Facebook Twitter

საქმე # 330100122005382719

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1209აპ-22 ქ. თბილისი

გ-ი გ. 1209აპ-22 6 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ივნისის განაჩენით:

1.1. გ. გ-ი, - დაბადებული … წლის … თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 21 დეკემბრიდან.

1.2. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ) საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· გ. გ-მ საზღვარგარეთ ყოფნისას, ს-ს ტერიტორიის გავლით, თ-ს რესპუბლიკაში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა და ბარგში შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 981,12 გრამი ,,კოკაინი“ (ფუძე), რაც 2021 წლის 21 დეკემბერს თ-ს საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა ს-ში.

· გ. გ-მ საზღვარგარეთ ყოფნისას, ს-ს ტერიტორიის გავლით, თ-ს რესპუბლიკაში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა და ბარგში შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 981,12 გრამი ,,კოკაინი“ (ფუძე), რაც 2021 წლის 21 დეკემბერს ამოიღეს გ. გ-გან ქ. თ-ში, შ. რ-ს სახელობის თ-ს საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ტ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და გ. გ-ს გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გ. გ-ს მსჯავრდება უკანონო, დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: მოწმეების - ი. მ-ს, თ. დ-ს, ნ. ხ-ს, მ. ა-ს, გ. ლ-ს, გ. ჯ-ს, ი. ტ-სა და სხვათა ჩვენებებიდან, მოხსენებითი ბარათიდან, მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების № ... ოქმიდან, ამოღების ოქმიდან, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №... დასკვნიდან და საქმეში არსებული სხვა სამხილებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმის სახით დაკითხული მ. ა-ს, ნ. გ-ს, ი. ტ-ს, გ. ლ-ს, ო. ქ-ს, ა. ჯ-ს, გ. ჯ-ს, თ. დ-ს, ნ. კ-ს, ნ. ხ-სა და ი. მ-ს ჩვენებები შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ასევე - სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მათი მხრიდან რაიმე პირადი დაინტერესება მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ, რაც აღნიშნული მოწმეების ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა და უტყუარად დგინდება, რომ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიმდინარეობდა, არ გამოვლენილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევა, რაც საეჭვოს გახდიდა საგამოძიებო მოქმედებების მართებულობას და გამოკვეთდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევებს. ამასთან, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ გ. გ-ს ჩანთიდან ამოღებული, 7 ცალად დაფასოებული ნივთიერებები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,კოკაინს“ (ფუძეს) და მისი საერთო წონაა - 981,12 გრამი.

9. უსაფუძვლოა ადვოკატ ზ. ტ-ს მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა, ჩანთა, საიდანაც ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება ,,კოკაინი“ (ფუძე), ეკუთვნოდა გ. გ-ს და ის გამოფრენამდე უფროსმა მისცა; ამდენად, არ იცის, რა იდო ჩანთის სარჩულში.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. პირიქით, გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ არის დადგენილი გ. გ-ს მიერ აღნიშნული ჩანთის კუთვნილება, კერძოდ: მოწმეების - ნ. ხ-სა (ვინაიდან გ. გ-ი მიჩნეულ იქნა საეჭვოდ, მის ბარგზე მოხდა შესაბამისი სტიკერის განთავსება. მას შემდეგ, რაც მან შენიშნა სტიკერი ბარგზე, აღელდა. მიუახლოვდა მას და ჰკითხა, ბარგი ჰქონდა თუ არა, რაზეც უპასუხა, რომ კი, ჯერ სიგარეტის მოსაწევად გავიდოდა და მერე აიღებდა მას. ვინაიდან აკრძალულია საბაჟო ზონის დატოვება ბარგის გარეშე, საეჭვოდ მიიჩნია მისი ამგვარი განმარტება და მოსთხოვა ბარგის წარდგენა. გ. გ-ს რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს. ხელბარგი ზურგჩანთის ფორმის იყო, ნარკოტიკული საშუალებები ბრალდებულს ჩაკერებულ კედლებში ჰქონდა მოთავსებული) და თ. დ-ს (გ. გ-ი მის მიერ განვლილი რეისის გამო მიჩნეულ იქნა საეჭვოდ, რის გამოც შეაჩერეს და შეუმოწმეს ბარგი) ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ დ-ა-თ-ს რეისზე არსებული ჩემოდანი, რომელსაც საბაჟო შემოწმების სტიკერი ეკრა, დიდხნიანი ფიქრისა და მებაჟე-ოფიცრის მითითების შემდეგ აიღო გ. გ-მა, რომელიც ჩანთის დანახვისას აღელდა. გ. გ-ს განმარტებით, მან თავდაპირველად ჩანთა ვერ დაინახა და მოფრენის დარბაზის დატოვებას ცდილობდა, თუმცა მებაჟის მითითების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მისი განმარტებით აღნიშნული ჩანთა ს-ში უნდა აეღო, რატომღაც თ-ს აეროპორტში აიღო. ასევე ნეიტრალურმა მოწმეებმა - მ. ა-მა და ნ. გ-მ დაადასტურეს, რომ მსჯავრდებულის მიმართ ჩატარებული მოქმედებები მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი იძულებისა და ზეწოლის გარეშე მიმდინარეობდა, რაიმე სახის საპროცესო ნორმების დარღვევაზე არც დაცვის მხარეს გაუკეთებია განმარტება.

11. გარდა ზემოაღნიშნულისა, ადვოკატი ზ. ტ-ე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გ. გ-ს მსჯავრდებასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარში აგრეთვე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ჩანთის დათვალიერება და დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული საშუალების ამოღება მოხდა კანონდარღვევით, ვინაიდან აღნიშნულ პროცედურას არ ესწრებოდა თარჯიმანი, ასევე თითქოსდა, მსჯავრდებულის მიერ ამოღების ოქმზე შენიშვნაში არსებული მინაწერი - ,,ამოღებული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გ. გ-მა შეიძინა ბ-ი 7000 დოლარად და ს-ს გავლით მიჰქონდა თ-ი, პირადი მოხმარებისთვის“, წარმოადგენდა უკანონო დაპირების შედეგს (მსჯავრდებულის განმარტებით, აეროპორტში მას წარმოშობით ა-ი პოლიციელი დაელაპარაკა, რომელმაც უთხრა, რომ მისი ჩანთიდან, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და აღიარების შემთხვევაში პროკურორი მის მიმართ გაავრცელებდა შეღავათს).

12. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გ. გ-ს მსჯავრდებასთან დაკავშირებით, მისი უარყოფის მიზნით, კასატორის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. 2021 წლის 21 დეკემბრის მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების №... ოქმის თანახმად, 00:40 საათიდან 01:15 საათამდე დროის ინტერვალში მებაჟე-ოფიცრებმა - თ. დ-მა, ნ. ხ-მა და ცვლის უფროსმა - ი. მ-მ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ თ-ს აეროპორტში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, დაათვალიერეს მგზავრის - გ. გ-ს ბარგი და ხელბარგი, რა დროსაც ბარგში აღმოჩნდა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, 2,2კგ ,,კოკაინი“. დათვალიერების შემდგომ ნივთიერი მტკიცებულებები დაილუქა №G4376890/91/92/93/94 ლუქით.

14. სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმეებმა, მებაჟე-ოფიცრებმა - თ. დ-მა, ნ. ხ-მა და ცვლის უფროსმა - ი. მ-მ მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედების კანონიერება დაადასტურეს, რომელთა ჩვენების სარწმუნოობა არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.

15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თარჯიმანმა - მ. ა-მა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ იგი გ. გ-ს მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების მიმდინარეობას მისთვის გასაგებ თურქულ ენაზე დეტალურად უთარგმნიდა და აღნიშნული მოქმედების ოქმის მართებულობა მან დაადასტურა ხელმოწერით.

16. 2021 წლის 21 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა გ. ლ-მა თ-ს საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში (საბაჟო განყოფილებაში), 06:30 საათიდან 06:50 საათამდე პერიოდში, ი. მ-გან, მისივე თანხმობით, გ. გ-სა და თარჯიმან ნ. გ-ს მონაწილეობით, ამოიღო 1) ნარკოტიკული საშუალება ერთ ფუთად; 2) გ. გ-ს დოკუმენტაცია ერთ ფუთად; 3) სამი კოლოფი ჩილიმის არომატიზატორი და ათი პაკეტი თამბაქო; 4) 5 პირადი ნივთები; 5) ორი პირადი ჩანთა. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით გათვალისწინებული წესით, რასაც დაესვა თარიღი და რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები. ოქმი დადასტურებულია მონაწილე პირთა, მათ შორის - გ. გ-ს ხელმოწერით. ოქმზე არსებული გ. გ-ს შენიშვნის თანახმად, ამოღებული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მან შეიძინა ბ-ი 7000 დოლარად და ს-ს გავლით მიჰქონდა თ-ში, პირადი მოხმარებისთვის. გამომძიებელმა გ. ლ-მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე. გამომძიებლის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, კანონმდებლობის სრული დაცვით. თარჯიმანმა ნ. გ-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ მან ბრალდებულ გ. გ-ს მისთვის გასაგებ თურქულ ენაზე დეტალურად უთარგმნა ამოღების, პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, ასევე საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ი. მ-ნ, მისივე თანხმობით, გ. გ-სა და თარჯიმან ნ. გ-ს მონაწილეობით, ჩატარებული ამოღების კანონიერება შეამოწმა სასამართლომ და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ცნობილია კანონიერად. საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი გამომძიებლების, მათში მონაწილე მოწმეთა ჩვენებებითა და ამოღების ოქმით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია და ოქმები შედგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, მისი ჩატარებისას და საპროცესო გაფორმებისას არ ყოფილა დაშვებული კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევები. საქმის მასალების თანახმად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სანდოობაში ეჭვის შეტანისა და მათი არგაზიარების რაიმე საფუძველი არ დასტურდება. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს აზრით, განპირობებულია მისი მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ.

17. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენასა და საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ,,ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no 35394/97, 34; ,,ბუკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no.4378/02, 95).

18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას; ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ს-ი უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი