Facebook Twitter

საქმე # 330100120003775946

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1153აპ-22

შ-ე კ. 1153აპ-22 19 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კა. შ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 23:45 საათზე, თ-ში, მდინარე მ-ს მარცხენა სანაპიროზე (№205 ელექტრო განათების ბოძის მიმდებარედ), კ. შ-ე მართავდა ავტომობილ „კიას“, სახელმწიფო ნომრით ... . მან ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, კერძოდ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დაცვა და ყოველგვარი ობიექტური ხელშემშლელი პირობების გარეშე დაეჯახა ქვეითად მოსიარულე თ. ჩ-ს, რის შედეგადაც მიღებული დაზიანებების გამო თ. ჩ-ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენით:

კ. შ-ე, - დაბადებული ... წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლით.

მსჯავრდებულ კ. შ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 27 იანვრიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:

მსჯავრდებულ კ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა კ. შ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის გაუქმება და კ. შ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

4.1. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს წარდგენილი ჰქონდა შემთხვევის ამსახველი უტყუარი ვიდეომასალა, რომელშიც მოცემულია თუ რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ კ. შ-ე საგამოძიებო ორგანოს მიერ შედგენილ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში შეყვანილი არ იყო, სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი მონაწილეობდა. რეალურად, ავტომობილში იგი არ მჯდარა. მოსამართლემ უნდა იხელმძღვანელოს შეჯიბრებითობის პრინციპით და იგი როგორც განსახილველ საქმეში მოხდა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ნაცვლად კითხვებს პასუხებს არ უნდა სცემდეს. დაცვის მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დადგინდა მძღოლის უდანაშაულობის ფაქტი.

5. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება, ვინაიდან ადვოკატის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს კ. შ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებასა და მოტივაციას კ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) გამტყუნების ნაწილში და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტს, ხოლო დაცვის მხარის პოზიციები/წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.

9. ავტოტექნიკური და ვიდეო ექსპერტიზის №... დასკვნით, სამუხრუჭე კვალის სიგრძის მიხედვით, ავტომობილი „კია“ დამუხრუჭების დაწყების წინ მოძრაობდა, დაახლოებით 98 კმ/სთ სიჩქარით.

10. ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, შექმნილ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში კ. შ-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ქვეითზე დაჯახების) თავიდან აცილება შეეძლო, თუ იგი იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელთა დაცვის დროსაც, კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.

11. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ გარეშე პირმა (მძღოლმა) ზ. ჩ-მ დააფიქსირა ადგილი, საიდანაც აშკარად გამოჩნდა გზის სავალ ნაწილზე მყოფი გარეშე პირი (ქვეითი) ხ. თ-ი, რის შემდეგაც გაიზომა მანძილი ავტომობილის მდებარეობის ადგილიდან (საიდანაც აშკარად გამოჩნდა ქვეითი) და ამ მანძილმა შეადგინა 130 მეტრი.

12. ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნები (№... და №...) დაადასტურა ექსპერტმა ი. ჭ-მ, რომელმაც განმარტა, რომ ავტომობილი „კია“-ს სიჩქარისა და ქვეითის მიერ, ხ-ს ქუჩის მიმართულებით სავალი ნაწილის გადაკვეთის დაწყებიდან, მასზე ავტომობილის დაჯახებამდე გავლილ მანძილზე დახარჯული დროის გათვალისწინებით დაადგინა, რომ 98 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი „კია“ იმ მომენტში, როდესაც ქვეითად მოსიარულემ დაიწყო ხ-ს ქუჩის მიმართულებით სავალი ნაწილის გადაკვეთა, დაჯახების ადგილიდან დაცილებული იქნებოდა დაახლოებით 109 მეტრი მანძილით. ამის შემდეგ მძღოლის რეაქციისათვის, მუხრუჭების ამძრავის მოქმედებაში მოყვანისა და სიჩქარის შენელებისათვის საჭირო დროის მხედველობაში მიღებით, განისაზღვრა გზის მოცემულ უბანზე ნებადართული, არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილ „კია“-ს სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილი და დაადგინა, რომ სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილი, მოცემულ საგზაო პირობებში შეადგენდა დაახლოებით 56 მეტრს; იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ქვეითზე დაჯახება) მოხდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, არსებობდა ალბათობა იმისა, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლს, ვერ დაენახა მის წინ, მისგან დაახლოებით 109 მეტრ მანძილში, შუქნიშნით რეგულირებულ ქვეითად გადასასვლელზე, შუქნიშნის ამკრძალავ წითელ სიგნალზე მოძრავი ქვეითი, რის გამოც მან გამოძიებას მოსთხოვა დადგენა, თუ რამდენ მეტრ მანძილში შეეძლო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლს მის წინ, მარცხნიდან მარჯვნივ, შუქნიშნით რეგულირებულ ქვეითად გადასასვლელზე მოძრავი ქვეითის დანახვა. ამის საფუძველზე, გამოძიებამ წარადგინა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის თანახმადაც, მოცემულ საგზაო პირობებში, მძღოლს გზის სავალ ნაწილზე მყოფი ქვეითის დანახვა შეეძლო დაახლოებით 130 მეტრი მანძილიდან. აღნიშნული მონაცემისა და ზემოაღწერილი კომპლექსური ავტოტექნიკური და ვიდეო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მან დაადგინა, რომ გზის მოცემულ უბანზე ნებადართული არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილი, მოცემულ საგზაო პირობებში შეადგენდა, დაახლოებით 56 მეტრს, რაც ნაკლებია მძღოლის განკარგულებაში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (ქვეითზე დაჯახების) თავიდან ასაცილებლად არსებულ მანძილზე (კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 109 მ.); შესაბამისად, მიღებულ მანძილთა შედარებით დადგინდა, რომ შექმნილ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „კიას“ მძღოლს, კ. შ-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.

13. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ გზის მოცემულ მონაკვეთზე ნებადართული იყო არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა; როგორც აღინიშნა, ექსპერტ ი. ჭ-ს განმარტებით, 98 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი „კია“ იმ მომენტში, როდესაც ქვეითად მოსიარულემ დაიწყო ხ-ს ქუჩის მიმართულებით სავალი ნაწილის გადაკვეთა, დაჯახების ადგილიდან დაცილებული იქნებოდა დაახლოებით 109 მეტრი მანძილით; საგამოძიებო ექსპერიმენტით კი დადგენილია, რომ ამ მანძილზე მძღოლს შეეძლო ქვეითად მოსიარულის დანახვა.

14. დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ექსპერტ ლ. ა-ს მითითებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, შემთხვევის ადგილზე აღდგა საგზაო შემთხვევის წინ საავტომობილო გზაზე არსებული სიტუაცია და განლაგდა ავტომანქანები და ქვეითი მაქსიმალურად მიახლოებული სიზუსტით. მძღოლ ნ. ზ-ს მიეცა მოძრაობის დაწყების წინადადება, რის შემდეგაც მძღოლმა დაიწყო მოძრაობა. მსვლელობისას, დაახლოებით 40 მეტრში შენიშნა სილუეტი, ორმაგ უწყვეტ ხაზზე მდგომი ქვეითი, ხოლო მოძრაობისას, 30 მეტრში აშკარად აღქმადი იყო ქვეითი. აღნიშნულის შემდეგ ქვეითი, ზ. მ-ი, განთავსდა ს-ს ქუჩიდან ხ-ს ქუჩის მიმართულების, გზის სავალი ნაწილის მესამე სამოძრაო ზოლის შუაში, რის შემდეგაც ავტომობილ „ოპელის“ მძღოლს - ნ. ზ-ს მიეცა წინადადება კვლავ დაბრუნებოდა საწყის მდგომარეობას „ლუკოილის“ მოპირდაპირედ და დაეწყო მოძრაობა, რა დროსაც მსვლელობისას, დაახლოებით 35 მეტრში შენიშნა ქვეითის სილუეტი, რომელიც განთავსებული იყო ზემოაღნიშნულ მესამე სამოძრაო ზოლის შუაში, ხოლო მსვლელობისას 25 მეტრში, აშკარად აღქმადი იყო ქვეითი.

15. ალტერნატიული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური და ვიდეოექსპერტიზის ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად: საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოცემულ საგზაო სიტუაციაში, მოძრაობაში საფრთხე შეიქმნა იმ მომენტისათვის, როცა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლმა გარკვევით დაინახა გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ქვეითად მოსიარულე; მოცემულ კონკრეტულ პირობებში, გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ქვეითად მოსიარულის გარკვევით დანახვა საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო 25-30 მეტრ მანძილში, ხოლო ქვეითად მოსიარულის სილუეტის დანახვა 35-40 მეტრ მანძილში; კონკრეტულ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილსა და ქვეითად მოსიარულეს შორის ურთიერთკონტაქტი მომხდარია ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე, სამუხრუჭე კვალის დასაწყისში; მოცემულ საგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „კიას“, სახელმწიფო ნომრით ... მძღოლს, კ. შ-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ქვეითზე დაჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება; შემთხვევაში მონაწილე ქვეითად მოსიარულის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებსა და ამავე კანონის 29-მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

16. წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ თავად დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაშივეა აღნიშნული, რომ საფრთხე შეიქმნა იმ მომენტისათვის, როცა შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლმა გარკვევით დაინახა გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ქვეითად მოსიარულე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოძრავი ქვეითის დანახვისთანავე კ. შ-მ საკმარისი პრევენციული ზომები შეჯახების თავიდან ასაცილებლად ვერ მიიღო, ვინაიდან იგი მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებულ დაცვის მხარის პრეტენზიებს, როგორც საქმეში წარმოდგენილი ოქმით იკვეთება მასში ერთ-ერთ მონაწილე პირს წარმოადგენს მათ შორის - კ. შ-ე, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულ დოკუმენტს. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს არ ახლავს მონაწილე პირის მიერ გამოთქმული რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება ან დამატება.

17. რაც შეეხება შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, ამ მხრივ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომელშიც მითითებულია, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეთა შესაძლებლობას, იცნობდნენ საქმეს და ყველა მტკიცებულებასთან მიმართებით ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ბელზიუკი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Belziuk v. Poland), N45/1997/829/1035, 25/03/1998, §37). სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული პრინციპი მოიცავს ორივე მხარისათვის მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას ისეთ პირობებში, რომ არც ერთ მათგანს არ მიენიჭოს აშკარა უპირატესობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დამბო ბიჰიერი ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), N14448/88, 27/10/1993, §33). განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ შეზღუდვია როგორც მტკიცებულებათა წარდგენის, ისე საქმესთან დაკავშირებულ ყოველ მნიშვნელოვან დეტალზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება და მისი პოზიციები აგრეთვე აისახა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. რაც შეეხება აშკარა უპირატესობის მინიჭებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებათა ანალიზით.

18. ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61). ამდენად, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43). განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა, მიუთითეს თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა უშუალოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამასთან საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020).

19. ამდენად, ვინაიდან, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებით საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი არ იკვეთება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი