიყვანა ს-ს რაიონის ერთ-ერთ სოფელთან, საიდანაც ნ. ც-ს ტერიტორიაზე გადავიდა, იქიდან კი - რ-ში.
17. ამდენად, ნ. ქ-ს კვალის ძიების პარალელურად, ა. ტ-ე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციაზე მიუთითებდა.
18. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ მოვლენას წინ უძღვოდა ნ-სა და ა-ს მიერ 2018 წლის 9 მაისს მათი, როგორც ბიზნესპარტნორების მიერ 80 000 ლარის ხელზე აღების ფაქტი (საქმის მასალებით ანალოგიურად დადასტურებულია ა. ტ-ს ნ. ქ-ს მიმართ 40 000 ლარის დავალიანების არსებობის ფაქტიც); კერძოდ:
საქმეში არსებული გადარიცხვის ქვითრითა და საბანკო ამონაწერით დგინდება, რომ 2017 წლის 10 მარტს, ნ. ქ-მა სს „თ-ი“ გახსნილ ანგარიშზე ა. ტ-ს ჩაურიცხა 40 000 ლარი. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ც. თ-სა და მოწმეების - ბ. ქ-ს, ხ. წ-სა და მ. ვ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ნ. ქ-მა ა. ტ-ს აღნიშნული თანხა ჩაურიცხა ე.წ. ,,დრაბილკის“ შესაძენად, რომელსაც ა. ტ-ე ამუშავებდა და ამონაგები თანხიდან, ყოველთვიურად ნ. ქ-თვის უნდა გადაეცა კონკრეტული თანხა. ც. თ-მა მოწმედ დაკითხვის დროს მიუთითა, რომ ა. ტ-სა და ნ. ქ-ს გ-ში ჰყავდათ საერთო მეგობარი, რომელსაც ნ. ყოველ საღამოს ელაპარაკებოდა. მათი საუბრისას ასევე გაიგო, რომ 40 000 ლარი ტ-ს არ ჰქონდა დაბრუნებული. ნ. მეგობარს ეუბნებოდა, რომ არ იცოდა, რა გაეკეთებინა, ამის გამო მეგობარი როგორ დაეკარგა.
დაცვის მხარის არგუმენტები ა. ტ-ს მიერ ნ. ქ-ს მოცემული თანხის უკან დაბრუნების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა და მიუთითა, რომ ნ. ქ-ის მიერ ა. ტ-თვის 40 000 ლარის გადაცემის ფაქტი დადასტურებულია გადარიცხვის ქვითრითა და საბანკო ამონაწერით, ხოლო ნ. ქ-თვის ამ თანხის დაბრუნების დამადასტურებელი რაიმე წერილობითი მტკიცებულება დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: გ. ი-სა და დ. მ-ს ჩვენებებით, ასევე, 2018 წლის 9 მაისს, შპს „ე-ს“ დირექტორ ნ. ქ-სა და ინდმეწარმე გ. ი-ს შორის გაფორმებული №1 ხელშეკრულებით დადგენილია, რომ თ-ი, ჭ-ს ქუჩის №...-ში მდებარე შენობის დემონტაჟი უნდა განეხორციელებინათ გ. ი-სა და დ. მ-ს, რის სანაცვლოდაც მათ 2018 წლის 9 მაისს, ჭ-ს ქუჩაზე, დ. მ-ს კუთვნილ ავტომანქანაში, ნ. ქ-ს ხელზე გადასცეს 80 000 ლარი, რომელთან ერთად ამ დროს იმყოფებოდა ა. ტ-ე. აღნიშნულ ფაქტს გარკვეულწილად ადასტურებს ნ. ფ-ც.
მოწმეების - გ. ი-სა და დ. მ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ თანხის გადაცემის შემდეგ ნ. ქ-ი და ა. ტ-ე ერთად გადავიდნენ ავტომანქანიდან და წავიდნენ. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ც. თ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 9 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, მისი შვილი ნ. ქ-ი ა. ტ-თან ერთად მივიდა სახლში, თუმცა ეჩქარებოდათ და მალევე წავიდნენ. მოწმის განცხადებით, მის შვილს 80 000 ლარი სახლში არ მიუტანია. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილ ნ. ქ-ს საბანკო ანგარიშების ამონაწერებში 80 000 ლარის ტრანზაქცია არ ფიქსირდება და საქმეში არსებული მტკიცებულებებით მითითებული თანხის არც სხვა პირისათვის გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის ფაქტია დადასტურებული.
19. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ა. ტ-ს მონაწილეობით 2019 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს (გამოკვლეულია პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის სასამართლო სხდომაზე), რომლის მონაწილეები, ა. ტ-ს მითითებით, გაემართნენ ხ-ს რაიონის სოფელ გ-ს მიმართულებით. ხ-ს რაიონის სოფელ მ-ს გავლის შემდეგ გ-ს საავტომობილო გზის მე-16 კილომეტრზე, ხ-ს რაიონის ტერიტორიაზე ა. ტ-მ მიუთითა გზის მარჯვენა მხარეს არსებულ წარწერაზე „უ-ს მონასტერი,“ რომელიც მიანიშნებდა, რომ უახლოვდებოდნენ გზის სამხრეთით მდებარე უ-ს მონასტრის გადასახვევს. ამ ტრაფარეტიდან დაახლოებით 150 მეტრში ა. ტ-მ გზის სამხრეთით მიუთითა აღნიშნული მონასტრისაკენ მიმავალ გზაზე. მისივე მითითებით, გადაუხვიეს ცენტრალური საავტომობილო გზიდან, გაიარეს მდინარე ჭ-ი და დაახლოებით 850 მეტრის გავლის შემდეგ, ა. ტ-ს მითითებით, შეჩერდნენ გზის კიდესთან. ა. ტ-მ გზის ჩრდილოეთ კიდესთან მიუთითა ადგილი, სადაც 2018 წლის 11 მაისს, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, გააჩერა თავისი კუთვნილი ავტომანქანა „მერსედესი,“ სახელმწიფო ნომრით ,,....“ მისივე განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთში ავტომანქანით მოძრაობისას, მან თავისი კუთვნილი თანხის გადაცემასთან დაკავშირებით წარმოშობილი კამათისას, დედის მისამართით შეაგინა ნ. ქ-ს, რომელმაც სახეში დაარტყა ხელი. ა. ტ-ე მითითებულ ადგილზე გაჩერდა და ორივე გადმოვიდა ავტომანქანიდან, რის შემდეგაც ავტომანქანის მარჯვენა მხარეს ყოფნისას მანაც სახეში დაარტყა ხელი ნ. ქ-ს. ამის შემდეგ ნ. ქ-მა მისი მიმართულებით დაიწყო ქვების სროლა, თან ერთმანეთს აგინებდნენ დედის მისამართით. ა. ტ-ს განმარტებით, თავისი ავტომანქანის საბარგულიდან გადმოიღო დაურეგისტრირებელი, ორლულიანი სანადირო თოფი, რომელშიც მოთავსებული იყო ორი გილზი. ამ დროისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მას თოფი ეჭირა ხელში, ნ. ქ-ი კვლავ ესროდა ქვებს და აგინებდა დედის მისამართით, ამიტომ დაუმიზნა მას თოფი და ერთმანეთზე მიყოლებით ორჯერ გაისროლა ნ. ქ-ს მიმართულებით. ა. ტ-მ მიუთითა ადგილი, სადაც გასროლების შემდეგ დაეცა ნ. ქ-ი, რომელსაც გულ-მკერდი და სახის ნაწილი სისხლიანი ჰქონდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ ა. ტ-მ გზის სამხრეთით მიუთითა ხე-ბუჩქნარიანი ადგილისაკენ, რომელი მიმართულებითაც გადაიტანა ნ. ქ-ს გვამი და გადამალა გზიდან დაახლოებით 25 მეტრში მდებარე დაბლობში, მდინარე ჭ-ს კალაპოტში. ა. ტ-მ მიუთითა, რომ ნ. ქ-ს გვამის გადამალვის ადგილთან 2018 წლის 11 მაისს, ღამით მიიტანა ლითონის კასრი, რომელსაც ერთი მხარე მთლიანად ღია ჰქონდა. გვამს იქვე შემოახვია მაგიდის პოლიეთილენის გადასაფარებელი, თავის ნაწილით ჩადო კასრში, გადაასხა ბენზინი და წაუკიდა ცეცხლი. გვამის დაწვას არ დალოდებია, წავიდა და დაბრუნდა 12 მაისს გამთენიისას. შეამჩნია, რომ გვამის მხოლოდ ფეხების ნაწილი იყო დაუწვავი, ამიტომ კვალის არევის მიზნით გადაწყვიტა დარჩენილი ნაწილების სხვა ადგილზე გადატანა და თავიდან მოშორება. შემდეგ მიუთითა გზის მხარეს მინდვრიანი ადგილისაკენ, სადაც ჩაიყვანა თავისი ავტომანქანა „მერსედესი,“ სახელმწიფო ნომრით ..., ლითონის კასრი დააწვინა გვერდულად და გაგორებით მიიტანა ავტომანქანამდე. მდინარე ჭ-ს კალაპოტში ლითონის კასრის გაგორების ადგილის მიმდებარედ, ქვიშიანი ნიადაგის ზედაპირზე აღმოჩნდა ნაწილობრივ ქვიშიან ნიადაგში ჩაფლული 4 მოშავო-მორუხო, უსწოროკიდეებიანი მყარი სხეული, რომლებიც ამოიღეს. შემდეგ ა. ტ-მ მიუთითა გზის კიდეზე მდებარე შედარებით განიერ მინდვრიან ადგილზე, სადაც თავის კუთვნილ ავტომანქანასთან მიაგორა გვამის ნაწილებით ლითონის კასრი, რომელსაც ავტომანქანასთან ჩამოაცვა ტომარა და ისევ გვერდულად ჩადო საბარგულში. შემდეგ მიუთითა გზაზე, საიდანაც წავიდა სოფელ გ-ს, შემდეგ კი ვ-ს რაიონის სოფელ შ-ს მიმართულებით, რადგან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კვალის არევის მიზნით, კასრში არსებული ნ. ქ-ს გვამის ნაწილები კასრიანად გადაეგდო ვ-ს რაიონის სოფელ შ-ში, მდინარე რ-ში. ამის შემდეგ ხ-ს რაიონის სოფელ გ-ს გავლით გაემართნენ ვ-ს რაიონისაკენ. ზ-ს რაიონში მოძრაობისას ა. ტ-მ განმარტა, რომ ვ-ს რაიონში ჩავიდა ზ-ს რაიონის სოფელ ს-ს გავლით, შესაბამისად, ა. ტ-ს მითითებით გადაუხვიეს სოფელ ს-კენ, გაიარეს სოფლები, შემდეგ ბ-ს რაიონის სოფლები და შევიდნენ ვ-ს რაიონში, რომლის ცენტრის გავლით, სოფელ შ-ში, ა. ტ-მ მიუთითა გზიდან მარჯვენა მხარეს ცენტრალური საავტომობილო გზიდან ჩასახვევში არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე. აღნიშნული ქვაღორღიანი გზის გავლით ა. ტ-ს მითითებით, მიადგნენ მდინარე რ-ს ნაპირს, სადაც გზა გრძელდება მარცხენა მხარეს მდინარის პარალელურად. ადგილზე მისვლისას ა. ტ-მ განმარტა, რომ 2018 წლის 12 მაისს, შესახვევთან გზა წყდებოდა, რომლის ძირითადი ნაწილი მდინარეს ჰქონდა წაღებული. შესაბამისად, გზა აღარ გაუგრძელებია და მიუთითა ადგილი, სადაც შეაჩერა კუთვნილი ავტომანქანა „მერსედესი,“ სახელმწიფო ნომრით ,,...“ და მდინარე რ-ში გადააგდო ლითონის კასრი, რომელშიც დარჩენილი იყო ნ. ქ-ს გვამის ნაწილები. შემდეგ ა. ტ-მ აჩვენა, რომ იმავე მეორეხარისხოვანი გზით დაბრუნდა ცენტრალურ გზაზე და მოძრაობა გააგრძელა ს-ს რაიონის სოფელ დ-ს მიმართულებით. დ-ში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მდინარე რ-ზე გადებული საავტომობილო ხიდის დასაწყისში, მდინარე რ-ს ტრაფარეტთან ა. ტ-მ მიუთითა ადგილი, სადაც შეაჩერა თავისი ავტომანქანა, იქიდან გადმოიტანა სანადირო თოფი, რომლიდან გასროლით მოკლა ნ. ქ-ი, ასევე - ნ. ქ-ს მობილური ტელეფონი და დაახლოებით ხიდის შუა ნაწილიდან გადააგდო მდინარე რ-ში.
20. საკასაციო პალატის მითითებით, ზოგადად, როდესაც ბრალდებული აღარ ადასტურებს მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, იგი საგამონაკლისო შემთხვევებში მაინც შესაძლოა იქნეს გამოყენებული, როგორც ბრალდების დამადასტურებელი პირდაპირი სახის მტკიცებულება (გამოძიების სტადიაზე მიცემული აღიარებითი ჩვენების გამოკლებით); აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევები დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. №424აპ-16, №561აპ-15, №682აპ-21, №569აპ-22), კერძოდ:
N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“
ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).
პალატამ სხვა საქმეში მიუთითა, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად, სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩენილი იქნება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს (იხ. უზენაესი სასამართლოს №682აპ-21 გადაწყვეტილება).
21. როგორც მოცემულ საქმეში დგინდება, საგამოძიებო ექსპერიმენტი ა. ტ-ს მონაწილეობით ჩატარდა 2019 წლის 16 ნოემბერს, რომლის მიმდინარეობის დროს მან გამოავლინა იმგვარი ინფორმაციის ცოდნა, რომელიც ბრალდებულს სხვა პირობებში, ლოგიკურად, არ შეიძლება სცოდნოდა, კერძოდ, მან დეტალურად მიუთითა ადგილებზე, სადაც დაიწყო კონფლიქტი მასა და ნ. ქ-ს შორის (ჯერ სიტყვიერი შეკამათება, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება), მიუთითა თოფის დამიზნებისა და სროლის ლოკაციაზე. აგრეთვე - გვამის დაცემისა და გარდაცვალების, მისი გადამალვის, დაწვისა და მდინარეში გადადგების ადგილებზე. გასათვალისწინებელია, რომ ა. ტ-მ დეტალურად აღწერა გვამის გადამალვის მიმდინარეობა, რომელიც მცირე ხანში არ დასრულებულა (გაგრძელდა 11 და 12 მაისს), მათ შორის - კასრის მიტანის, მასში გვამის მოთავსების, ბენზინის გადასხმისა და დაწვის დეტალები. ასევე მიუთითა დანაშაულის იარაღის - ორლულიანი სანადირო თოფისა და ნ. ქ-ს მობილური ტელეფონის გადაგდების ადგილზე.
22. საგამოძიებო ექსპერიმენტი შემოიფარგლა არაერთი ადგილით, კერძოდ:
პირველ სტადიაზე ა. ტ-მ მიუთითა მდინარე ჭ-ს კალაპოტთან მიმდებარე ტერიტორიაზე (სადაც პირველად შეჩერდნენ, ფიზიკურად დაპირისპირდნენ, ესროლა თოფი და გვამი ხე-ბუჩქნარში გადამალა, მერე კი დაწვა);
შემდეგ მიუთითა სრულიად სხვა ლოკაციაზე სოფელ გ-სა და ვ-ს რაიონის სოფელ შ-ზე (მდინარე რ-ში კასრში მოთავსებული ნ. ქ-ს გვამის ნაწილების კასრიანად გადაგდების მიზნით; 2018 წლის 14 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, სწორედ მდინარე რ-ს მარცხენა სანაპიროზე აღმოაჩინეს ლითონის კასრი, ადამიანის ჩონჩხის ძვლები, ნაწილობრივ დამწვარ-დანახშირებულ კანსა და კუნთოვან ქსოვილებთან ერთად);
მესამე ლოკაციად მიუთითა ს-ს რაიონის სოფელ დ-ზე (საიდანაც კონკრეტულად გადააგდო თოფი და ნ-ს მობილური ტელეფონი).
23. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, როგორ შეეძლო ა. ტ-ს მიეთითებინა ამდენი სახის დეტალზე, ადგილზე, კონკრეტულ ლოკაციებზე შესაბამისი ქმედებების მითითებით. სრულიად არაბუნებრივია, დანაშაულთან დაუკავშირებელი პირი ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას ისეთი სახის გარემოებებთან მიმართებით, როგორებიც არის: დანაშაულის იარაღი, გვამის ადგილმდებარეობა, მისი განადგურების, კვალის დაფარვის მიზნით სხვადასხვა, ერთმანეთისგან დაშორებულ ლოკაციაზე გადაადგილების მარშრუტი და ა.შ.. ამასთან, ხსენებული ოქმით აგრეთვე ირკვევა, რომ ა. ტ-ე ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში გადაადგილების საშუალებად იყენებდა საკუთარ ავტომობილს. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ამ მოქმედების ფარგლებში მისი მონაწილეობით გამოიკვეთა, მნიშვნელოვანია დადგინდეს, დადასტურებულია თუ არა საქმის სხვა მასალითაც; უფრო კონკრეტულად, უნდა გააანალიზდეს, გახდა თუ არა საფუძველი საგამოძიებო ექსპერიმენტი სხვა ისეთი მტკიცებულების შექმნისა, რა დროსაც პირმა დამოუკიდებლად მიუთითა.
24. როგორც ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის №... გამოკვლევისა და დასკვნითი ნაწილით ირკვევა, 2019 წლის 29 ნოემბერს, თ-ი, ი. ჭ-ს გამზირის №...-ში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ეზოში განთავსებული ,,MERSEDES-BENZ ML-ის“ მარკის დალუქული ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით ..., ექსპერტმა აიღო ანაწმენდი, ნავთობპროდუქტის კვალის თვისობრივი აღმოჩენის მიზნით. აღებულ ანაწმენდებზე, „მარჯვენა წინა კარის შიგა მხარე,“ „მარჯვენა უკანა კარის შიგა მხარე,“ „მარცხენა წინა კარის შიგა მხარე,“ „მარცხენა უკანა კარის შიგა მხარე,“ „საბარგულის იატაკი,“ ,,საბარგულის კარის შიგა მხარე“ აღინიშნება ბენზინისათვის დამახასიათებელი კვლები. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით ასევე განმტკიცდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ის ნაწილი, სადაც უშუალოდ მისმა მონაწილემ მიუთითა - გვამზე ბენზინის გადასხმის თაობაზე; მაშინ, როდესაც სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით დგინდება, რომ გვამის სხეულის დამწვრობა, დანახშირება განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის (ალის) ზემოქმედების შედეგად.
25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ამასთან, მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77).
26. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ:
- ნ. ქ-მა ა. ტ-ს 2017 წლის 10 მარტს ჩაურიცხა 40 000 ლარი, ხოლო ნ. ქ-თვის ამ თანხის დაბრუნების დამადასტურებელი რაიმე უტყუარი მტკიცებულება დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია;
- ამ ფაქტობრივი გარემოების პარალელურად, დადასტურებულია, რომ 2018 წლის 9 მაისს, დ. მ-ს კუთვნილ ავტომანქანაში, ნ. ქ-ს ხელზე გადასცეს 80 000 ლარი, რომელთან ერთად ამ დროს იმყოფებოდა ა. ტ-ე. საქმეში წარმოდგენილ ნ. ქ-ს საბანკო ანგარიშების ამონაწერებში 80 000 ლარის ტრანზაქცია არ ფიქსირდება და საქმეში არსებული მტკიცებულებებით მითითებული თანხის არც სხვა პირისათვის გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის ფაქტი არ დასტურდება;
- აღსანიშნავია, რომ, როგორც თანხის ერთად აღების დღეს, ისე მომდევნო პერიოდში (კვალის დაკარგვამდე) ნ. ქ-ი და ა. ტ-ე როგორც სამსახურებრივ, ისე არასამსახურებრივ საკითხებზე (ნ. ქ-ს ბინაში, ბ. ქ-ს ბინაში) გადაადგილდებიან ერთად. სატელეფონო კონტაქტის დროს ნ. ქ-ი აგრეთვე მიუთითებს, რომ იგი ა. ტ-თან ერთად არის;
- ნ. ქ-ი მოულოდნელად უჩინარდება;
- ა. ტ-ე ახლო მეგობრის, ნ. ქ-თან ბოლო კომუნიკაციასთან მიმართებით გარდაცვლილის ნათესავებს სხვადასხვა ვერსიას აწვდის;
- გამოძიების სტადიაზე მოწმდება ა. ტ-ს ვერსია - ქ-ს გადასახვევთან ტაქსიში ხომ არ ჩაჯდა ნ. ქ-ი, თუმცა, მოცემული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. მტკიცებულებათა გამოკვლევის საფუძველზე არ დადასტურდა ა. ტ-ს მიერ მითითებული მეორე ვერსიაც, რომ ნ-ს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც თავად ა. ტ-მ მიიყვანა ს-ს რაიონის ერთ-ერთ სოფელთან, საიდანაც ნ. ც-ს ტერიტორიაზე გადავიდა, იქიდან კი რ-ში. დადგინდა, რომ, როდესაც ც. თ-მა (ნ. ქ-ს დედა) თავად გადაიფორმა ფირმები, ნ-ს ვალი არ ჰქონდა და ანგარიშზე 3 000 ლარამდე თანხა იყო. წარმოდგენილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ ნ-ს ისეთი ფინანსური პრობლემა, გაქცეულიყო ან ვინმეს დამალვოდა, არ ჰქონია.
- 2019 წლის 16 ნოემბერს, ინსპექტორ-გამომძიებელ გ. გ-ს დაევალა ა. ტ-თვის უწყების ჩაბარება. მან ა. ტ-ს წარუდგინა თავი და განუმარტა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ნ. ქ-ს გვამის ნაწილების პოვნის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით იყო დაბარებული ი-ის პოლიციის დეპარტამენტში. ა. ტ-ს აღნიშნული არ გაჰკვირვებია, ხელმოწერით დაუდასტურა უწყების ჩაბარება.
- 2019 წლის 16 ნოემბერს, ა. ტ-ე მონაწილეობას იღებს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელშიც ზედმიწევნით დეტალურად უთითებს კონკრეტულ ადგილებს (მათ შორის: კონფლიქტის, იარაღის სროლის, გვამის დაწვისა და გადატანის ლოკაციებს), მნიშვნელოვანია, რომ მოწმე მ. მ-ს ჩვენების თანახმად, ა. ტ-ე ძალიან კარგად იცნობს აღნიშნულ ტერიტორიებს; მ. მ-ს ჩინური კომპანიის, „რკინიგზის 23-ე ბიუროსთან“ დადებული ჰქონდა ხელშეკრულება და ო-ს რაიონის სოფელ მ-დან და ვ-ს რაიონის სოფელ შ-დან, ჭ-ს კარიერიდან ინერტულ მასალას აწვდიდა ავტობანზე. მოწმემ ისიც აღნიშნა, რომ ის და ა. ტ-ე ერთად გაიზარდნენ და ა. რ-ზე და მის კარიერზეც ხშირად იყო ნამყოფი.
- გადაადგილების საშუალება, რომელზეც ა. ტ-ე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს უთითებდა, იყო მისი ავტომობილი, რომელშიც აღინიშნება ბენზინისათვის დამახასიათებელი კვლები. თავის მხრივ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, გვამის სხეულის დამწვრობა, დანახშირება, რაც განვითარებული იყო რაიმე მაღალი ტემპერატურის (ალის) ზემოქმედების შედეგად.
27. მაშასადამე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებული სოლიდური ფინანსური სახის ვალდებულება, როგორც 40 000 ლარის სესხი, ასევე - 80 000 ლარის ერთობლივად აღება, იმავე დღეს ნ. ქ-სა და ა. ტ-ს ერთად გადაადგილება, ხოლო საღამოს ნ-ს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარება, ა. ტ-ს მხრიდან სხვადასხვა ვერსიის მიწოდება გარდაცვლილის ადგილსამყოფელთან მიმართებით, გვამის აღმოჩენა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კარგად იცნობს თავად მსჯავრდებული, საგამოძიებო ექსპერიმენტი და საქმეში წარმოდგენილი მასალების ქრონოლოგიური ანალიზი ქმნის ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ადასტურებს ა. ტ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენას.
28. რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებას (შსს ი-ის, რ-სა და ქვემო ს-ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსის, თ. გ-სა და ა. ტ-ს შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი), რომლის მიხედვითაც, თ. გ-თან საუბრისას ა. ტ-მ დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა მის მიერ ნ. ქ-ს მკვლელობის, მისი გვამის დაწვისა და შემდეგ ლითონის კასრით მდინარე რ-ში გადაგდების გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შესაძლოა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება არღვევდეს კიდეც თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მისი გაზიარების გარეშე, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ა. ტ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.
29. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ბრალდებულს აღენიშნება დაზიანებები, რომელიც მათი ვერსიით, ა. ტ-მ პოლიციის განყოფილებაში მიიღო, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც თავად დაცვის მხარე უთითებს, მსჯავრდებულმა მის მიმართ ძალადობაზე მიმართა საგამოძიებო ორგანოს, სადაც დღემდე მიმდინარეობს გამოძიება და ამ ნაწილში არ არსებობს იმგვარი სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალის უტყუარობაზე.
30. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო თანაბრად აფასებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა - თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ჩადენილი ქმედების სახეს, მოვალეობათა დარღვევის ზომას, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, კერძოდ, რომ ჩადენილია განზრახი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ახლო მეგობრის მიმართ, ანგარების მოტივით და მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთა 17 წლით სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათს და არის სამართლიანი.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020). ამდენად, ვინაიდან, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრით საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი არ იკვეთება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
32. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ტ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ჩ-ს, გ. მ-სა და ლ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ.თადუმაძე
მ. გაბინაშვილი